თაკო ჩარკვიანი – ”მეუფე პეტრე რუსეთის უშიშროების მსტოვრებმა გადარიეს”

თაკო ჩარკვიანი - ”მეუფე პეტრე რუსეთის უშიშროების მსტოვრებმა გადარიეს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რას ნიშნავს ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენა? უკავშირდება თუ არა წყალტუბოს რეაბილიტაცია არჩევნებს? რა პროცესები მიდის საპატრიარქოში და იმართება თუ არა ეკლესია დღეს რუსეთის გავლენის მიხედვით? რატომ აკავშირებს საპატრიარქოში არსებულ დღევანდელ ვითარებას 90-იანი წლების საქართველოსთან, რა კავშირშია რუსეთის უშიშროება და ვინ აწვდის მეუფე პეტრეს ცრუ ინფორმაციებს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი საუბრობს.

_ ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალდების წარდგენა რას ნიშნავს? რას ცდილობენ მის წინააღმდეგ?

_ ეს არის ნაწილი იმისა, რასაც ჰქვია ყველა ინსტიტუტის ხელში ჩაგდება. ფაქტია, რომ წარმატებით დაიწყო მუშაობა „მთავარმა არხმა“, სამ კვირაში დადო რეიტინგი და ამიტომ მცდელობებია მისი რაღაცნაირად განეიტრალების. მცდელობებია იმის, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია გააკონტროლონ. ქვეყნის უზურპაცია მიდის რუსული გეგმით. ამას აკეთებს ივანიშვილი. ეს გამოიკვეთა ყველგან მათ შორის და ეს გამოიკვეთა საპატრიარქოშიც, ვინც ამით იხეირა, ეს ივანიშვილია.

_ წყალტუბოსთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება და განიხილავთ თუ არა მის რეაბილიტაციას არჩევნების კონტექსტში?

_ ჩუგოშვილს წამოსცდა პირველ ჯერზე, ხმებს ვერ მივიღებთო და შემდეგ შეცვალა ჩვენება. ჩვენ – პარტიებს თუ გვაქვს კვლევები, ეს აქვთ მათაც და ჩანს, რომ ვერ მიიღებენ. ამიტომ ისევ ის სტილი წამოიწყო, რაც ჰქონდა. ივანიშვილმა გადააგდო მთელი საქართველო. იქნება ეს პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილის დანიშვნა, იქნება კოკა ყანდიაშვილის გაცოცხლება, სამართლის აღდგენა თუ ქუჩაში შვილმოკლული მამების დგომა. მან გადააგდო ხალხი და ამიტომ დაიწყო მუშაობა ამაზე.

ვინმე ამბობს, რომ ცუდია რეაბილიტაციის გაკეთება? ვინ იტყვის ამას, რომ როდესაც ვინმე ადამიანი კარგს აკეთებს, იმაზე ვინმემ თქვას, რომ ეს ცუდია, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ის არის, რომ ეს კაცი არჩევნებისთვის რაღაცას გააკეთებს და მერე ისევ ჩვენი ჯიბეებიდან ათმაგად იღებს. როდესაც ქვეყანაში ასეთი კორუფციაა, ეს უკან ამოღებაა.

შერჩევითი სამართალია ქვეყანაში და 1 ლარად ხდება პრივატიზაცია. არიან ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, აბა 1 ლარად მისცენ რაღაცები. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში და რაც საპატრიარქოში მოხდა, ეს პროცესი მიდიოდა აქამდე.

_ რა პროცესებია საპატრიარქოში?

_ ავანსცენაზე პირველად შემოიყვანეს იაკობი, რომელიც ძალიან ”ვაჟკაცია”. ის პრემიერს და ისეთ ტიპებს გაუტოლდა. მეუბნებიან, პატრიარქს ნუ გადაეფარებიო და მე არ ვარ ის ტიპი, რომ ვინმეს გადავეფარო. მე მეტი ინფორმაცია მქონდა. 1 წლის წინ შეთავაზება იყო, რომ პატრიარქს ეღიარებინა აფხაზეთი, შეუგზავნეს მას ვიღაც და ეს შეთავაზება გადასცა მას. მაგრამ ილია მეორე არ დათანხმდა.

