რომან გოცირიძე – “ივანიშვილმა აღიარა თავისი მმართველობის კრახი”

რომან გოცირიძე - “ივანიშვილმა აღიარა თავისი მმართველობის კრახი”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რომან, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს? მთავარი აქცენტი ნაციონალურ მოძრაობაზე იყო გაკეთებული.
– ეს იყო შეშინებული ადამიანის ინტერვიუ. მან ფაქტიურად აღიარა თავისი მმართველობის კრახი, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეკონომიკური წარუმატებლობა ოპოზიციას დააბრალა. თურმე, ოპოზიცია არ აძლევს ხელისუფლებას არგუმენტირებულ რჩევებს, არ გვასწავლის, რა უნდა ვაკეთოთო!
ერთი მხრივ, უცნაური აღიარებებიც იყო. არაპროფესიონალიზმზე ისაუბრა. როგორ შეიძლება პროფესიონალები იყვნენ, როდესაც მთელი მისი გუნდი ბანკი “ქართუს” კადრებისგან შედგება. ყველა პოსტზე, პარლამენტში თუ მთავრობაში, ბანკ “ქართუში” დაფრთიანებული არაპროფესიონალები არიან, ისინი მართავენ. ამიტომ, მართალი შენიშვნა იყო.
ასევე იყო საკითხები, რომლებიც აუცილებლად იუმორისტულ შოუებში გადაინაცვლებს. მაგალითად, “ენდიაის” და “აირაის” რომ უნდა უჩივლოს კონგრესში ან სენატში.
– ეს ძალიან სერიოზული საკითხი იყო. ის უნდობლობას უცხადებს ამ ორგანიზაციებს.
– ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, თქვენს გაზეთს მე პარლამენტში რომ ვუჩივლო. კერძო, დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელსაც გაკრიტიკებული ვყავარ და სწორედ ამიტომ უნდა ვუჩივლო. თანაც, ამას ისეთი აჟიტირებით ამბობდა, რომ ეს მისი წერილი კონგრესში თითქოსდა მოვლენა გახდებოდა.
უკვე ჭარბ ნდობაზე ქვეყნის შიგნით აღარ საუბრობს, მაგრამ შეიძლება ფიქრობს, რომ ახლა ეს ჭარბი ნდობა აქვს ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ამერიკის კონგრესში ან სენატში.
ასეთი კომიკური პასაჟები ნამდვილად იყო. ამის დარი პასაჟი იყო ასევე, ჩვილი ბავშვი დედამ რომ უნდა აღზარდოს. ადრე, ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ბავშვი დედასთან 60 წლამდე უნდა იზრდებოდეს, ხალხმა მაშინ კარგად ვერ გაიგო 3-4 წლამდე თუ 60 წლამდე, რა ასაკის ბავშვებზე იყო საუბარი, ახლა უკვე გაირკვა, რომ საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე.
დამაფიქრებელი ინტერვიუ იყო. ბოლო მოტყუების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა, პროპორციულ არჩევნებზე როდესაც საუბრობდა.
– თქვა, პირობა არავისთვის მიგვიციაო. ელოდით, რომ მართლაც არ შესრულდებოდა ეს დაპირება და ჩავარდებოდა?
– ჩვენი მხრიდან ეს იყო ცალმხრივი დაპირება, არავისთან ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია ანუ მოსატყუებლად ვთქვიო, წამოსცდა. არადა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დასავლელ პარტნიორებს, ჩამოსულ დელეგაციებს ამ ცვლილებაზე ეუბნებოდნენ. ნაყიდი ხმებით დასმულ პრეზიდენტს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ათქმევინა, რომ უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ.
– ამ ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ მობრუნდება. რას უპასუხებთ?
– ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობა 70-ჯერ ახსენა. ახლა არ დაგვითვლია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ნაკლებჯერ არ უხსენებია. ამ ინტერვიუებს შორის “ედისონ რისერჩის” სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და ნაციონალური მოძრაობა პარტიებს შორის პირველ ადგილზეა კეთილგანწყობის რეიტინგში.
ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს, არც იქნება რეალისტური იმაზე გათვლა, რომ მომავალ არჩევნებში გავიმარჯვოთ ისე, რომ მთლიანად ჩვენ დავაკომპლექტოთ მთავრობა. ნაციონალური მოძრაობა დიდ კოალიციაში იქნება.
– ეს არის თქვენი პასუხი მობრუნებაზე?
– დიახ! საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება კოალიციურ რეჟიმში მოხდება. სწორედ ეს კოალიცია იქნება ის, რომელიც არჩევნებში ქვეყანას გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” მოაცილებს.
– პარლამენტთან ოპოზიციას უკვე რკინის კედლები დაგხვდათ. რას აპირებთ, ტაქტიკას ხომ არ ცვლით?
– არ არის ეს რკინის კედლები, ეს არის შიშის კედლები! ბიძინა ივანიშვილის შიშები მატერიალიზდა და მან ფიზიკური ფორმა შეიძინა. ადამიანმა პარლამენტი შემოღობა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვმდგარიყავით ცოცხალ კედელში, ფოლადის კედელი თავად აღმართა და იქ ჩასვა პარლამენტი.
– როგორ წარმოგიდგენიათ გაგრძელება?
– მუდმივი პროტესტის ქვეშ. ყოველი შეკრება პარლამენტში თუ მთავრობის კანცელარიაში მუდმივი პროტესტის ქვეშ იქნება. პროტესტი იქნება პარლამენტის შიგნითაც. უკვე იყო ასეთი პროტესტი პარლამენტის ეზოში, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა მელია და “ოცნების” დეპუტატი, რომელმაც ბავშვობის მეგობარი გასწირა ღილაკზე თითის მიჭერით.
– ვის გულისხმობთ?
– ბექა ოდიშარიას, რომელიც ნიკა მელიას ბავშვობის მეგობარი იყო. პროტესტის სიამოვნებას არსად არ მოვაკლებთ. მიუხედავად ჩვენი ბოიკოტისა, სხდომათა დარბაზშიც შევალთ და იქაც გავაპროტესტებთ.
მხილების პროცესი გაგრძელდება ყველა დონეზე. პროცესი რეგიონებშიც გადაინაცვლებს.