შოთა მალაშხია – “ინტრიგები საპატრიარქოში ივანიშვილისგან მოდის”

შოთა მალაშხია - “ინტრიგები საპატრიარქოში ივანიშვილისგან მოდის”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
შოთა მალაშხია:
– საპატრიარქოში ხდება დაახლოებით იგივე, რაც მანამდე დატრიალდა სახელმწიფო სტრუქტურებში. ივანიშვილის ხელში, რუსეთის დავალებით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა განადგურდა. ისინი ფაქტობრივად მოშლილია. ივანიშვილი ამ ფონზე ანადგურებს ღირებულებით სტრუქტურებსაც. ის, რაც საპატრიარქოში ხდება, მისი გაკეთებულია.
– “ქართული ოცნება” ამბობს, რომ პეტრე ცაავას უკან სააკაშვილი დგას.
– დავუშვათ, ეს ასეა. მაშინ ციანიდის საქმისა და მეუფე იაკობის უკან ვინღა დგას? მეუფე იაკობი ნაცმოძრაობასთან არასდროს ყოფილა. პირიქით, დაპირისპირებული იყო.
მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილის კაბინეტში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გახარია და გომელაური, იგეგმებოდა პატრიაქრის გადაყენება. ციანიდის საქმეში “ოცნება” თავის ტყუილებსა და ინტრიგებში თვითონ გაიხლართა. კვირიკაშვილმა გვამცნო, რომ ქვეყანა გადარჩა, რომ უნდოდათ პატრიარქის მოწამვლა. მერე გვითხრეს, რომ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა იგეგმებოდა.
ინტრიგები საპატრიარქოში ივანიშვილისგან მოდის. სამწუხაროდ, ამ საეკლესიო ინსტიტუტში ყველაფერი რიგზე ვერ არის, მაგრამ ეს სხვა საკითხია.
– საპატრიარქოში მოვლენების განვითარებას კიდევ ელით?
– საპატრიარქოში არიან პატიოსანი სასულიერო პირები, რომლებიც ხმას ამოიღებენ. იმათ გარდა, ვინც რუსულ სპეცსამსახურებთან არის შეკრული ან მამათმავალია, არსებობენ ჯანსაღი ადამიანები. ისინი ფლობენ ინფორმაციას და ასეთები ჩირქგროვას არ დატოვებენ. ზოგადად, ქვეყანაში ახლანდელი მდგომარეობა ვერ შენარჩუნდება.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო, ყველა საღად შეაფასებს სიტუაციას და იტყვის, რომ “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით ანგრევს ქვეყანას. ასე ლაპარაკობს ყველა, ვისაც ივანიშვილის ჯიბეში არ აქვს ხელი ჩაყოფილი.
– არჩევნები მოდის და შეიძლება სხვებსაც მოუნდეთ ივანიშვილის ჯიბეში ხელის ჩაყოფა.
– ივანიშვილი ბოლომდე დისკრედიტირებულია. იმდენად უზნეო ადამიანი, რომ მასთან გარიგდეს, ძალიან ცოტაა. ბიძინა ივანიშვილს ეს რაოდენობა არ ეყოფა, რომ რაღაცას მიაღწიოს. ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებებს. რუსეთში ხვდებიან, რომ მისგან ხეირი აღარ ექნებათ და ფიქრობენ მის ჩანაცვლებაზე.
ეს კაცი, რომელსაც გაზპრომში უზარმაზარი, ანუ 1%-იანი წილი ჰქონდა, რუსებს აღარ სჭირდებათ. ამისთანა დიდი წილი, ივანიშვილის გარდა, მხოლოდ ლუჟკოვის ცოლს ჰქონდა. 2013 ან 2015 წელს ვინ წარმოიდგენდა, რომ ისინი, ვინც ივანიშვილს თაყვანს სცემდნენ, მის გაკრიტიკებას დაიწყებდნენ.
– “ოცნებიდან” გამოსულებზე საუბრობთ?
– რასაკვირველია. ეკა ბესელიას ოპოზიციონერობას ვინ წარმოიდგენდა! ეკა ბესელია და სხვა მეამბოხეები მორალურად ივანიშვილზე ბევრად მაღალ დგანან. ამ კაცმა ყველგან თავისი გარემოცვა გაუშვა – პირადი კბილის ექიმით დაწყებული, პირადი ადვოკატითა და დაცვით დამთავრებული.
პროკურატურამ რა სახე უნდა შეინარჩუნოს? უდიპლომო და უვიცი ხელმძღვანელი ჰყავს. სამაგიეროდ, ეს კაცი ივანიშვილის ერთგულია. ივანიშვილი ვერ იტანს ქართულ ღირებულებებს.
– ამაზე შეგეკამათებიან.
– მას ნამდვილად სძულს ქართული ღირებულებები და მოსწონს საბჭოთა ქართული ტრადიციები. ივანიშვილი ამბობს, რომ ქართული სუფრა კოსმოსზე უდიდესი ღირებულებაა. იგი აღფრთოვანებულია ხორაგითა და ალკოჰოლით გაჯერებული საბჭოთა ნადიმებით. მას ეს სუფრა აქვს მხედველობაში.
პატრიოტი ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ მოეხდინათ დასავლურის მოდერნიზება და ქართულთან მისადაგება. ასე იქცეოდა ილია ჭავჭავაძე. ქართულის მოყვარული კაცი საყდრისს ააფეთქებდა? ბუნებას დააზიანებდა? იმის მაგივრად, რომ საყდრისში მუზეუმი აეშენებინა, ააფეთქა. ივანიშვილი რუსებსაც აღარ უნდათ და მას სხვით ჩაანაცვლებენ. მაგალითად, ვასაძით.
– ბიძინა ივანიშვილი აპირებს უკვე აშენებული ან ასაშენებელი ობიექტების იაფად გაყიდვას.
– ივანიშვილმა ხალხს იაფი ფული უკვე დაურიგა, ტარიფები შეამცირა, გასაოცარი დემოკრატია უკვე დაამყარა და ახლა თავის ბიზნესს ყიდის ჩალის ფასად?! რისი დაპირებაც შეიძლებოდა, ადრევე გასცა, ახლა ესღა დარჩა და მორიგ ტყუილებში ეხვევა.
მაგისი დემოკრატიაც ვიცით, როგორია – დათხრილი თვალები, ასევე მისი ნაქები ფარცხალაძის მიერ გატაცებული 70 მილიონი. ფარცხალაძე გაქცეულია.
ხომ ამბობდა, რუსთავი 2-ს რომ გამორთავთ, მაცივრები აგევსებათო. მის ენაზე რომ ვთქვათ, ეს კაცი “მელკი ჟულიკია”.