_ ივანიშვილმა შეუგზავნა?

_ დიახ. ყველაფერს ის აკეთებს. წყნარად, მშვიდად მოხდა ეს.

არ მინდა მეუფე პეტრე ბოლომდე გავწირო, რადგან ვიცი, როგორ მუშაობს რუსეთის უშიშროება. სულ მახსენდება 90-იანი წლები, როგორ გადარევდნენ ხოლმე ხალხს. მეუფე პეტრეს დიდი ხანია, აწვდიან ინფორმაციას.

_ ვინ აწვდის ინფორმაციებს?

_ რუსეთის უშიშროება.

_ იმას ამბობთ, რომ მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია თუ როგორ უნდა გავიგო ეს?

_ არა, არავითარ შემთხვევაში. გადარიეს მეთქი მეუფე პეტრე, იმას ვამბობ. პირიქით, მეუფე პეტრე ამ ყველაფრის მსხვერპლია, როგორც ყველანი მსხვერპლები ვართ. 90-იან წლებშიც ასე იყო და დააზარალეს ორივე მხარე. გამსახურდიას გარშემო ჩაბუდებულები იყვნენ რუსეთის უშიშროების ტიპები. სიგუაც და კიტოვანიც ჯერ მასთან იყვნენ და მერე აღმოჩნდნენ მეორე მხარეს. მოდიოდნენ ჩვენს ოჯახში და ათას სიბინძურეს და ჭორებს გვეუბნებოდნენ, ასევე იყო გამსახურდიასთანაც. ამის ოსტატები არიან და ეს მანქანა უსერიოზულესად დაფინანსებულია. ამიტომ ვამბობ, რომ მეუფე პეტრე ამ ჭორ-მართალი მანქანის მსხვერპლი მგონია.

ივანიშვილს სჭირდება პატრიარქად ისეთი ადამიანი, რომელიც მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იქნება. კი არ იტყვის, რომ აღიარებს აფხაზეთს, არამედ იტყვის, რომ არ აღიარებს, მაგრამ პროცესებს სხვანაირად წაიყვანს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მღვდლები გაზულუქებულები არ არიან, ერთხელ შენთან ინტერვიუში ისიც ვთქვი, რომ ჯეიმს ბონდივით დადიან ჯიპებით-მეთქი. ამის მხილებას არავინ უშინდება, მაგრამ ერთ-ერთი თეოლოგი რომ გამოდის ეთერში და 86 წლის პატრიარქზე ამბობს და მამათმავალს უწოდებს, ასე არ შეიძლება. თანაც ამაზე ამბობს, რა მტკიცებულებები უნდა მქონდესო.

ესენი, მაღალჩინოსნები, მოვიდნენ კადრების დაშანტაჟებით. ეს არის ამ ხელისუფლების ტალახიანი ხელწერა, ამ ხელწერით შევლენ ეგენი ისტორიაში. მეტი მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის რუსეთის ხელწერა, რომელსაც ემორჩილება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება.

საპატრიარქოში რაც გააკეთეს, ამით მეუფე პეტრე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი ხელით ის მოიცილეს, რადგან მას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა და იცოდნენ, რომ შესაძლოა პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატი ყოფილიყო. არა მისი სურვილიდან, არამედ ხალხის სურვილებიდან გამომდინარე. ამიტომ, ცალი ხელით მოიცილეს პეტრე, მეორე მხრივ კი ზღვარგადასული ტალახი მოსცხეს მთლიანად ეკლესიას და მოხუც პატრიარქს. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და მთელ მსოფლიოში ჩახადეს ქვეყანას.

თუ დარღვევები იყო ეკლესიაში, რაღა ეკლესიიდან იწყებ?! კანონმორჩილი ხელისუფლება საეროსაც დაალაგებს და სასულიეროსაც. ხომ გვახსოვს, საერთოდ მრევლი არ არსებობდა და ილია მეორემ შეაკოწიწა. ეს მარტივი არ არის.

_ კი ბატონო, მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ. დღეს არსებობს მრევლი, რომელზეც ეკლესიას აქვს დიდი გავლენა და ვხედავთ, როგორ ერევიან მეუფეები თუ სხვა სასულიერო პირები არჩევნებში და ა. შ. სანაცვლოდ კი საპატრიარქო იღებს უსასყიდლოდ მიწებს და სხვა დივიდენდებს.

_ ამიტომ ვამბობ, რომ მოხუცდა ჩვენი პატრიარქი და ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ უნარი იმისა, რომ პატრიარქი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღოდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნამუსიანად და კეთილსინდისერად გავუშვათ. ეს არც პოლიტიკური და არც მორალურია, რაც ახლა ხდება.

_ თუ ასეთი გეგმა ჰქონდა ხელისუფლებას ეკლესიასთან მიმართებით, მაშინ იმას რით ხსნით, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო მორიგდნენ მეუფე პეტრეს გაწირვის და კიდევ რაღაცების ხარჯზე?

_ თქვენ რატომ გგონიათ, რომ მაინცდამაინც პატრიარქთან მორიგდნენ?!

_ არა, მე არ მითქვამს, რომ პატრიარქთან მორიგდნენ. არ ვიცი, ვისთან მორიგდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ საპატრიარქოსთან მორიგდნენ და გახარიაც კი შეხვდა ილია მეორეს.

_ სინოდის სხდომაზე ილია მეორეს ხმაც არ ამოაღებინეს. ცუდი ძალები მართავენ დღეს საპატრიარქოს. არ გეგონოთ, რომ ილია მეორე კარგ დღეშია. რატომ გვიკვირს ეს? ხომ გამოვიარეთ ეს? გამსახურდია არ ჰყავდათ კარგ დღეში. ჩვენთან სახლში რასაც ყვებოდნენ, 90%-ს არ ვიჯერებდით, მაგრამ შესაძლოა იმ 10%-ს ვიჯერებდით. ასე იყო გამსახურდიაც. ეს არის რუსეთის უშიშროების ბინძური ქმედება. ამიტომ მგონია, რომ მამა პეტრე გააგიჟეს და გადარიეს.

_ ვინ?

_ რუსეთის უშიშროებამ, რომლის მსტოვრებიც ყოველთვის საქართველოში არიან.

_ ანუ ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ?

_ რა თქმა უნდა. შემთხვევითი არ გეგონოთ ის, რომ როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, მან გააცოცხლა ყანდიაშვილი, ფოფხაძე და ნაცვლიშვილი. რატომ უნდა ჩაებარებინათ ყანდიაშვილისთვის ამხელა სამსახური, ან ლაშა ნაცვლიშვილისთვის? რა ავტორიტეტი ჰქონდათ მათ?! არ მინდა მეც ჭორ-მართალის მთქმელებს დავემსგავსო, მაგრამ ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ მათ და ფინალში მათ მიერ დაარსებული ტროლთა ქარხანა აღმოვაჩინეთ.

მე გეუბნებით თქვენ, რომ პატრიარქი დაისაჯა აფხაზეთის არაღიარებისთვის. ეს იყო ერთი წლის წინ და მას ეს გადაუხადეს დღეს. ახლა მოხდება ის, რომ რუსული კლანი მთლიანად დაიპყრობს საპატრიარქოს. ეს იყო ივანიშვილის გეგმა და მან ეს გეგმა შეასრულა. გადავათრიოთ ესენი, მოვიდეს მაგარი მთავრობა, კოალიციური მთავრობა და დარწმუნებულები ვარ, რომ კანონი დაალაგებს საპატრიარქოს. იმას კი არ ვამბობ, რომ შევავიწროებთ, მაგრამ არ დატოვებ უპატრონოდ და გააკონტროლებ ფინანსებს.

როგორც კი ვითარება რთულდებოდა, სულ გვესმოდა პატრიარქზე ამ ტიპის ჭორი და პატრიარქის ლანძღვა, რომელსაც განზრახ არ ვიმეორებ. რატომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც 86 წლის ასაკშია ჩვენი პატრიარქი. პასუხი მინდა, რატომ მაინცდამაინც ახლა?! მანამდე არ გაუგიათ უშიშროების ეს ჭორი? აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

_ ამ ჭორზე სპეკულაციებს ვერც მე დავიწყებ, მაგრამ რაც საპატრიარქოში ხდება, მგონი, ეს ვითარება ბოლომდე გაშიშვლდა და იმიტომ ალაპარაკდნენ ღიად ვიღაცები, თუნდაც მეუფე პეტრე.

_ ქვეყნის სათავეში ცუდი კაცია ივანიშვილის სახით. ეს არის მისი მზაკვრული გეგმა.

_ როდესაც ამბობთ, რომ გაქვთ ინფორმაცია, როგორ მიუგზავნა ივანიშვილმა პატრიარქს ვიღაც და მისგან აფხაზეთის აღიარებას მოითხოვდა, ეს ინფორმაცია საპატრიარქოდან გაქვთ?

_ არა, საპატრიარქოდან არ მაქვს, მაგრამ ეს არის ნამდვილი ინფორმაცია. მაშინ საკითხი ასე მწვავედ არ იდგა და მეც არ გამიმახვილებია ამაზე ყურადღება. მე რომ ოდნავ მაინც ყური რომ მომეკრა, რომ მამა პეტრე ასეთ განცხადებებს გააკეთებდა, მე ადამიანურად ვეტყოდი, რომ ეს ადამიანური შეცდომა იქნებოდა. მე მის მიმართ ცუდი განწყობა არ მაქვს.

_ ახსენეთ, რომ ივანიშვილის გეგმით საპატრიარქო სრულად უნდა დაექვემდებაროს რუსეთს. დღეს არ იმართება რუსეთისგან?

_ საპატრიარქოში უმძიმეს ვითარებაში ჰყავთ ჩაყენებული პატრიარქი. უმძიმეს ვითარებაშია ის და იქ შესული არიან რუსეთის უშიშროების კანდიდატები, ასეთებით არის გამოტენილი საპატრიარქო. სულ რამდენიმე ადამიანია ისეთი, ვინც პატრიარქისთვის ლოცულობს. ამიტომ გეუბნებით, რომ ასეთი მძიმე ვითარებაა.

_ მეუფე შიო საით არის, რუსეთის გავლენის ქვეშ არის თუ პირიქით?

_ ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია და რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ასე იყო 90-იან წლებშიც ზუსტად, სანამ ტვინები არ გაგვასხმევინეს ერთმანეთზე, მანამ თავი არ დაგვანებეს.

ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ მეუფე პეტრეზე იმუშავეს, რა თქმა უნდა, მას ეს არ ეცოდინებოდა. გადარიეს ეს კაცი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მტერი გადაეყარა რუსეთის ამ ბინძურ მანქანას. დიდი შეცდომა მოხდა, ამიტომ გაილანძღა საქართველო. უცხოეთში დიდი სახელი აქვს ჩვენს პატრიარქს და როდესაც იქ გადმოსცემენ იმ სიტყვას, რაც ილია მეორეს უწოდეს და ცილი დასწამეს მას, ეს არის სირცხვილი!

ივანიშვილმა დაამძიმა ქვეყანა და ჩვენ კიდევ ჩვენი ხელით ჩავხადეთ ჩვენივე ქვეყანას.