სერგი კაპანაძე – “ოცნება” ასეთი ბრიყვი თუ იყო, ვერ წარმომედგინა”

სერგი კაპანაძე - “ოცნება” ასეთი ბრიყვი თუ იყო, ვერ წარმომედგინა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ოპოზიციის მოლოდინი, რომ “ოცნება” პლებისციტს შესთავაზებდა, არ გამართლდა. არჩევნები 2020 წელს შერეული სისტემით ჩატარდება. პროპორციული სისტემა კი 2024-შიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება “ქართული ოცნების” ოფისიდან ტრადიციულად კახი კალაძემ გააკეთა და ოპოზიციას მოუწოდა, არჩევნებისთვის მოემზადოს. რა გეგმები აქვს ოპოზიციას, როგორ მიიღეს ხელისუფლების ეს გამოწვევა, რით უპასუხებენ მათ? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგე კაპანაძე პასუხობს.
– ბატონო სერგი, ხელისუფლება დათმობაზე წამოსვლას არ აპირებს. როგორია ოპოზიციის პასუხი, რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი პასუხი არის იმ სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც აქამდეც გვქონდა დაანონსებული. ანუ ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, პიკეტირებებს და ასე შემდეგ. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს თავგასული ოლიგარქი არ მოეგება გონს და არ მიიღებს ჩვენს შეთავაზებას, რომელიც ეხება შემდეგი არჩევნების ჩატარებას პროპორციული მეთოდით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გერმანულ მეთოდს.
– საზოგადოების ერთ ნაწილში და ოპოზიციაში იყო მოლოდინი, რომ “ოცნება” პლებისციტს შემოგვთავაზებდა, თუმცა არც ამაზე წამოვიდნენ. კალაძემ მოკლედ მოჭრა და განაცხადა, რომ არანაირი შემოთავაზება არ განიხილება.
– ხელისუფლება არის არაადეკვატური, ვერ ხვდება, რა პროცესები მიდის საზოგადოებაში, იმდენად შეპყრობილნი არიან იმის შიშით, რომ დაკარგავენ ხელისუფლებას, მზად არიან, ბოლომდე წავიდნენ ხელისუფლების უზურპაციაზე.
– გამოდის, რომ მიზანმიმართულად ამწვავებენ პროცესებს, მაგრამ ეს რაში უნდა აწყობდეთ?
– კი ბატონო, ეგრეა. არ ვიცი, რაში უნდა აწყობდეთ. მე არ მგონია, რომ რაციონალურად აზროვნებდნენ. ისინი აზროვნებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შიშიდან გამომდინარე, რომ არ დაკარგონ ხელისუფლება. ხელისუფლებას კი კარგავენ ყველა ვარიანტში. უბრალოდ არჩევანი აქვთ, ამას როგორ დაკარგავენ. ჩვენი სურვილი არის, რომ ეს მოხდეს დემოკრატიული არჩევნების გზით, სამართლიანი არჩევნების გზით. მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ უსამართლო საარჩევნო სისტემა და არ გამოვა უსამართლო საარჩევნო სისტემა.
ამ გზით ძალაუფლების უზურპაციის საშუალებას ივანიშვილს არავინ მისცემს.
– იმედი აქვთ, რომ ოპოზიციას მობეზრდება და დაიშლება?
– არ ვიცი, რას ფიქრობენ. კალაძის ეს შეთავაზება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, როგორ დაშლის ოპოზიციას, სრულიად გაუგებარია. ამდენად ბრიყვები თუ არიან, მაგის წარმოდგენაც კი მიჭირს. როგორც ჩანს, არიან! არაფერი აღარ მიკვირს საბოლოო ჯამში ივანიშვილისგან. არაადეკვატური გახდა და ადეკვატურობაზე რომ დავაბრუნოთ, ამისთვის არის საჭირო ბევრი ადამიანის გამოსვლა და მისთვის ამ გზავნილის გაკეთება.
ეს მოხდა გუშინ და ეს მოხდება დღეს, ხვალ და ყოველდღე. ჩვენ დავანახვებთ ივანიშვილს, თუ რამდენად არ ვიღებთ აი, ამ ბრიყვულ შემოთავაზებას. აბსოლუტურად ყველაფერზე თქვეს უარი! უნდათ ამ ფუკების თამაში? კი ბატონო, შევყვებით. ვნახოთ, სადამდე შევლენ.
– ერთგვარი გამოწვევაა ეს?
– დიახ, საზოგადოება გამოიწვიეს, თუმცა პირველად არ გამოუწვევიათ. 20 ივნისს გამოიწვიეს, 21 ივნისს გამოიწვიეს, როცა გახარია დააწინაურეს, მაშინ გამოიწვიეს, როცა პროპორციულზე უარი თქვეს, მაშინ გამოიწვიეს. დღესაც აგრძელებენ გამოწვევას. რაც უფრო გაჭიმავენ ამ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ ცხვირში.
– ჰგონიათ, რომ ასე მივლენ 2020-მდე. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ვადამდელ არჩევნებს მივიღებთ?
– არანაირი მოლოდინი არ მაქვს მათგან. მე მაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ჩვენ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მივაღწევთ. როდის და რა ვადებში, არ ვიცი. მე ვიცი ერთი, რაც უფრო გაწელავს ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ეს მუშტი ცხვირში.
