„რუსთავი 2“ ახალ უპრეცედენტო მეგაშოუს იწყებს. თუკი 16 წელი შეგისრულდათ და ასრულებთ ან ქართულ ან უცხოურ სიმღერას კარგად, ან ორივეს შესრულებაც არ გამოგდით ურიგოდ და თქვენი ნიჭის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე გსურთ, ახალი მუსიკალური პროექტი სწორედ თქვენთვისაა.
8 ნოემბრიდან მუსიკალური შოუსთვის შესარჩევი ეტაპები იწყება თბილისში, 9 ნოემბერს ბათუმში გადაინაცვლებენ, ხოლო 10 ნოემბერს ქუთაისში მისულ მონაწილეებს მოუსმენენ.
თუკი მონაწილეობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდს ესტუმროთ და პირად შეტყობინებაში მისწეროთ ორგანიზატორებს თქვენ შესახებ ინფორმაცია და ასევე სიმღერის ვიდეო, თუკი ასეთი გაგაჩნიათ.
პირველი სერია ეთერში 16 დეკემბერს გავა, ლაივ-კონცერტი კი – 6 იანვარს.
მეგაშოუს წამყვანები უცვლელი დუეტი, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი იქნებიან. მათთან ინტერვიუ fortuna.ge-მ „რუსთავი 2“-ში ჩაწერა.
თიკა:
მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ელოდებოდა, რომ მე და აჩიკოს ერთად წაგვეყვანა პროექტი და ეს დღეც დადგა. მინდა გამოვხატო აჩიკოსადმი დიდი სიყვარული, რადგან უამრავი წელია, დუეტი ვართ. გვიხარია ყველაფერი ახალი. ველოდებით ბევრ საინტერესო ამბავსა და ადამიანს, აღმოჩენას.
აჩიკო:
მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი მიმყავს თიკასთან ერთად. გარდა მრავალწლიანი მეგობრობისა, თიკასთან მაქვს პროფესიული დამოკიდებულება, მასთან მშვიდად ვარ და ეს პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც იქნა, დადგა ის დღე, როცა მე და თინა გავუძღვებით მნიშვნელოვან პროექტს, სახელწოდებით „დიდი სცენა“. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენაზე, იმედია, დიდებულად დავდგებით.
თიკა:
პროექტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იქნება. ამაზე დიდი სცენა არ გვაქვს ჯერჯერობით. პირველად ფილარმონიის სცენაზე 6 წლის ასაკში დავდექი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი მოვლენა. ასეთი მოვლენაა ბევრისთვის, ვინც თავის კარიერას იწყებს. ეს პროგრამა მინიმუმია და შემდეგ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის მაყურებელთან ერთად.
ვის შეუძლია მონაწილეობა ახალ პროექტში?
აჩიკო:
16 წლიდან ზევით მუსიკალური მონაცემების მქონე ნებისმიერ მსურველს, ვისაც მიაჩნია, რომ კარგად მღერის ქართულად თუ უცხოურ ენაზე. არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.
პირველი კასტინგი 8 ნოემბერს თბილისში იქნება, 9-ში ბათუმში, 10-ში ქუთაისში.
ფორტუნა