სანდრო ბრეგაძე – “პეტრესა და იაკობის ბრძოლის შედეგად შორენა თეთრუაშვილი ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი გახდა”

სანდრო ბრეგაძე - “პეტრესა და იაკობის ბრძოლის შედეგად შორენა თეთრუაშვილი ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი გახდა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ეკლესიის ირგვლივ განვითარებული პროცესები ბოლო დღეებია აქტუალურობას არ კარგავს. საზოგადოებამ არაერთი სკანდალური განცხადება მოისმინა. “ახალ თაობას” საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება, რომელიც არაერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
– პრემიერ-მინისტრი გახარია მივიდა პატრიარქთან შესახვედრად და ძალიან მალე დატოვა საპატრიარქო. გამოვიდა ინფორმაცია, რომ ის პატრიარქმა არ მიიღო.
– საქართველოს უახლოეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილის და 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის გადატრიალების შემდეგ, საქართველოს ალბათ ყველაზე მძიმე ჟამი უდგას. პირველად, ღიად გამოჩნდა ის დიდი შეტევა და გამოჩნდა ის დიდი განხეთქილება, რომელიც არსებობს ჩვენი ეკლესიის ირგვლივ.
ამ ყველაფერს მართავს უხილავი ხელი. რომლის მიზანია ქართული მართმადიდებლური ეკლესიის დანგრევა და პირველ რიგში დანაწევრება. ამ გეგმის მთავარი შემადგენელი არის ის, რომ საქართველოში გამოჩნდეს რამდენიმე ეკლესია. ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც იქნებიან სხვადასხვა პატრიარქს დაქვემდებარებულები.
– ერთიანი ეკლესია რომ დაიყოს?
– რა თქმა უნდა. დაახლოებით იგივენაირად, როგორც ეს თავის დროზე უკრაინაში მოხდა. უკრაინის ეკლესია სამ ნაწილად გაიყო. ანალოგიური პრობლემებია საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც.
– ვინ ურევს სიტუაციას? მეუფე პეტრე გადააყენეს, მეუფე იაკობი კი გააფრთხილეს და აპატიეს. რატომ არ დაიწყო მის განცხადებებზე გამოძიება?
– უმძიმეს ცოდვაში ადანაშაულებენ სასულიერო პირები ერთმანეთს და ათას სიბინძურეს და სიბილწეს უკეთებენ ტირაჟირებას. ეს ყველაფერი არის იმ ხელისუფლებების ბრალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას მართავდნენ. ეს უხილავი ხელი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც როგორც მარიონეტებს, ისე მართავს ადამიანებს და თავიდან ბოლომდე მართავს სიტუაციას. მისი მიზანი არის მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევა.
– ბევრი ამ იდუმალ ხელში რუსულ კვალს ხედავს.
– ამ სიტუაციას თავის ხელს არ აკლებს არც რუსეთი და არც ამერიკა. არავის აწყობს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყოს ძლიერი. მათ მშვენივრად იციან, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ მართლმადიდებლობაა ის ქვაკუთხედი, რომელზეც შენდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა.
– მართლა უნდოდათ გახარიას, კვირიკაშვილს და გომელაურს პატრირქის გადაყენება?
– მე არ მგონია, რომ გახარია და განსაკუთრებით გომელაური ყოფილიყვნენ ამ საკითხებში ჩართული. მე ვიცი მათი დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. თუმცა ამ კითხვაზე პირველ რიგში მათ უნდა გასცენ პასუხი. ხოლო რაც შეეხება კვირიკაშვილს და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც იქ იყვნენ ნახსენები, არ გამოვრიცხავ, რომ ეს განზრახვა ჰქონოდათ.
მე მითხრეს თავის დროზე, რომ ვანო ჩხარტიშვილი იყო ჩაბმული პატრიარქის გადაყენების პროცესში. საკმაოდ დიდი ხნით ადრე მქონდა ეს ინფორმაცია. მას თავის კანდიდატი ჰყავს და მოგვიანებით ამასაც ვიტყვი.
– ყველგან ჩხარტიშვილის გვარი რატომ ფიგურირებს?
– იმიტომ, რომ ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში არის ფაქტობრივად მეორე კაცი. ის პრემიერზე, შს მინისტრზე და თავდაცვის მინისტრზე მეტ გავლენას ფლობს.
– ეს გავლენები მას ივანიშვილმა მისცა. გამოდის, რომ ივანიშვილი ებრძვის პატრიარქს მისი ხელით?
– მე ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ივანიშვილმა მისცა ეს გავლენები. უფრო ასე ვიტყოდი, რომ ჩხარტიშვილმა შეუსრულა ყველას.
მან ეს მოახერხა ძალიან კარგად შევარდნაძის ხელისუფლების დროს, როდესაც ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ფულიანი მინისტრი იყო. მაშინ მე პარლამენტის დეპუტატი ვიყავი. მან შეუსრულა თავის დროზე სააკაშვილსაც, როდესაც სააკაშვილის კარზე წლების განმავლობაში ის იყო ყველაზე მიღებული პიროვნება, ყველაზე მიღებული ბიზნესმენი.
მან შეუსრულა ბადრი პატარკაციშვილს. ჩვენ კარგად გვახსოვს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავა 400 მილიონ დოლარზე, რომელიც დააბრუნებინეს ლონდონის სასამართლოს მეშვეობით ბატონ ჩხარტიშვილს. არ გაგვიკვირდეს, რომ მან შეუსრულოს ბიძინა ივანიშვილსაც.
– განუდგება ივანიშვილსაც?
– მას აქვს იმდენი გამოცდილება და იმდენი ჭკუა, რომ გავლენები მოიპოვოს ყველა მმართველის კარზე, რომელიც საქართველოს მართავს. არ გაგიკვირდეთ, რომ ცოტა ხანში ვანო ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ადგილის დაკავებაც მოინდომოს, არ გამოვრიცხავ, მოინდომოს, თავად გახდეს ამ ქვეყნის მმართველი. მას აქვს ამის ამბიციები, აქვს ამის ფინანსები და მომხრეებიც ჰყავს. საკუთარი კლანი ჰყავს.
– იატაკქვეშა დინებებია, თუ ზედაპირზე ამოვიდა ეს ყველაფერი?
– ზედაპირზეა, აბა სად არის. ვანო ჩხარტიშვილი უკვე მინისტრებს ნიშნავს. ეკონომიკურ ბლოკში მთლიანად მისი მინისტრები არიან. ყველგან მისი ხელქვეითები არიან წამყვან პოზიციებზე.
ასევე აქტიურ მონაწილეობს იღებს რეგიონალური მმართველების დანიშვნის პროცესში. ბიზნეს გადანაწილებებს სწორედ ჩხარტიშვილი ახდენს ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არანაირად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ პროცესში, რასაც პატრიარქის გადაყენება ჰქვია, მას მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული. ყველას მინდა მივმართო – ჩვენ ნამდვილად არ გვყავს არც ვანო ჩხარტიშვილის და არც გიორგი კვირიკაშვილის გადასაყენებელი პატრიარქი!
– რამდენად დააზარალა ამ პროცესებმა ეკლესია და რას მივიღებთ?
– ძალიან დააზარალა და ეს იყო სწორედ იმ უხილავი ხელის მიზანი, რომ ეკლესია დაეზარალებინა. ასეთი დარტყმა ეკლესიისთვს დიდი ხანია, არავის მიუყენებია. მეორედ მოსვლის ჟამია.
– ერთ მხარეს მეუფე იაკობი, მეორე მხარეს მეუფე პეტრე. ითქვა, რომ ორივე მართულია და მათ მიზანმიმართულად გააკეთებინეს ეს განცხადებები. ვინ არიან ის ძალები, ვინც მათ მართავენ?
– ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მეუფე იაკობზე, როდესაც ვსაუბრობთ პეტრე ცაავაზე, რა თქმა უნდა, მათ აქვთ დიდი როლი ამ ყველაფერში, მაგრამ მთავარი წარმმართველი ამ პროცესებისა და ამ ყველაფრისა არის შორენა თეთრუაშვილი, რომელიც ჩაბუდებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში.
პეტრესა და იაკობის ბრძოლით ყველაზე მოგებული დარჩნენ შორენა თეთრუაშვილი და ანდრია ჯაღმაიძე. სწორედ ეს ადამიანები არიან ქართველი ეკლესიის მნგრეველები.
