ზაალ უდუმაშვილი – „კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ გახდება”

ზაალ უდუმაშვილი - „კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ გახდება”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა თბილისის მერიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედზე“ მოდის

კვლევაში მოხვდა მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯული თანხებიც, რაც 2018 წელს, ჯამში, დაახლოებით 2.7 მლნ ლარია. 2017 წელს ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.7 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა. ხარჯების ზრდა განაპირობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნამ, კერძოდ, 2018 წლის ხარჯიდან 2.352.000 სააგენტოს ხარჯია. სააგენტოს მიერ დახარჯული 2.3 მილიონი ლარიდან ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯია, ხოლო უშუალოდ რეკლამაზე 2018 წელს სააგენტომ 675.656 ლარი დახარჯა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კალაძე საკუთარი პიარისთვის ზომაზე მეტად ზრუნავს და ხომ არ დაიწყო მან საკუთარი პოლიტიკური გუნდის იმიჯზე მუშაობა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს.

_ როგორ აფასებთ ამ ანგარიშში გამოთქმულ ინფორმაციას, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაიზარდა უწყებაში ხელფასები და ა. შ. რასთან გვაქვს საქმე?

_ მე მგონი, ეს არავისთვის არ არის ახალი. მთლიანად მერია, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყებები, გადაქცეულია სანათესაო-სამეგობრო კარტელებად. ძირითადად ხდება ”ქართული ოცნების” პარტიული რგოლების დასაქმება და, შესაბამისად, ამაშია პრობლემა. ამიტომაც არის, რომ მერიის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიურად ხარჯონ ფული და სხვა მიმართულებით მიმართონ ფული, ეს მიმართულია მერიის გაბერილ შტატებზე.

გარდა იმისა, მერია ითხოვს, რომ გაიზარდოს თანხები რეკლამისთვის, რაც სრულიად გაუგებარია. რატომ სჭირდება თბილისის მერიას ამ ოდენობის რეკლამა. ეს მაშინ, როდესაც თანხები აკლდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის.

_ ის ფაქტზე რაზე მეტყველებს, რომ ტელერეკლამების 69% ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის?

_ ეს ბუნებრივია ასე იქნებოდა. იმიტომ, რომ ”ქართული ოცნების” მთელი ფინანსები და არა მხოლოდ თბილისის მერიიდან, არამედ სხვა უწყებებიდანაც ტელეკომპანია „იმედში“ მიდის და დანარჩენს სიმბოლურად ანაწილებენ სხვადასხვა ტელევიზიებზე. ესეც იმიტომ, რომ სათქმელად ჰქონდეთ, რომ აი სხვა ტელევიზიებსაც გადავუხადეთ რეკლამის მომსახურებაზე ფულიო.

მთლიანად თბილისის მერია იმდენად აგებულია შიდა კლანურ მმართველობაზე, რომ უკვე აღარც ხალხის აზრი აინტერესებთ, აღარც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები. მათთვის მთავარია, რომ ასეთ მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტულმა ადამიანებმა ნახონ კონკრეტული გამორჩენა საკუთარი სამსახურებიდან. ეს არის ყველაფრის ანი და ბანი.

_ თბილისის მერია პირველი უწყება არ არის, სადაც პიარ-სამსახურები გაიზარდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე ხომ არ გამოდის, რომ კალაძე ყველაზე მეტს სწორედ პიარზე ხარჯავს და ეს აქედანაც ხომ არ გამოჩნდა?

_ ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კახა კალაძე ყველაზე დიდ ფინანსურ სახსრებს საკუთარ პიარში ხარჯავს. ეს ჩანდა თავიდანვე, როდესაც მერიის ბიუჯეტი დგებოდა და გაურკვეველი იყო ეს საკითხი. მხედველობაში მაქვს ის, რომ მხოლოდ სოციალური ქსელების პოსტების გაბუსტვაზე ათეულობით ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ეს არის კოლოსალური თანხები, შესაბამისად გამოჩნდა, რომ ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ამაზე. იმიტომ, რომ დედაქალაქის მერი დაკავებულია თავის პიარზე და ფიქრობს, რომ ამით შეუძლია გავიდეს ფონს სხვა ჩინოვნიკებისგან განსხვავებით.

კახა კალაძე პიარზე ხარჯავს ძალიან დიდ ფულს. ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის ხალხის ფული. ხალხი ფულს იმაში არ იხდის, რომ კალაძემ საკუთარი საქმიანობის პიარი იკეთოს.

ცალკე განხილვის საკითხია პიარის მიმართულებით დასაქმებული ხალხის ანაზღაურება. არის ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების, რიგითი თბილისელების, ფულია. ეს თანხა აკლდება ჩვენს ქალაქს და ის მიდის კალაძის პიარში.

_ ეს იმასაც ხომ არ მიანიშნებს, რომ კახა კალაძე ამით იქმნის საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს და ზრუნავს საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის სამომავლოდ. მას შემდეგ როდესაც შესაძლოა დაიშალოს ”ქართული ოცნება”, ან უბრალოდ გამოვიდეს „ოცნებიდან“?

_ ჩემთვის ძალიან ძნელია, ვიწინასწარმეტყველო, რას იზამს კალაძე მომავალში, თუმცა გარკვეული ნიშნები ამ მიმართულებით ნამდვილად ჩანს. არის იმის ნიშნები, რომ კალაძე რაღაცნაირად წარმოჩინდეს დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს გასაგებია და აშკარად ჩანს. ამას გარდა არის ისიც, რომ თვითონ ”ქართულ ოცნებაშიც” დიდი დაპირისპირებაა.

_ დაპირისპირება ვისსა და ვის შორის?

_ დაპირისპირებაა მთავრობის კლანებს შორის. რამდენიმე კლანია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არიან დაახლოებული და ისინი ახლა სწორედ ერთმანეთში იბრძვიან გავლენებისთვის.

კალაძის კლანიც ერთ-ერთია ამ კლანებს შორის, რომელიც ახლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის არის. ამ ფინანსებისა და პიარის მეშვეობით კალაძე ცდილობს, რომ საზოგადოებაში გარკვეული იმიჯი შეიქმნას. სწორედ ამას ემსახურება ეს გაზრდილი თანხებიც.

მაგრამ მომავალში რას იზამს კალაძე, ეს ჩემთვის ცოტა რთული სათქმელია. მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ის შესაძლოა გახდეს გარკვეულწილად მაინც დამოუკიდებელი მოთამაშე. ეს შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში.

ივანიშვილი არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს.