სანდრო ბრეგაძე – “საქართველოს მთავრობა შევარდნაძის დროიდან ჰომოსექსუალებით იყო სავსე”

სანდრო ბრეგაძე - “საქართველოს მთავრობა შევარდნაძის დროიდან ჰომოსექსუალებით იყო სავსე”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას სამდღიანი პროტესტი მოჰყვა თბილისის და ბათუმის ქუჩებში. ლევან ვასაძის და ქართული მარშის პროტესტი ბევრმა ძალადობად შეაფასა. რა მოიტანა ამ პროტესტმა? რატომ გამოვიდნენ ქუჩაში და იყო თუ არა ეს აქცია ძალადობის წახალისება? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ლევან ვასაძე და ქართული მარშის ლიდერები პასუხისგებაში მიეცნენ, რადგან მათ ქუჩებში ქაოსი მოაწყვეს და საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას, ვისაც სურვილი ჰქონდა, ფილმი მშვიდ გარემოში ენახა. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– იცით, რაშია საქმე? აი, ამ საქართველოს მოღალატეებს, რომლებსაც თქვენ არასამთავრობოებს ეძახით და რეალურად საქართველოს მოღალატეები არიან, აქვთ დავალება მიღებული, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, დედაქალაქში, ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზე, გადაკეტონ გზა და ჩაატარონ ე.წ. გეი აღლუმი მთელი თავისი ატრიბუტიკით, შიშველი მამაკაცებით, ხვევნა-კოცნით და სხვა ათასგვარი საზიზღრობით და სიბილწით.
– მე ფილმის შესახებ გეკითხებით, ეს ხომ გეი აღლუმი არ ყოფილა?
– მივდივარ ზუსტად მანდამდე. ეს მიზანი აქვთ, ამისთვის მათ გადაუხადეს ძალიან დიდი ფული, საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაატარონ, მათი მთავარი მიზანია, რომ გაანეიტრალონ ქართული მარში, ლევან ვასაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც პოტენციურად შეიძლება მათ ხელი შეუშალოს ამ მიზნის განხორციელებაში.
როდესაც ეს ადამიანები აცხადებენ, ლევან ვასაძე უნდა დაისაჯოსო, ლევან ვასაძეს ერთი ძალადობრივი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ჩვენ არავისი არ გვეშინია! აქ არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამ ბრძოლაში ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. არასოდეს მივცემთ ამ ადამიანების იმის საშუალებას, რომ გარყვნან ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი.
– მეორე მხარე აცხადებს, რომ ეს არის ფილმი და ვისაც არ უნდა ამ ფილმის ნახვა და აქვს შინაგანი პროტესტი, შეუძლია, არ ნახოს.
– მე მათ მეორე მხარეს არ დავარქმევდი, მათ დავარქმევდი საქართველოს მოღალატეებს. მეორე მხარე შეიძლება იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელთანაც გაქვს პოლიტიკური დებატები. ესენი ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ არიან. ესენი არიან ქვეყნის მტრები!
მათი ძირითადი ამოცანა და მისიაა, რომ საქართველოში ქართულმა სულმა, ქართულმა გენმა და ქართულმა ჯიშმა არ გაიხაროს.
– წინა დღეებში აკეთებდით განცხადებებს, რომ ჩაშლიდით ფილმის პრემიერას, არ დაუშვებდით მის ჩვენებას, თუმცა პრემიერა შედგა და ამ ფონზე სისხლიც დაიღვარა, იყო ქაოსი, არეულობა. ითქვა, რომ თქვენ გმობდით 20 ივნისის ღამეს და ამ დროს იგივე სიტუცია შექმენით. მოუწოდეთ ხალხს, ქუჩაში გამოიყვანეთ და აგრესია დათესეთ. ამ შეფასებებზე რას იტყვით? რით უპასუხებთ?
– არანაირად არ ვუპასუხებ, რადგან სულ არ მაინტერესებს, ეს მოღალატეთა ბრბო რას საუბრობს.
– ხალხი დაშავდა ამ აქციაზე.
– მე ერთ რამეს გეტყვით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. ხალხი არავის გამოუყვანია, ეს ხალხი გამოვიდა თავისით! თქვენ ამ ხალხს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ! ეს ხალხი ცხვრები კი არ არის, რომ ვიღაცის დაძახილზე ადგნენ და გამოვიდნენ!