ვერც იაკობი, ვერც პეტრე და ვერც სხვა ვერ დაუშავებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას იმის 1%-საც კი, რასაც წლების განმავლობაში უშავებდა და უშავებს თავის დროზე საბჭოთა სუკის მიერ ჩანერგილი შორენა თეთრუაშვილი და ახლა კიდევ სხვადასხვა სპეცსამსახურების მიერ იქ ხელდასმული ანდრია ჯაღმაიძე.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, თუ ვინ არის ანდრია ჯაღმაიძე.
– ვინ არის?
– ანდრია ჯაღმაიძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი! თქვენ შეგიძლიათ მის ბიოგრაფიას გადაავლოთ თვალი. ეს არის ე.წ. ძველი ბიჭი, რომელიც ჩვეულებრივი კრიმინალი იყო. ეს ადამიანი დღეს საქართველოს ეკლესიაში შეგზავნილია იმისთვის, რომ ამ კრიმინალურ-ძველბიჭური კუთხით მართოს სიტუაცია. ქურდულად და ძველბიჭურად მართავს საპატრიარქოში სიტუაციას.
წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენები აქვს ანდრია ჯაღმაიძეს, რომ ერთ-ერთი მეუფის ოჯახის წევრის დასაფლავებაზე, პირდაპირ მრევლის და ხალხის წინ, მიეჭრა პეტრეს და ისეთი სიტყვები უძახა და ისეთი ძველბიჭური გარჩევა მოუწყო, რომ, როგორც იქ მყოფებმა მითხრეს, ნებისმიერ “რამკიან ქურდს” შეშურდებოდა.
– მიზანი ყველას ერთი აქვს, რომ გადააყენონ პატრიარქი?
– რა თქმა უნდა. ძალიან საშიშია, როდესაც შორენა თეთრუაშვილის და ანდრია ჯაღმაიძის ხელშია ჩვენი პატრიარქი. შორენა თეთრუაშვილი არის უზნეო ადამიანი. მე მთავრობის ყოფილი წევრი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს უამრავი მასალა აქვთ მისი ძალიან ცუდი ქმედებების შესახებ. ასევე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კრიმინალია ანდრია ჯაღმაიძე.
პეტრე განკვეთილია ფაქტიურად, იაკობს ჩამოართვეს ქორეპისკოპოსობა და ამის შემდგომ მისი გავლენა ეკლესიაში ნულს უტოლდება. ამის შემდეგ ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი გახდა შორენა თეთრუაშვილი!
– ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებთ. ამ განცხადებებისთვის შეუძლიათ გიჩივლონ.
– მიჩივლონ. მე დიდი სიამოვნებით მივიღებ მათ საჩივარს, იმ სასამართლოზე დავუმტკიცებ ყველფერს. შორენა თეთრუაშვილი რომ საბჭოთა უშიშროების მიერ არის ჩანერგილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მიჩივლოს შორენა თეთრუაშვილმა ამაზე! ის ამას ვერ გაბედავს.
პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას აქვს შორენა თეთრუაშვილზე ეს ყველაფერი ნათქვამი და მინდა, ეს მთელმა ქვეყანამ გაიგოს.
– რა აქვს ნათქვამი?
– ეს იყო 1991 წლის დეკემბრის დასაწყისი, როდესაც ყველაზე მეტად იყო დაძაბული მდგომარეობა და მთავრობის სასახლეს პუტჩისტები, მხედრიონელები უტევდნენ.
მაშინ იყო სტუდენტების შეხვედრა ბატონ ზვიად გამსახურდისთან, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და იმავე შეხვედრაზე რამდენჯერმე გაჟღერდა, თუ რა პოზიცია ეკავა ეკლესიას გადატრიალების პერიოდში.
ბატონმა ზვიადმა პირდაპირ გვითხრა, რომ ეკლესია არის პუტჩისტების მხარეზე. ეკლესია არის მხედრიონის მხარეზე, ეკლესია არის ედუარდ შევარდნაძის მხარეზე. შემდგომში, როდესაც ჩვენ მარტონი დავრჩით, მან მითხრა, ზვიადის სიტყვებია ეს: “შორენა თეთრუაშვილი არის საპატრიარქოში ჩაბუდებული ქვეწარმავალი. შორენა თეთრუაშვილი უწევს ყველანაირ მატერიალურ, პოლიტიკურ თუ სხვაგვარ დახმარებას კიტოვანს და სიგუას”.
