ნაციონალები “ოცნების” კანონპროექტს პროპორციული არჩევნების შესახებ მხარს დაუჭერენ

ნაციონალები "ოცნების" კანონპროექტს პროპორციული არჩევნების შესახებ მხარს დაუჭერენ“უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირების საშუალებას და ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განუცხადა. გოცირიძის თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ იგივე განმეორდეს, როდესაც “მაჟორიტარების ხელოვნური ბუნტი მოახდინეს”.

“უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების საშუალებას. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რათა არ განმეორდეს ის, როდესაც ვითომ მაჟორიტარების ხელოვნური ბუნტი მოახდინეს. არადა მაჟორიტარებს არავინ არაფერს ეკითხება. ამიტომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი რომ არ შეაყარონ, ჩვენ ვეუბნებით უმრავლესობას: კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არის, მათ შორის ოპოზიციის დახმარებით.

ამავდროულად, გვექნება მცდელობა, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის უკეთესი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.