თითოეული ადამიანი, რომელიც იქ მივიდა, მივიდა საკუთარი შეგნებით, საკუთარი გულით და საკუთარი მრწამსით და არა ისე, როგორც ნაცმოძრაობას, ბოკერიას და ამ არასამთავრობოებს დაჰყავთ მიტინგებზე ხალხი.
ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, თუმცა თითოეული ადამიანი, რომელიც იქ იყო, თავად იყო პოლიტიკური ლიდერი. ეს იყო აპოლიტიკური აქცია, რომელიც ერის სასიცოცხლო ინტერესებს, ზნეობას და მორალს ემსახურებოდა.
– გაკეთდა პარალელები ყველა იმ ფილმთან და სპექტაკლთან, რომელიც თავის დროზე აკრძალეს, თუნდაც ჯაყოს ხიზნები, თუმცა შემდეგ ვნახეთ რა აღიარებაც ჰქონდა თუნდაც ჯაყოს ხიზნებს.
– ეს მარგალიტები მათ თავიანთ ღორებს დაუყარონ, რომლებიც ძალიან ბევრი ჰყავთ! მიხეილ ჯავახიშვილს ედრებიან და სხვა კლასიკოსებს ედრებიან ეს უნიჭოები! თქვენ იცით საერთოდ ეს ლევან აკინი და მისი შემოქმედებით ჯგუფი სულ მალე ციხეში რომ აღმოჩნდება?!
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ არაადამიანებმა და ამ დაავადებულმა ხალხმა ბავშვები მოატყუეს. მივიდნენ ერთ-ერთ სტუდიაში და არასრულწლოვნები მოატყუეს, რომ თითქოს ისტორიულ ქართულ ფილმში იღებდნენ, სადაც ქართული ცეკვა იყო წარმოდგენილი. ასე მოტყუებით წაიყვანეს ქალაქგარეთ და გადაიღეს თავისი გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის სცენა.
– გაქვთ ამის დამადასტურებელი მასალები, ფაქტები?
– როდესმე მოგისმენიათ ჩემგან ზერელე განცხადებები, რასაც ვერ დავამტკიცებ?! დამადასტურებელი ფაქტები კი არა, ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ასე მოტყუებით გადაიღეს, აღმოჩნდა მარშელის შვილი. ეს ადამიანი პირველ რიგებში იდგა ამ აქციაზე და აპროტესტებდა ამ ფილმს. წინა დღეებში გაიგო ოჯახმა, რომ ეს ბავშვი ისტორიულ ფილმში კი არა, გეიპროპაგანდისტულ ფილმშია გადაღებული.
– რას აპირებს ეს ოჯახი, იჩივლებს?
– ეს ოჯახი იმდენად აღშფოთებულია, რომ არა მარტო ჩივიან, ჩვენ ავდგებით და ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის ჯგუფს გავუგზავნით შესაბამის წერილს, რომ ეს თაღლითების ფილმი, სადაც ბავშვთა უფლებები იქნა დარღვეული და გაუგონარი სახის დანაშაული მოხდა, ამოღებულ იქნას ამ ნომინანტთა სიიდან.
ეს ოჯახი აუცილებლად მოითხოვს, რომ ის კადრები, სადაც მათი შვილია გადაღებული, ფილმიდან ამოღებულ იქნას. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ გაეროს, იუნისეფს, ბავშვთა დაცვის კომიტეტს და მოვითხოვთ, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევა, რაც ამ თაღლითმა ლევან აკინმა ჩაიდინა, სათანადოდ იქნას შეფასებული.
ამ განცხადებების შემდეგ, რასაც მე თქვენი გაზეთის საშუალებით ვაკეთებ, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ ყველაფრით. საქმე უნდა აღიძრას ამ ადამიანების წინააღმდეგ. გამოძიება უნდა დაიწყოს და ლევან ვასაძე კი არ უნდა ჩასვან ციხეში, ლევან აკინი უნდა ჩასვან.
– როდესაც კინოთეატრების წინ ასეთი ამბავი იყო, მსახიობი ლევან გელბახიანი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.