სურთ, რომ ასე გააგრძელონ სპეცრაზმის საშუალებით ქვეყნის მართვა? კი ბატონო, გააგრძელონ! რამდენი ხანი გააგრძელებენ, ამასაც დავინახავთ.
– სერიოზულია დასავლეთის ზეწოლა, მითითებები “ოცნების” ხელისუფლებაზე. ექნება ამას რაიმე შედეგი?
– ეს მეორე სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ამ ადამიანმა იმდენად გადალახა ყველა წითელი ხაზი, რომ საერთოდ აღარ აინტერესებთ ჩვენი პარტნიორების აზრი.
ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯია იმისკენ, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა, როდესაც საბოლოოდ გადაერთო რუსულ ვექტორზე. აქამდე რაღაცა შემაკავებელი ფაქტორები იყო, ახლა, როგორც ჩანს, არაფერი აღარ აკავებს.
ძალიან სახიფათოა ასეთი მმართველი ქვეყანაში და მართლა კატასტროფა შეიძლება მოხდეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს კაცი მოვიშოროთ ხელისუფლებიდან. შეუძლებელია სხვანაირად, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა.
– როგორ უნდა მოიშოროთ?
– მშვიდობიანი აქციებით, ჩვენი პროტესტით ამას მივაღწევთ.
– აქტიურად დაიწყო დაჭერები, აქციების დარბევები…
– ამ დაჭერებით ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა, რომ დაიჭიროს ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელთა რაოდენობა მილიონზე ავიდა. ყველას ხომ არ დაიჭერს? შეუძლებელია ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნება.
შეიქმნება უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ამას მოჰყვება ხოლმე ზოგადად ძალიან ცუდი განვითარებები ქვეყნის შიგნით. ამას ან დაინახავს, ან დავანახებთ, სხვა ალტერნატივა არ არის! ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნება არის გამორიცხული! ეს თუ არ ესმის ივანიშვილს, გაიგებს აუცილებლად.
– დღეს ოპოზიცია ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ფიქრობთ, რომ გაგრძელდება ეს ერთიანობა?
– ჩვენი ერთობა ქნა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, ეს ერთობა გაგრძელდება. სწორედ ეს მოახერხა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია გააერთიანა. გააერთიანა რის ირგვლივ?! ჩვენ ერთიანი ხედვა გვაქვს იმაზე, რომ არჩევნები უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობის მიმცემი ყველა პოლიტიკური ძალისთვის და არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველა ვარიანტში ივანიშვილის გამარჯვებით მთავრდება.
ჩვენ შევთანხმდით და, რა თქმა უნდა, ამ საკითხში ბოლომდე გვექნება ერთიანობა.
– ანუ აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარების ჯანყი და თავად ივანიშვილს უნდოდა ამ კანონპროექტის ჩაგდება?
– რა თქმა უნდა, არ იყო მაჟორიტარების ჯანყი. როგორ შეიძლებოდა მაჟორიტარების ჯანყი ყოფილიყო. ვისი, ხუნდაძის და სულხან მახათაძის ჯანყი იყო ივანიშვილის წინააღმდეგ? ეს რა ბოდვაა, ვის სჯერა ამის საერთოდ?! ეს ხომ არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. არავინ არ ჭამს ამას. გამორიცხულია, რომ ეს ვინმემ დაიჯეროს და ამის არც არავის სჯერა.
სწორედ ამ ტყუილისთვის დაისჯება ივანიშვილი. ასეთი მასშტაბური ტყუილი არც საზოგადოებისთვის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს. გაბედა ივანიშვილმა?! დაინახავს, რა შედეგს მოიმკის ამის შედეგად.
– იყო მოლოდინი, რომ მცირედ დათმობაზე მაინც წამოვიდოდნენ.
– არა, იმიტომ, რომ არ არის ადეკვატური და, აქედან გამომდინარე, მისგან არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მხოლოდ ჩვენი ერთიანობით და ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. სხვა გამოსავალი არ არის.
– რამდენად მართავს სიტუციას ოპოზიცია? პროვოკაციები ხომ არ იქნება აქციის მონაწილეების მხრიდან, რის შედეგადაც ხელისუფლებას მიეცემა საბაბი აქციის დარბევის და მომიტიგეების დაჭერის?
– არ სჭირდება მაგას პროვოკაცია, ისედაც მარტივად იჭერს ხალხს ჩვეულებრივი საბაბის გარეშე. თქვენ ნახეთ, როგორ დაიჭირეს ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღოდათ, მშვიდობიანად იდგნენ პარლამენტის წინ. არანაირი საბაბი არ არის ივანიშვილისთვის საჭირო, თუ მოინდომებს, ამას ისედაც გააკეთებს.
ამიტომ მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ან ვაღიარებთ იმას, რომ გადავედით ავტორიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ერთი ადამიანი გვმართავს, სანამ იქნება ცოცხალი.
ეს ჩემთვის მიუღებელია, დარწმუნებული ვარ, ასევე მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის!
ჩვენ ვართ ერთიანი და ვიბრძვით ბოლომდე!