ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ივანიშვილმა კაჭრეთში უმრავლესობასთან შეხვედრაზე პარტიის რეიტინგის 60%-მდე გაზრდა მოითხოვა. ხელისუფლების მიზანი არჩევნებზე 60%-ის აღება და კვლავ ძალაუფლების ერთპიროვნულად შენარჩუნებაა?
– დიახ, სწორედ ეს არის ამ 60%-ის გზავნილი. 60%-ზე ვიმუშავებთო და მართლა იმუშავებენ. რეალურად მობილიზებული იქნებიან, მოტივირებულებიც არიან.
ეკლესიაში მიმდინარე პროცესები გადადის ისევ “ქართულ ოცნებასა” და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირების ჭრილში. ისევ იგივეს აპირებს “ქართული ოცნება”. ხელისუფლება იგივე კარტს გაითამაშებს, რასაც წინა ყველა არჩევნებზე. სწორედ ამ სვლამ მოუტანა მას არჩევნებში ზედმეტი თავისტკივილის გარეშე წარმატებები დღემდე. ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობასთან პირისპირ დარჩენას. მე თუ არ ამირჩევთ, ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, ნაციონალურ მოძრაობას კი ვჯობივარ. ასეთი არის გზავნილი.
თუ ამ მიზანს მიაღწევს “ქართული ოცნება”, 60%-ის რა მოგახსენოთ, მაგრამ 50%-ს მართლა შეიძლება გადასცდეს. რასაკვირველია, თუ სრული პოლარიზაცია მოხდება.
საქართველოში ოპოზიცია რაღაც დონეზე ხელისუფლებას მოარყევს ხოლმე, მაგრამ შემდეგ იმდენად არაქათგამოცლილია, რომ საბოლოო მიზნის მიღწევა უჭირს. ამ მომენტში მოდის ვიღაც და ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას იღებს.
ასე იყო 2012 წელს. ამიტომ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაც იყოს, თუ როგორი იქნება ოპოზიცია.
– რას გულისხმობთ?
– რამდენად სწორად იმოქმედებს, დაუშვებს თუ არა შეცდომას, ისეთ შეცდომას, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება მისთვის. აქვს კი გაცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც არც “ქართული ოცნება” მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა.
ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, საითაც გადაიხრება ეს ამომრჩეველი, სწორედ მის მხარეს იქნება გამარჯვება. თუ ისევ ორპოლუსიანი იქნება არჩევანი და ამას არაფერმა ხელი არ შეუშალა, მაშინ “ქართული ოცნებისკენ” გადაიხრება.
არა მხოლოდ ხელისუფლება იმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს, არამედ ოპოზიციაც.
– ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს გარეთ არსებული რეალობის თქმას ვერავინ უბედავს, ვერც გიორგი გახარია. ამიტომ საუბრობენ “ოცნებიდან” წასული დეპუტატები, რომ შეუძლებელია, არჩევნებზე 60%-ის მიღება მოეთხოვა ივანიშვილს.
– რა რეალობაც არის, ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურზე ერთი წლის წინ.
– ივანიშვილისთვის პირველი ტურის შედეგები მოულოდნელი იყო.
– კი, თუმცა, პირველ ტურზე “ქართულ ოცნებას” არ უმუშავია. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი არჩევნებს იყიდის, ეს არის პრობლემა. თუ გულწრფელად სჯერათ, რომ არჩევნების ყიდვა არის შესაძლებელი დღეს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ ისე, როგორც აქამდე. ეს კი ოპოზიციას სრული კრახისთვის გაწირავს.
– რა უნდა ქნას ოპოზიციამ?
– თუ ოპოზიციის მიზანი ერთმანეთში მხოლოდ იმის გარკვევაა, პარლამენტში რომ შეხვალ, კოალიციაში “ქართულ ოცნებასთან” ერთად ხომ არ იქნები, მაშინ ეს მათ დიდ დივიდენდს არ მოუტანს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამას დიდი მღელვარება მოჰყვება ქუჩაში, არ მოჰყვება.
– ეკა ბესელია აპირებს, პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრის დღეს აქცია გამართოს. ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტმა ეს სია უნდა ჩააგდოს. ელოდებით მასშტაბურ აქციას?
– ნამდვილად არ ჩავარდება ეს სია. მოსამართლეთა სია გავა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამოხატვას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება მოხდება, მეორე – ამ ადამიანებმა, ვგულისხმობ კანდიდატებს, უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება ყველაფერს არ ეგუება.
ამდენად, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ აქცია რამდენად მასშტაბური იქნება, ეს სხვა საკითხია.
პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქცია მასშტაბური იქნება.