სოსო ცინცაძე – “ივანიშვილი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს”

სოსო ცინცაძე - “ივანიშვილი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, დღეს ოპოზიცია მართლაც ერთიანია ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებენ ამ ერთობას? ივანიშვილი მათ დაშლას და გადმობირებას ეცდება?
– რა თქმა უნდა, ივანიშვილი პირველ რიგში თუ რამეს ეცდება, სწორედ ამ ერთობის დაშლას ეცდება. თუ რამე გააცოფებს, სწორედ ეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება მოსყიდვა.
– რატომ?
– ოპოზიციის ლიდერებს ერთდროულად გაუჭირდებათ სახის შენარჩუნებაც და ივანიშვილის თამაშის თამაში. ჩუმად შეიძლება მოისყიდოს და ამაზე წავიდეს რომელიმე ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ეს ივანიშვილს არ აწყობს. მას აწყობს, რომ მოსყიდულმა ოპოზიციონერმა ღიად, ხმამაღლა თქვას, რომ შეცდა, ამას კი საჯაროდ ვეღარავინ გაბედავს.
ეს იქნება საჯარო სამსჯავრო, მარგინალიზება საკუთარი პერსონის, რაზეც არ მგონია, ვინმე წავიდეს.
– ივანიშვილის ხელში დღეს რა კოზირია, რის გათამაშებას ეცდება ის?
– მთავარი საფრთხე, რომელიც არავის აწყობს, არის სამოქალაქო დაპირისპირება, რომლიდანაც ერთი ნაბიჯი რჩება სამოქალაქო ომამდე. სამოქალაქო ომს კი ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ეს ქვეყანა, ღმერთმა დაიფაროს. ამიტომ, მაშინ ყველა ერთხმად იტყვის: ყველაზე უვარგისი მთავრობაც იყოს, ოღონდ სამოქალაქო ომი არ იყოს.
ეს არის დღეს ივანიშვილის ხელში ერთადერთი კოზირი.
– ოპოზიცია რამდენად შეძლებს პროტესტის მუხტის შენარჩუნებას? სააკაშვილმა თავის დროზე “კარვების ქალაქის” სრული იგნორირება მოახდინა და მაშინ ის დაპირისპირება მოიგო. შეიძლება ანალოგიურ მეთოდს მიმართოს ივანიშვილმა?
– 2-3 თვე რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, თანაც ზაფხული იყო. დიახ, ეს გამოცდილება არსებობს. ივანიშვილი ახლა სწორედ ამ რჩევას იღებს მრჩევლებისგან – დღეს კი გამოვიდა მზიანი ამინდი, მაგრამ მალე მზეს თოვლ-ჭყაპი შეცვლის, ყინვები დადგება, ზამთარი მოდის. ადამიანი კი ადამიანია თავისი ყველა მოთხოვნილებით, დაიღლებიან და სახლებში წავლენ. მისი გარემოცვა კი ეუბნება – მიშა თუ უძლებდა, ჩვენც გავუძლებთ! ეს არის ის ფრაზები, რაც ყველაზე მეტად დღეს ივანიშვილის ყურს ესმის.
ასეთი ფრაზებიც იქნება: მით უარესი მათთვის და მით უკეთესი ჩვენთვის, არჩევნებზე უფრო მოუმზადებლები მოვლენ.
– ამ პოლიტიკურმა კრიზისმა მთავრობის გადაგომა შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, იგივე სისტემით არჩევნების ჩატარება რამდენად აწყობს ოპოზიციას?
– მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა დღეს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობს, სხვას არავის. თუმცა, ოპოზიცია რატომღაც დარწმუნებულია, რომ ყველა სისტემით გაიმარჯვებს, რაც, ჩემი აზრით, დიდი გულუბრყვილობაა.
– მათ არგუმენტად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოჰყავთ.
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე “ოცნება” სრულიად მოუმზადებელი იყო, მაგრამ მეორე ტურმა ხომ აჩვენა, რა შეუძლია ივანიშვილს?! ამის შემდეგ არ მგონია, რომ ოპოზიციას კიდევ სჭირდებოდეს არგუმენტები.
ოპოზიციისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იყო რეფერენდუმის იდეით გამოსვლა, ვიდრე გერმანული მოდელის შეთავაზება. ხელისუფლება გვეუბნება, გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია. ბევრმა ადამიანმა შეიძლება ასეც დაიჯეროს. ამიტომ, ყველაზე სწორი და გონივრული ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერების მხრიდან რეფერენდუმის შეთავაზება იქნებოდა, რაზეც ასე ღიად უარს ვერ იტყოდა ხელისუფლება. მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოებასაც ვეღარ აუხსნიდნენ, რატომ – არა!
სრულიად ნათელი იყო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე “ოცნება” უარს იტყოდა და ჩააგდებდა. დღეს თუ ვინმეს არ აწყობს პროპორციული სისტემა, ეს “ქართული ოცნებაა”.
პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბევრი ნაკლი აქვს, ის მართლაც არასტაბილურობის მიზეზი შეიძლება იყოს და ა.შ. მაგრამ ამ სისტემის ყველაზე მთავარი ღირსება მისი სამართლიანობაა. რამდენ ხმასაც იღებ, იმდენი მანდატი გაქვს პარლამენტში.
– ხალხის რაოდენობაზე რას იტყვით? სათანადო რაოდენობაა?
– არა, მილიონ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს თბილისში. თუმცა, როგორც ჩანს რაოდენობაზეც აცრილია “ქართული ოცნება”. გამოვლენ, იხმაურებენ და დაიღლებიან. ასე ფიქრობენ.
დღეს ბიძინა ივანიშვილი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ერთადერთი არის საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. თუ ამერიკიდან დარეკავენ და ივანიშვილს ეტყვიან, რომ უნდა დათმოს, მაშინ სხვა გზა არ ექნება.
თუ ჩვენს პრობლემას ჩვენი პარტნიორები გულთან ახლოს მიიტანენ, მაშინ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ექნება.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილსაც მოუსმენია ასეთი ზარებისთვის.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.