– სად აღიარეს? მინსკში აღიარეს! მინსკში და ბორჩალოში საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლად რომ გაღიარებენ ეს არაფერს ნიშნავს. გადაიხდიან ხოლმე ფულს რაღაც კორუმპირებულ ფესტივალზე, სადღაც მეშვიდეხარისხოვან ქალაქში და შემდგომში ამითი ამაყობენ.
– ბატონო სანდრო, ამ პროცესებამდე ეკლესიის შესახებ სკანდალური ინფორმაციები გახდა ცნობილი. როდესაც ფილმს სასულიერო პირები აპროტესტებდნენ, მოვისმინეთ შეფასებები, რომ მამათმავლები თავად ეკლესიაში ჰყავთ და ის გააპროტესტონო. ამაზე რას იტყვით?
– ჩემთვის არც ეს არგუმენტებია საინტერესო. რას ნიშნავს ეს, ახლა თუ ვინმე სასულიერო პირი მამათმავალია, რა, მთელი ერი უნდა წაიკუზოს და მამათმავალი გახდეს?! ეს რა ლოგიკაა?!
ვინც ამ მამათმავლობის პროპაგანდას ეწევა, უკიდეგანოდ გაუნათლებელი ხალხია, თითო წიგნიც კი არა აქვს წაკითხული. ეს ადამიანები სოროსის ფონდის მიერ არიან დასპონსორებულ-დატრენინგებულები, გავლილი აქვთ ორთვიანი კურსები და იმეორებენ ამ დაზეპირებულ ფრაზებს. ვითომ ინტელექტუალები არიან. სინამდვილეში ეს ადამიანები გაუნათლებლები და უზნეოები არიან.
– არავინ დარჩა ამ პროცესებით მოგებული. იყო ლანძღვა-გინება, ქაოსი, დაშავებული ადამიანები. რა მოიტანა ამ აქციამ?
– ვინ არ დარჩა მოგებული?! ძალიან მიკვირს ასეთი მწვავე კითხვები თქვენგან, მგონია, რომ “მთავარის” ეთერში ვზივარ. რას ქვია, მოგებული არ დარჩა! თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მსოფლიოს ჩემპიონი ხდება ფაფახში გამოწყობილი დაღესტნელი მებრძოლი ჰაბიბი და ჩვენგან, ქართველებისგან, ფაფახში გამოწყობილი შიშველი გეი უნდა გახდეს პრიზების და ოსკარის მფლობელი?! მსოფლიომ დაღესტნელი ჰაბიბი უნდა გაიცნოს ფაფახით, როგორც ყველაზე ძლიერი და ჩვენ უნდა გაგვიცნონ მესაჯდომეების წყალობით?!
– ამ პროცესს როგორ შეუშლით ხელს?
– შევუშლით. ან იმას როგორ უნდა შევხედოთ ნორმალურად, რომ იმ კინოთეატრში, სადაც ერთი კვირის წინ ჩვენი დიდი გმირების, შინდისელ გმირებზე გადაღებული გმირების პრემიერა აჩვენეს, სადაც უამრავი ცრემლი დაიღვარა, ერთ კვირაში აჩვენებენ, ქართველ მამაკაცს მეორე ქართველ მამაკაცთან როგორ აქვს სექსი და ფიქრობთ, რომ ამას ჩვენ ნორმალურად უნდა შევხვედროდით?! ნორმალურად უნდა შევხედოთ იმას, რომ თითოეული ჩვენგანის ოჯახში აპირებენ შემოღწევას?!
თქვენ იცით, რომ ჰომოსექსუალებს იმდენად დიდი პრივილეგიები აქვთ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ როდესაც დასაქმებაზეა საუბარი, ჰომოსექსუალს მეტ უპირატესობას ანიჭებენ?! სწორედ ის აჰყავთ ამა თუ იმ პოზიციაზე. ჰომოსექსუალიზმი პრივილეგიად იქცა და ბევრ ადამიანს, ვისაც კარიერაში წინსვლა უნდა, სწორედ ეს ორიენტაცია ეჩვენება თავისი კარიერის ასაწყობად.
რა, თქვენ არ იცით, რომ საქართველოშიც კი, მინისტრების და დეპუტატების დონეზე, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ჰომოსექსუალებით იყო სავსე მთავრობა?!
