პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო

საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზემეტიპირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი