თამარ ჩხეიძე – „ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილს რამდენიმე მონამ მოუწყო ამბოხი?!“

თამარ ჩხეიძე - „ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილს რამდენიმე მონამ მოუწყო ამბოხი?!“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს. ინტერვიუ ჩაწერილია თბილისში გამართულ მიტინგებამდე.

_ მოვლენების ასეთ განვითარებას მოელოდით?

_ ეს მოვლენები დაიწყო საზოგადოების მოტყუებით. პარლამენტში ჩავარდა დაპირებული კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით იმართებოდა. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ივანიშვილი, რომლის ხელშია შესაბამისი მექნიზმები, ამ დანაპირებს შეასრულებდა. უფრო მეტი პროცენტით მეგონა, რომ ის გამოცხადებულ გადაწყვეტილებას იურიდიულ სახეს მისცემდა.

ეს ხელისუფლება და მისი რეალური მმართველი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ის წავიდოდა ასეთ აშკარა სიცრუეზე და მყვირალა ნაბიჯზე. სამწუხაროდ, ივანიშვილი ამას არ მოერიდა.

_ და გამოიწვია რევოლუციური სიტუაცია?

_ არის თუ არა სიტუაცია რევოლუციური, მოგვიანებით გამოჩნდება. როცა ეს უტიფარი გადაწყვეტილება გამოცხადდა, იმ დღეს გარეთ საკმაო ხალხი შეიკრიბა. ვნახოთ, რა იქნება დაანონსებულ მიტინგზე და როგორც განვითარდება შემდგომი პროცესები.

_ ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის ერთობა, რომელიც პროტესტმა გააერთიანა.

_ როგორც ჩანს, პროპორციულ სისტემასთან ერთად ბუნებრივი ბარიერია ის საკითხი, რომელიც პრორუსულ პარტიებსაც აღელვებთ. მათთვის ბუნებრივი ბარიერი არის პარლამენტში მოხვედრის გარანტია. ამ ინტერესის გარდა, არ ვიცი, რა ამოძრავებთ ასეთ პარტიებს, რომლების უკანაც რუსეთი დგას. ამაზე კითხვები მიჩნდება.

_ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. თუმცა, მათი განცხადებები გაუფასურდა. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდებოდა. სიტუაცია რიგგარეშე არჩევნებისკენ მიდის?

_ მართლაც, ამ ხალხს არ დაეჯერება. თუ ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნები დასჭირდა, გამოაცხადებს. ამ მომენტში ჯერ ვერ ვიტყვით, აწყობს თუ არა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნები.

რიგგარეშე არჩევნები გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ოპოზიციასაც აწყობდეს. მაგალითად, თუ პირობითად შეიქმნა რევოლუციური სიტუცია (მაინცდამაინც ბარიკადებს, სისხლისღვრას და გადატრიალებას არ ვგულისხმობ), გაგრძელდა ხელისუფლების დაშლის პროცესი, ასეთ ცხელ დროს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისათვის ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები.

მმართველი პარტიისათვის ის იქნება მომგებიანი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს მაშინ, როცა მეტ-ნაკლებად, სტაბილური მდგომარეობაა.

რეიტინგდაკარგულმა „ოცნებამ“ არ იცის, რა ელის მომავალში და ის ჩაეჭიდება მისთვის უკეთეს პერიოდს.

ვის უფრო აძლევს ხელს რიგგარეშე არჩევნები? ეს მომავალში გამოჩმნდება. ბევრი რამ გამოჩნდება რუსთაველზე დაგეგმილ მიტინგზე. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საზოგადოებაზე. ჩვენი ხალხი ბევრი რამით უკმაყოფილოა, მაგრამ მაინც აძლევს ხელისუფლებას თავგასულობის უფლებას.

_ რაიმე კონკრეტულ ფაქტს გულისხმობთ?

_ საზოგადოებამ წაუყრუა იმ კაცის პრემიერ-მინისტრად დანისვნას, რომელიც არის 20-21 ივნისის აქციის დამრბევი და ახალგაზრდების თვალების დამთხრელი. ვიცი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ხელისუფლებას ამის უფლება მისცა. ხელისუფლება ბედავს იმდენს, რამდენსაც მას საზოგადოება აბედვინებს.

_ გამოსული ხალხის რაოდენობაც მნიშვნელოვანია?

_ ჩვენთან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნორმალურ, სამართლიან  გარემოში, შეიძლება 5 კაცი გამოვიდეს და ის 5 კაცი იმდენად მართალი იყოს, რომ ამ ადამიანებს მოთხოვნები დაუკმაყოფილონ. ჩვენს ხელისუფლებას სინდისისა და გონების არგუმენტებისა არ ესმის. მას მარტო ძალა უნდა დაანახვო.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის 5000 ადამიანის პროტესტიც არაფერს ნიშნავს. ამიტომ, აუცილებელია აქტიურობა და ბევრი ხალხის გამოსვლა, გასაპროტესტებლის მშვიდობიანი ფორმებით გაპროტესტება. თუ ეს არ დაინახა, ეს ხელისუფლება უარესს ჩაიდენს.

_ არჩევნებს შერეული სისტემით ჩაატარებს?

_ თუ გამოუვა, ამ სისტემას დატოვებს. ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ უნდა ამ შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ რამდენიმე მონამ მოაწყო ამბოხი?! პარლამენტში მოკალათებული მონების ფსევდოამბოხი ივანიშვილის მოწყობილია და ივანიშვილისა უკვე დასავლელ გულუბრყვილო მეთვალყურეებსაც აღარ სჯერათ.

_ როგორ გგონიათ, ეს დადგმა მარტო მაჟორიტარების მონაწილეობით შემოიფარგლა?

_ პარლამენტის უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. ვიმედოვნებ, რომ მათი მოქმედება გულწრფელი იყო. უმრავლესობიდან გამოსულებს შორის იყვნენ ის დეპუტატებიც, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. ვინც მაშინ  გაბედულად მოიქცა, მას შეიძლება ახლაც ვენდოთ.

_ ოპოზიცია როგორ უნდა მოიქცეს?

_ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს თავისი მოთხოვნების წამოყენება. საზოგადოება სამართლიანად ეწინააღმდეგება ხელისუფლების უტიფრობას. შედეგის მისაღწევად აუცილებელია აქტიურობა და ხალხმრავლობა.

სამარცხვინოა, რომ საქართველოს საზოგადოება ქვეყანაში აპარპაშებს ერთ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში მოგვიწყო ფსევდოამბოხი და დაარღვია ხალხისთვის მიცემული პირობა.

ამ ერთი ადამიანის პარპაში ანგრევს ქვეყანას, მით უმეტეს, რომ მის უკან პუტინი დგას.