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ დღემდე მოდის ეს ტენდენცია. ამ ადამიანებს სერიოზული ლობი აქვთ. შევარდნაძის დროს მე ვიცოდი ერთ-ერთი ცნობილი ჰომოსექსუალი, რომელიც მინისტრებად ნიშნავდა ადამიანებს და იმ პერიოდში მასზე დიდი გავლენა არავის ჰქონდა. და ჩვენ რა ვქნათ ახლა, ყველაფერ ამას შევეგუოთ?!
ისედაც სამ მილიონამდე ვართ დარჩენილები. მცირდება შობადობა, ხალხი გადის ქვეყნიდან და უნდათ, რომ ნახევარი ჰომოსექსუალებად აქციონ?! ამ ფონზე მე რაზე ვილაპარაკო, რომ ამ აქციაზე ვიღაცამ ასაფეთქებელი ააფეთქა, ვიღაცამ შეიგინა, ვიღაცამ რაღაცა თქვა, იმან იკივლა? ამაზე ვიფიქრო, თუ ჩვენი შვილების გადარჩენაზე?!
ჩვენ პოლიტიკური ქულების დასაწერად კი არ ვომობთ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ეს ნაბიჯები, შესაძლოა, ჩვენივე პოლიტიკური მომავლისთვის იყოს ძალიან ცუდი. ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ლობი ჰყავთ მათ.
მე ეს არ მაინტერესებს. მე ვარ ზვიად გამსახურდიას ხელში გაზრდილი და სულ სხვა ღირებულებები მაქვს. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ. მე არ მაინტერესებს ამ ტარაკნების ქირქილი. ფაქტია, რომ ქართველებს სულში ჩააფურთხეს და აი ეს არის ყველაზე მთავარი!
– ფილმის ჩვენება, თქვენი პროტესტის მიუხედავად, მაინც შედგა. ამას ხელი ვერ შეუშალეთ და ეს ქაოსი ღირდა ამისთვის?
– არასწორია, პრემიერა არ შემდგარა! წინა დღეებში მე გამუდმებით ვსაუბრობდი მშვიდობიან აქციაზე, ეს იყო ჩემი მიზანი.
– თუმცა პროვოკაციები იყო.
– არანაირი პროვოკაცია არ მომხდარა, იყო პატარა ერთი-ორი ინციდენტი. ასეთი ინციდენტები ნებისმიერ აქციაზე ხდება. გადახედეთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ქალაქებს. რა ხდებოდა ყვითელჟილეტიანების აქციაზე პარიზში?! ჩვენი აქცია იმ ფონზე საბავშვო კინოფილმად მოგეჩვენებათ.
მე სულ ვსაუბრობდი მშვიდობიან აქციაზე. მე არ ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ კინოთეატრში შევჭრილიყავით. ამას არანაირი ეფექტი არ მოჰყვებოდა. ჩვენ მშვიდობიანად მოვახერხეთ ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პრესის პირველ პლანზე არის გამოტანილი, რომ ქართველებმა არ მიიღეს გეი ფილმი.
აი, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება. ამით ჩვენ ქართველ ერს ჩამოვწმინდეთ ის სირცხვილი, რომელსაც მას უმზადებდნენ ამ ფილმის შემქმნელები.
როდესაც ვამბობ, რომ პრემიერა არ შედგა, მე ვგულისხმობ იმას, რომ მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, პრემიერა მომხდარიყო საზეიმო ვითარებაში, ბუშტებით, ყვავილებით, ფეიერვერკებით, მაგრამ არ გამოუვიდათ.
სამი ტიპის სპეცრაზმი იქნა გამოყვანილი, გამოიყვანეს შს სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები. ყველა იქ იყო, დანაშაული რომ მომხდარიყო, თბილისში პოლიციელი არ იყო. ამას დამატებული შიდა დაქირავებული დაცვა.
როდესაც სამხედრო ოპერაციის პირობებში შენ ატარებ რაღაცა ფილმის ჩვენებას, შემძვრალი ხარ სოროში. ხომ იძახდნენ, ანშლაგი იქნებაო და დარბაზის 20%-ც ვერ შეავსეს.
ამას პრემიერა არ ჰქვია. ეს არის სამარცხვინო აქტი, რითაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რომ ქართველი ერი არის ამ ყველაფრის წინააღმდეგი.