მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილი სკამზე ხელფეხშეკრული ნახეს – დანაშაული მევახშეობას უკავშირდება?

მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილი სკამზე ხელფეხშეკრული ნახეს - დანაშაული მევახშეობას უკავშირდება?კონკრეტულად რა გახდა მარტოხელა მოხუცის დაყაჩაღების მიზეზი, მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილის ოჯახისთვის გაუგებარია. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა.

ცხედარს, რომელიც პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში სკამზე ხელფეხშეკრული ნახა, ძალადობის კვალი მთელს სხეულზე აღენიშნებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ არბოშიკში სასტიკი მკვლელობა გარდაცვლილის საქმიანობას უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, თამარ სეფიაშვილი მევახშეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დამნაშავეებს მის სახლში დიდი თანხა ეგულებოდათ.

მეზობლებმა გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე 61 წლის ქალი კონკრეტულ საკითხზე ნერვიულობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თამარ სეფიაშვილს, ერთ-ერთ მოქალაქეზე, რომლის ვინაობასაც ვერ აკონკრეტებენ, თანხა ჰქონდა გასესხებული და შეთანხმებული პირობების მიხედვით, დაბრუნების ვადა სწორედ იმ დღეს იწურებოდა.

აღნიშნულ გარემოებებს ამჟამად გამოძიება სწავლობს. მეორე დღეა კახეთის პოლიცია კითხავს ყველას, ვისაც შესაძლოა მკვლელობის სავარაუდო მოტივზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა იმ მეზობლის დაკითხვაც, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარზე არსებული ყველა მძიმე დაზიანება სპეციალისტებმა ექსპერტიზის დროს შეისწავლეს. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2