ცაგერში მოკლული პოლიციელი “ოცნების” დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა – მკვლელობის ახალი დეტალები

ცაგერში მოკლული პოლიციელი "ოცნების" დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა - მკვლელობის ახალი დეტალებისაზარელი მკვლელობა ცაგერში. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული “ქართული ოცნების” დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა.

მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.  მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული.

რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

“შემოიყვანეს 60 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადა თემურ აფხაძემ.

ექიმი ვერ ადასტურებს, ჭრილობა რით არის მიყენებული, მისი თქმით, მამაკაცი ცაგერის საავადმყოფოდან დამუშავებული ჭრილობით შევიდა და მისთვის უცნობია, რა სახის ჭრილობაა. კითხვაზე, რატომ გახდა ქუთაისში გადაყვანა  საჭირო, პასუხობს, რომ მამაკაცი დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს ქუთაისში.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2