”პირობის შეუსრულებლობა ძალიან მტკივნეულია” – რატომ დატოვა ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობა

”პირობის შეუსრულებლობა ძალიან მტკივნეულია” - რატომ დატოვა ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობანათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უმრავლესობიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობს.
– ბატონო ზაზა, თქვენ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეთ. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მოულოდნელი იყო?
– აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთოდ კითხვის ნიშანი თუ იქნებოდა, სამშაბათის სხდომაზე გავიგე, როდესაც პირველად გადაიდო კენჭისყრა. რა გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. ჩემთვის პირობის შეუსრულებლობა ძალიან მტკივნეული თემაა.
– რა მოხდა, როგორ ფიქრობთ?
– ვერაფერს გეტყვით, რეალური ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, მთავარი სხვა რაღაცაა, როდესაც ჩვენ გუნდური გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაშინ გუნდურ გადაწყვეტილებას დაემორჩილა.
– “ქართული ოცნება” კონსერვატორებმაც დატოვეს. პროცესი კიდევ გაგრძელდება?
– როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები პირველ-მეორე დღეს მიიღება ხოლმე, მერე უკვე არ მგონია. ორი დღე საკმარისი იყო ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ამიტომ არ მგონია, კიდევ გაგრძელდეს.
– “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ინარჩუნებს, თუმცა საუბარია პოლიტიკურ კრიზისზე ხელისუფლების წიაღში. შეიძლება ბიუჯეტი ჩავარდეს და ეს გახდეს ვადამდელი არჩევნების საფუძველი. როგორი განწყობაა, ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ?
– მე ჩემს პრინციპს ყველა შემთხვევაში შევინარჩუნებ. რადგან ბიუჯეტს მხარს ვუჭერდი, აუცილებლად დავუჭერ. თუ თვითონ არ დაუჭერენ და ბიუჯეტის პროექტსაც ჩააგდებენ, როგორც საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მაშინ დღის წესრიგში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი უნდა დადგეს, თვითონ საპარლამენტო ცხოვრებაში ამის რეალური მოტივაცია ნამდვილად არ არსებობს. ამიტომ, რა მოხდება, არ ვიცი.
– მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა დატოვეთ, ბიუჯეტს მხარს დაუჭერთ?
– დიახ, დავუჭერ. რადგან უკვე უმრავლესობიდან გავედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ოპოზიცია აკეთებს, ის გავაკეთო. მე ჩემი პრინციპები მაქვს. მე თავის დროზე ვთქვი, რომ ბიუჯეტს მხარს დავუჭერდი. თუ არ დავუჭერ, მაშინ მეც იგივე გამოვდივარ, პირობის დამრღვევი.
– პარტია “ქართულ ოცნებასაც” ტოვებთ?
– პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ და, შესაბამისად, ვერც დავტოვებ.
– ბატონო ზაზა, იმედგაცრუებული ხართ?
– ბუნებრივია. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, გავაცანით საზოგადოებას და რა მოხდა?! პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კანონპროექტის ავტორმა, მოუწოდა, მიგვეღო კანონპროექტი, მაგრამ რა გამოვიდა – ვინც დანაპირები შევასრულეთ, ისინი უმრავლესობიდან გამოვედით და დანარჩენები ინარჩუნებენ მყარ უმრავლესობას.
– ჰოდა ლოგიკა ხომ ასეთია, რომ სწორედ მათ უნდა დაეტოვებინათ უმრავლესობა და არა თქვენ?
– თავისუფალ კენჭისყრაზე დადგა საკითხი და დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო. იქამდე მსგავსი არაფერი მსმენია, რომ კანონპროექტი შეიძლება ვერ გასულიყო. უფრო ლოგიკური ხომ იქნებოდა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საყოველთაო განხილვებში ჩართულიყვნენ, ეთქვათ ღიად ხალხისთვის მათი პოზიციის შესახებ და ხალხი გადაერწმუნებინათ, ხომ უფრო მყარი არგუმენტი ექნებოდა.
არ ჩაბმულან ამ განხილვებში, გესმით?! აბა, რისთვის არის ეს განხილვები?!
სიმართლე გითხრათ, მე სულაც არ მჯერა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხის შეკვეთაა, ეს არის პოლიტიკური კონსენსუსი. რეალურად საზოგადოება შერეული მოდელის მომხრეა. შეიძლება სადღაც მაჟორიტარებზე იმედგაცრუებულია ხალხი, მაგრამ როდესაც ადამიანები პირადად ხვდებიან დეპუტატებს, ჩემთან დეპუტატის ბიუროში როდესაც მოდიან ადამიანები, შეიძლება ბევრი პრობლემა ვერც გადაუწყვიტო, მაგრამ როდესაც მათ ველაპარაკები, თავიანთ პრობლემებს მიზიარებენ, მაინც კმაყოფილები არიან. პირადი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.
– ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე რას გვეტყვით? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– მოუწოდა ამ მაჟორიტარებს, უნდა შევასრულოთ ის პირობა, რაც დავდეთო, დეპუტატები კი საგნობრივ განხილვაში შევიდნენ, ამის დრო კი არ იყო, რადგან ბიუროს სხდომა იყო პარლამენტში ჩანიშნული. ასეთი საგნობრივი განხილვა მაშინ უნდა გამართულიყო, როდესაც პირობა დავდეთ და ხელი მოვაწერეთ.
– შემოთავაზების შემთხვევაში, უმრავლესობაში დაბრუნდებით?
– არა, არ დავბრუნდები.
– საუბარია მოლაპარაკებაზე.
– პირადი ურთიერთობების გაფუჭებას არ ვაპირებ, გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებებიც იქნება, მაგრამ იმაზე, რომ უკან დავბრუნდე, არა, გამორიცხულია. მე ჩემი პრინციპები მაქვს.
– პოლიტიკაში რჩებით?
– ამ მოვლენების ფონზე ალბათ კიდევ ერთხელ დავფიქრდები. ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკას ხალხი სათავისოდ იყენებს, მე კი ჩემ საწინააღმდეგოდ მივეცი ხმა.
ვნახოთ, პოლიტიკა ძალიან სტრესული საქმეა. ძალიან დიდი დაძაბულობა და დიდი პასუხისმგებლობაა. თუკი შენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა ადამიანურად გაწუხებს, ეს დაძაბულობა და პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება.