ზაზა ხატიაშვილი – “ჩვენ გვაწყობს, რომ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნონ”

ზაზა ხატიაშვილი - “ჩვენ გვაწყობს, რომ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნონ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზაზა, მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კანონით, 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულად ვერ ცნობენ. თვალგამოთხრილი ადამიანი დაზარალებული არ არის?
– მოდით, ჯერ ის ვიკითხოთ, თადუმაძეს რა განათლება აქვს, ამ განცხადებას რომ აკეთებს?! პირადად მე თადუმაძის ნებისმიერ განცხადებაზე ძალიან მეღიმება. პირველ რიგში, როდესაც ადამიანები დაარბიეს და თვალები დათხარეს, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალოგიით.
არის გადაწყვეტილება საქმეზე “იზსი თურქეთის წინააღმდეგ”, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული, მაგრამ თუ გამოიყენებ, აუცილებლად უნდა იყოს მიწიდან ასხლეტილი და არ შეიძლება დაბჯენით სახეში სროლა. აქციის დარბევის შემდეგ, არ შეიძლება ამ ადამიანებზე ძალადობა, თუ მათგან საფრთხე აღარ მომდინარეობს.
სამივე ეს კომპონენტი, ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია. აქედან გამომდინარე, აქ მოხდა დანაშაული და ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს, ვინც ეს ბრძანება გასცა, ყველა უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული!
– ამიტომ არ ცნობენ ამ ადამიანებს დაზარალებულად, პასუხისმგებლობა რომ აიცილონ?
– თადუმაძის უწყება არ ცნობს ამ ადამიანებს დაზარალებულად, იმიტომ, რომ ჩვენ გავდივართ მოქმედ პრემიერ-მინისტრზე. გახარიამ განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება. თუ გახარიამ გასცა ბრძანება და თუ ჩვენ დავეყრდნობით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე.
როცა ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, ამ კაცის ადგილი იქნება ვანო მერაბიშვილის გვერდით, რომელიც ანალოგიური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს!
– პროკურატურა აფარებს ხელს პრემიერის მიერ ჩადენილ დანაშაულს?
– რა თქმა უნდა! ვანო მერაბიშვილი უკვე 7 წელია ციხეში ზის, გახარიები და ძმანი მისნიც, მოხვდებიან ამ კამერებში. ისტორია მეორდება, მათ კი ჭკუა ვერ ისწავლეს. თუ ერთი პრემიერი ციხეში ზის ანალოგიური დანაშაულისთვის, მეორე პრემიერი, რომელმაც უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა, რანაირად გადარჩება?! თანაც გამოვიდა და მოგვახსენა, მე გავეცი ბრძანებაო.
დღეს ივანიშვილის რეჟიმი ჩემოდნებზე ზის, მიხვდნენ, რომ ცუდად აქვთ საქმე.
– ჩამოიშლება ეს ძალადობრივი სისტემა?
– რა თქმა უნდა, თან ძალიან მალე. სააკაშვილის რეჟიმი რასაც აკეთებდა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით წასვლამდე ერთი წლით ადრე, ზუსტად იგივე დაიწყო ივანიშვილის რეჟიმმა.
კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე მართავს სახელმწიფოს. პირდაპირ ეთერში დადასტურდა, რომ ჩვენს მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, აქვს ყალბი დიპლომი. სავარაუდოდ იმიტომ ვამბობ, რომ განაჩენი არ არის ჯერ ამ საქმეზე. შევიტანე საჩივარი და ამაზე გამოძიება არ დაიწყებაო. თვითონვე გამოდის კაცი და ამბობს, რომ 1993 წელი უწერია დიპლომში, მაგრამ 1993 წელს ეს ინსტიტუტი არ არსებობდაო. აი, ამას ამბობს ეს სასაცილო კაცი. ეს არის დანაშაული, ეს არის ყალბი დიპლომის გამოყენება!
– კეთდება შეფასებები, რომ სასამართლოშიც და პროკურატურაშიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთების შესრულება მიდის.
– მე ასე არ ვიტყოდი, დაკვეთების შესრულება კი არ ხდება, ხდება უფრო მეტი. ეს კაცია ფაქტობრივი გენერალური პროკურორი. ყველგან მთლიანად ივანიშვილის მმართველობაა. ერთი კაცი გვყავს ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრიც, გენერალური პროკურორიც, მოსამართლეც, ფინანსთა მინისტრიც, ჯანდაცვის მინისტრიც და განათლების მინისტრიც.
– ფონი მძიმეა, “ოცნება” კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დასარჩენად ემზადება.
– ეს გამორიცხულია, ვერ დარჩებიან.
– მოსამართლეების დამტკიცების საკითხს ალბათ დიდი სკანდალი მოჰყვება.
– არანაირი სკანდალი არ უნდა მოხდეს. თადუმაძე რომ გახდეს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარე, ეს უფრო გვაწყობს ჩვენ. ყალბი დოკუმენტის გამოყენება აქვს ამ კაცს. მოვა ახალი ხელისუფლება, გამოიძიებს ამ საქმეს და თადუმაძეც მოშორდება უზენაეს სასამართლოს.
იქ რომ ივანიშვილის მონა დანიშნონ, რომელსაც ყალბი დიპლომა არ აქვს, რანაირად გინდა, რომ მოიშორო?! ამიტომ ჯობს, ისევ თადუმაძე დანიშნონ და მერე ეს მონები მოვიშოროთ ივანიშვილთან ერთად.
დღეს ქვეყანას მართავს პარტია, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია. სააკაშვილის ამ ფაშისტურ რეჟიმს რაღაც იდეოლოგია მაინც ჰქონდა. ქვეყანას მართავს ბრბო, რომლის მთავარი იდეოლოგიაა ბიძინა ივანიშვილის მორჩილება. ეს ქვეყნისთვის დამღუპველია.
ამ ფონზე მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იცით, რატომ?!
– რატომ?
– აი, ამ დონეზე უნდა დაბინძურებულიყო ქვეყანა, ამ დონეზე უნდა განადგურებულიყო ქვეყანა, რომ ადამიანმა 20 ლარად ხმა არ გაყიდოს! ამ გაყიდული ხმების გამო, ქვეყანა ჩავარდა ამ დღეში!
დღეს ცირკთან მდგომი ქალი უფრო პატიოსანია, ვიდრე ის, ვინც საკუთარ ხმას 20 ლარად ჰყიდის! ვინც ხმას გაყიდის არჩევნების წინ და ფულს აიღებს, ის ყველაზე ბინძური ადამიანია, სულით ბინძური!
– აღარ გამოუვათ ხმების ყიდვა და მესამე ვადით მოსვლა?
– გამორიცხულია. არ არსებობს. დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ივანიშვილს 1% შანსი არა აქვს, სულ რომ შვიდივე მილიარდი დახარჯოს! საქართველოში აღარ უნდათ რევოლუცია და ხალხი ამიტომ გაჩერდა.
ეს სწორიც არის, რევოლუციით ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ თუ ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, აი, მაშინ თუ გამოვა ხალხი. ამას უკვე მთელი დასავლეთი მხარს დაუჭერს, იმიტომ, რომ მან არჩევნების შედეგები მოიპარა. ეს კანონიერ ხელისუფლების დამხობა კი არ იქნება, ეს იქნება ხმების მოპარვის აღკვეთის მცდელობა და ამას უკვე ყველა მხარს დაუჭერს.
– ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ მძიმე განცხადებები მეუფე იაკობისგან, თუმცა გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ამ განცხადებებზზე საქმე არ აღიძრება, რადგან აბსურდული განცხადებები იყო. უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება?
– მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ და ეს თემა ჩემთვის ძალიან ფაქიზი და მტკივნეულია. საპატრიარქოს საქმეებში არ უნდა ჩაერიოს არავინ, თვითონ ეკლესიამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხები.
მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ ეგუება, რომ ივანიშვილზე პოპულარული ამ ქვეყანაში ვინმე ცხოვრობს. ამიტომ მიიტანეს შეტევა ჩვენს უწმინდესზე და უნეტარესზე.
მეუფე იაკობი თვალში არ მოსდის ხელისუფლებას, რადგან სწორედ მან ჩაუშალა საქართველოში მარიხუანის კულტივაციის გეგმები, რაც ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი. დამატებითი მილიარდები ვერ ჩაიჯიბეს და ფარული ომი იყო გამოცხადებული ამ პიროვნების წინააღმდეგ.
მეუფე იაკობი იყო პერსონა ნონ გრატა მაგათთვის და მას დაუპირისპირდა მთელი ეს სახელისუფლებო ბრბო. ეს არის სახელმწიფო ბოროტება, რაც დღეს ხდება ეკლესიასთან მიმართებაში.