ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობისთვის ბექა კვიციანს ბრალი წაუყენეს – ”მან ხელი არ მოაწერა ბრალდებას”

ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობისთვის ბექა კვიციანს ბრალი წაუყენეს - ”მან ხელი არ მოაწერა ბრალდებას”თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის, ნოდარ ცეცხლაძის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა, ბრალის დადგენილებას ხელი ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოაწერა და დოკუმენტი მან ჩაიბარა.

„არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს რაიმე დანაშაულის არსებობაზე. მასთან კომუნიკაცია ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მან ხელი არ მოაწერა ბრალდებას და მე ჩავიბარე ფაქტობრივად. ბრალდების მხარის არგუმენტაცია ბუნებრივია, რომ ტენდენციური იქნება, ოპონენტი მხარეა და არაა გასაკვირი,” – განაცხადა მანელიძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზის შუამდგომლობის განხილვის ვადა არის 72 საათი.

„ველოდები შესატყვის და ადეკვატურ პასუხს. ჩემი დაცვის ტაქტიკაც უპირველეს ყოვლისა იმ მდგომარეობას დაეფუძნება, რაც ამ წუთში იკვეთება ჯანმთელობის კუთხით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. როგორც ოჯახის წევრებისგან და უახლოესი წრისგანაა ცნობილი, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა მანამდეც“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი ორი დღის წინ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.