– პატრიარქის გვერდის ავლით?
– მე რაც მითხრა ზვიადმა, იმ სიტყვებს ვიმეორებ. ზვიადმა მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი ყოველთვის ხელს უშლიდა პატრიარქთან ურთიერთობაში. რამდენიმეჯერ ჰქონდა მასთან ურთიერთობის მცდელობა, ესაუბრა კიდეც უწმინდესს და უნეტარესს. ბევრი საკითხი გავარკვიეო, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დალაგდებოდა პრეზიდენტ გამსახურდიასა და ეკლესიას შორის, როგორც კი დათბებოდა ურთიერთობა პატრიარქსა და ზვიად გამსახურდიას შორის, შორენა თეთრუაშვილი მაშინვე ერეოდა ამ საქმეში და სიტუაციას რევდა. 1992 წლის 7 იანვარს, როდესაც კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, შორენა თეთრუაშვილმა დიდი სუფრა გადაიხადა, სადაც დაპატიჟა რამდენიმე მღვდელმთავარი და დავლური იცეკვა და ველურივით გაიძახოდა, სატანა გაიქცა, საქართველო თავისუფალიაო. სატანაში ზვიადს გულისხმობდა.
მე რასაც გიყვებით, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ადგეს და მიჩივლოს შორენა თეთრუაშვილმა, რომ ეს ასე არ იყო! სწორედ იმ სასამართლოზე დავუმტკიცებ ამ უზნეო დედაკაცს, საბჭოთა სუკის აგენტს, რომ ის არის ამ ყველაფერი უკეთურების შემოქმედი, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა.
მიჩივლოს ანდრია ჯაღმაიძემ, რომ ის არ იყო კრიმინალი! მიჩივლოს, რომ დღესაც არ არის კრიმინალებთან და მაფიოზებთან შეკრული და სასამართლოზე დავუმტკიცებ, რომ კრიმინალური ელემენტია!
სხვათა შორის მე გამაფრთხილეს რამდენჯერმე.
– რის თაობაზე?
– რადგან შენ ჯაღმაიძეს ამხელ, ფრთხილად იყავი, შეიძლება შენი ლიკვიდაცია მოახდინოსო.
აი, ამ ადამიანების ტყვეობაშია ხშირ შემთხვევაში სინოდი. იმხელა გავლენები აქვთ და ასეთ დავალებებსაც იღებენ, რომ მათ ორი ძლიერი კლანი დაატაკეს ერთმანეთს, დაახოცინეს მათ ერთმანეთი და აი, ამ ფონზე მათ ჩაიგდეს ყველაფერი ხელში.
ამ მოვლენებით დაიწყო ბრძოლა, რომ ჩვენი დედაეკლესია რამდენიმე ნაწილად იქნეს გაყოფილი. მე მითხრეს, რომ ემისრები რამდენიმე მღვდელმთავარს გაგზავნილი ჰყავს საბერძნეთში. იქ მიმდინარეობს საუბარი, რომ მათგან მიიღონ კურთხევა.
– გამოსავალი რა არის ამ მძიმე სიტუაციიდან?
– მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – გამოსავალი არის ერთადერთი. ეკლესია უნდა გაიწმინდოს. სინოდის წევრები, მღვდელმთავრების 80% უნდა გაუშვა მონასტრებში ცოდვების მოსანანიებლად და სალოცავად და მათ ნაცვლად უნდა მოვიდნენ დაყუდებული ბერები.
ის ბერები, რომლებიც ურმით დადიან, ის ბერები, რომლებსაც არ იზიდავთ ოქრო-ვერცხლი და შავი ჯიპები და რომლებიც არ არიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ. აი, ეს ბერები არიან წმინდა ადამაინები. ისინი უნდა ჩამოვიყვანოთ მონასტრებიდან და ჯიპებს და ოქრო-ვერცხლს დახარბებული სასულიერო პირები უნდა გავყაროთ ეკლესია-მონასტრებიდან.
თუ ამას გავაკეთებთ, ეკლესია გაძლიერდება და ერიც შემოტრიალდება ეკლესიისკენ.