სოსო ცინცაძე – “ქართული ოცნება” უკვე დამარცხდა”

სოსო ცინცაძე - "ქართული ოცნება" უკვე დამარცხდა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ხელისუფლება აცხადებს, რომ თემა დახურულია, ოპოზიცია კი პასუხობს, რომ არ დათმობს. საპროტესტო ტალღა გრძელდება. როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?
– როგორც ჩანს, შიშს მართლაც დიდი თვალები აქვს. უცხოეთში, ათეულობით საპროტესტო მიტინგის მომსწრე ვარ, მაგრამ ასეთი ძალთა თანაფარდობა არსად მინახავს. 1 მომიტინგეზე 20 პოლიციელი და 15 სპეცრაზმელი მოდის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჰუმანიზმსაც ხომ უნდა იჩენდეს სახელმწიფო?!
რა საჭირო იყო, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული გამთენისას, დილის 5 საათზე ახალგაზრდებისთვის წყლის ჭავლის მიშვერა?! ამ ყინვაში, ამ სიცივეში ასე გამეტება ახალგაზრდების არანაირ მორალურ თუ კანონიერ ჩარჩოში არ ჯდება.
ომის დროს მტრულ სახელმწიფოებს შორის გამთენიას იწყება ხოლმე თავდასხმები, შეტევაზე გადასვლა, ახლაც რაღაც ასეთი იყო. არადა, სრულიად გაუგებარია, რატომ?! რა საჭიროება იყო ამისი?!
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კილაძეს რა განათლება აქვს, არ ვიცი, მაგრამ ახლა მაგიდაზე მიდევს ევროპაში გამოცემული წიგნი “ადამიანის უფლებები”. ეს წიგნი ხელში რომ არ ჭერია, ამაში დარწმუნებული ვარ.
როგორც ჩანს, “ოცნების” მრჩევლები მაინცდამაინც დიდი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევიან. როგორ შეიძლება ურჩიო ხელისუფლებას, ამდენი ძალა გამოიყვანოს, ამდენი პოლიციელითა და სპეციალური დანიშნულების რაზმებით გადაკეტოს და ჩახერგოს დედაქალაქის ცენტრი. ეს ყველაფერი ხომ გადის საერთაშორისო მედიაში. მე ვეცნობი საერთაშორისო პრესას და აჭრელებულია იქაურობა. არ მესმის, ეს რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას?! თან რაზეა საუბარი, რას ითხოვს ოპოზიცია – საარჩევნო სისტემის ცვლილებას!
– რა უნდა იყოს ხელისუფლების პასუხი?
– სრულიად საპირისპირო. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. შენ თუ ძლიერი ხარ, როგორც მართლაც ძლიერს შეეფერება, ისე უნდა მოიქცე და არა ისე, როგორი განცხადებაც პარლამენტის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტიტუციონალიტმა, გვითხრა: რა კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის პარლამენტში. კობახიძეს პრობლემა აქვს განათლებასთან და შინაგან კულტურასთან. ბევრს არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს, 800 ათას ადამიანს, როგორც გაირკვა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოსწონს ნაციონალური მოძრაობა.
ამ განცხადებით კობახიძეს ერთპარტიული პარლამენტი უნდა. უკან უნდა სახელმწიფოს დაბრუნება. თანაც ახალგაზრდა კაცია, როგორ ამბობს ასეთ რაღაცას, ისე მიკვირს! ფიქრობს, რომ სულ “ქართული ოცნება” იქნება აწ და მარადის?!
– დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თქვა: იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთი პარტიის წევრები არ არიან, რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის გვერდით დგანანო.
– აბსოლუტურად სწორია. აბსოლუტურად ვეთანხმები. და ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებამ.
პროტესტის ძალა ყველა დროში და ყველა ფორმაციის წინააღმდეგ ახალგაზრდობაშია. თუ ხელისუფლებას ახალგაზრდობა დაუპირისპირდა, ეს მართლაც საფრთხის შემცველია მისი მომავლისთვის.
ახალგაზრდებს ობივატელისთვის დამახასიათებელი შემაკავებელი მუხრუჭები არ გააჩნიათ. სტუდენტობის ძალა ხომ სწორედ ამაშია. ივანიშვილი შეიძლება ამას დიდად ვერ აცნობიერებდეს, მას ეს სფერო არ აინტერესებს, ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ “ქართული ოცნება” ხომ არის პოლიტიკური პარტია, იქ ხომ არიან პოლიტიკოსები?! ისინი რას ფიქრობენ ამაზე?!
კილაძე, ბერაია, ოხანაშვილი, მდინარაძე, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, ამაზე რას ფიქრობენ?! რატომ გამოვიდა ახალგაზრდობა ქუჩაში, რატომ მიდიან აქციებზე სტუდენტები, ნეტა რას აპროტესტებენ? რა უნდათ ამ ბავშვებს? არ კითხულობენ ეს პოლიტიკოსები?!
რუსული ანდაზაა: ძალა გვაქვს, ჭკუა არ გვჭირდება! ზუსტად ეს არის, რასაც ვუყურებთ. ასე მოქმედებს “ქართული ოცნება”.
– როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ვინ იქნება გაიმარჯვებული და ვინ წაგებული?
– საბოლოო ჯამში გამარჯვებული არავინ იქნება, თუ ასე გაგრძელდა. გამარჯვებული არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დამარცხებული და ეს ჩვენი ქვეყანაა. არჩევნებში გამარჯვებულს ნუ ჩათვლით გამარჯვებულად.
პრაქტიკულად “ქართული ოცნება” უკვე დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს გამოვრიცხვ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც კი გააფორმოს გამარჯვება. თუმცა, საქართველოში არასდროს იქნება პროპორციული არჩევნები. არც 2024 წელს, პროპორციული საარჩევნო სისტემა არ ამოქმედდება. არც ერთი ხელისუფლება, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, არ გადავა პროპორციულ არჩევნებზე.
კიდევ ერთი: ოპოზიციას უხარია, რომ “ქართული ოცნება” სრულ იზოლაციაშია, რომ მთელი დასავლეთი აკრიტიკებს.

მე მის ადგილზე ასე ძალიან არ გამიხარდებოდა, რადგან ამის შემდეგ უკვე ღიად ხელისუფლებას მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალი გზა რჩება. ეს კი ქვეყნისთვის სახიფათოა.
ამაზე უნდა დაფიქრდეს ოპოზიცია. ხომ გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ აღმოჩნდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დასავლეთის ზურგშექცევის და გარიყვის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე.