”დიპლომატებმა თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა” – ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა 

”დიპლომატებმა თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა” - ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ დიპლომატებმმა შექმნილი ვითარება შეაფასეს და განაცხადეს, რომ დიალოგი არის აუცილებელი.
“ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ხელისუფლება სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან უნდა დაჯდეს და დაიწყოს დიალოგი. ხელისუფლება ტყუილს ამბობს,  არ ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას. მას შეუძლია, რომ გერმანული მოდელი მიიღოს, თუმცა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გერმანული მოდელი რომ მივიღო, წავაგებთო.

მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს ყველა უნდა დადგეს საქართველოში არა რომელიმე პარტიის, არა რომელიმე ლიდერის გვერდით, არამედ იმისათვის, რომ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი და დიპლომატებმა ეს იციან ძალიან კარგად.
დიახ, ჩვენ დიპლომატებს ვუთხარით, რომ თუ ასე გაგრძელდა თუ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველას იგნორირება, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო თანამეგობრობის, ოპოზიციის მაშინ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს.

ქვეყანაში, სადაც ადამიანების 2/3 ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, 5 მილიარდის პატრონი არჩევნებს ყოველთვის გააყალბებს, თუ არ იქნა ნორმალური სისტემა.

დიპლომატები ეთანხმებიან იმას, რომ დიალოგი აუცილებელია, დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი უნდობლობა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის. ასევე დიპკორპუსის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენეთ აქციაზე დაკავებებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.