სოსო ცინცაძე – “პრეზიდენტ ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძეს შეაწყალებინებენ”

სოსო ცინცაძე - “პრეზიდენტ ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძეს შეაწყალებინებენ”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
– ბატონო სოსო, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. როგორ ფიქრობთ, დეკანოზს შეიწყალებს?
– სრულიად აშკარაა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კიდევ არაერთ სატკივარს გაუჩენს ხელისუფლებას. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი სწორედ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი იყოს. სალომე ზურაბიშვილი ორჭოფობს. მას ადრე სრულიად ღიად აქვს ნათქვამი, თუ ვინმე მიმითითებს, ვინ უნდა შევიწყალო, ის საქმე გვერდით გადაიდებაო და ეს თქვა სწორედ დეკანოზ მამალაძის საქმეზე.
როდესაც შეიწყალა ყაჩაღი, მკვლელი, და კიდევ არ ვიცი, რამდენი ნაძირალა, იმის შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავარდა და მორატორიუმი გამოაცხადა, აღარავის შევიწყალებო. სალომე ზურაბიშვილი არც ჟანა დარკია და არც ბარიკადებზე ამსვლელი. ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვეტილებას მიაღებინებენ და თავისი სიტყვების უკან წაღება მოუწევს. ცოტა ხნით პოზაში დადგება, შეუძლია გაიპრანჭოს. დაელოდება, და თუ მთავარი ეტყვის, გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი გაგრძელდება მორატორიუმი, მაგრამ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი ალბათ კიდევ უფრო სხვა ჭრილშია დასანახი.
– ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი?
– რა თქმა უნდა, საბოლოოდ სწორედ მისი პოზიცია იქნება გადამწყვეტი. ამიტომ, დარეკავს “სადაც ჯერ არს” და იქ როგორც ეტყვიან, ისე იმოქმედებს. რასაკვირველია, პატრიარქის პოზიციაც იქნება მნიშვნელოვანი.
ვერსიები გაჩნდა, რომელთაც მე არ ვიზიარებ, რომ საპატრიარქო და პრეზიდენტი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ საპატრიარქო ვალს მოიხდიდა, რეკომენდაციას გაუწევდა დეკანოზ მამალაძეს შეწყალებაზე პრეზიდენტთან და პრეზიდენტი უარს იტყოდა.
ახლა, როგორც არასდროს, საპატრიარქოს თავისი პრესტიჟი, აქვს გადასარჩენი! ამიტომ, პატრიარქს გაუჯიუტდება სალომე ზურაბიშვილი?! არ ვიცი და ამიტომ არ მჯერა ამ ვერსიის. მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ, ის რომც გაჯიუტდეს. აუცილებლად ბოლოს სიტყვას იტყვის ბიძინა ივანიშვილი.
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეკლესიას, რომ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ კიდევ ავტორიტეტია. 10-15 წლის წინ, ეკლესიას, საპატრიარქოს ამის დამტკიცება არ სჭირდებოდა. ეს ეჭვგარეშე იყო.
– ეს პროცესი ეკლესიის რეიტინგზე იმოქმედებს?
– რა თქმა უნდა. აუცილებლად იქონიებს გავლენას. ეს რეიტინგი შეირყა. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე იმას, თუ როგორ განვითარდება მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მოვლენები.
ის არ გამორიცხავს გარკვეული მიმართულებით აქტიურობას, როგორც ამბობს, თბილისში ჩამოდის და აპირებს, რაღაც ახალ ეროვნულ მოძრაობას დაუდოს საფუძველი.
ეს ყველაფერი საპატრიარქოს რეიტინგს არ ზრდის. თუმცა, როდესაც მეუფე პეტრეს პატრიარქმა უარი უთხრა სამეგრელოში რომელიღაც მონასტერში დარჩენაზე, ამით მან თქვა: მე ჯერ კიდევ პატრიარქი ვარ და ჩემი სიტყვა გადამწყვეტია. თორემ, მე არ მგონია, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, მეუფე პეტრე შიო მღვიმის მონატერში იქნება თუ სამეგრელოს რომელიღაც მონასტერში.
სახელმწიფოში ორი ინსტიტუტის კრიზისი აშკარად და სრულიად ნათლად გამოჩნდა, ეკლესიის და პრეზიდენტის ინსტიტუტების.
დღეს, ამ ყველაფრის შემხედვარე ხალხს რეფერენდუმზე რომ ჰკითხოთ, სჭირდება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტი, დარწმუნებული ვარ, გიპასუხებთ – არა!
ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯი გვაქვს ამ მიმართულებით, მეტი არაფერი.