18 ნოემბრის შემდეგ აქტივისტები ჯამურად 28.500 ლარით დააჯარიმეს

 18 ნოემბრის შემდეგ აქტივისტები ჯამურად 28.500 ლარით დააჯარიმეს„ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაკავებას, ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლეები კი აქტივისტების საპატიმროებში მოთავსებასა და დაჯარიმებას“, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებაში.

აქტივისტების ინფორმაციით, ძირითად შემთხვევაში, მოსამართლეები არაპროპორციულ ჯარიმებს აკისრებენ დაკავებულებს 2500, 2000, 1500 ლარი: „ეს ის თანხაა, რომლის გადახდასაც ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პოლიციის მიერვე მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე აკისრებენ“.

როგორც „სირცხვლია“ აღნიშნავს, „შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 92%-ზე მეტის ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარი ან ნაკლებია, ჯარიმების არაპროპორციული ოდენობა კი ემსახურება ერთადერთ მიზანს – სამართლებრივი ბერკეტისა და სასამართლოს ბოროტად გამოყენებით, აქტივისტებზე ფინანსური ზეწოლის მოხდენას”.

მოძრაობის ცნობით, 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებისას დაწყებული დაკავებებიდან დღემდე, აქტივისტების ჯარიმებმა ჯამში 28500 ლარი შეადგინა.

„ჯარიმები არ არის ის ერთადერთი საშუალება მოძრაობა სირცხვილიასა და ზოგადად აქტივისტებზე ეკონომიკური ზეწოლისთვის – 26 ნოემბერს აქციაზე დაგეგმილი პიკეტირების ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცავებმა აქტივისტებს ჩამოართვეს წინა დღეებში ნაყიდი შეშა, კასრები და სხვა უსაფრთხო საგნები, რაც მშვიდობიანი აქციის ორგანიზებისთვის მოძრაობა „სირცხვილიამ” შეიძინა. რა თქმა უნდა, ჩამორთმეული საკუთრება მოძრაობისთვის არ დაუბრუნებიათ“, – აღნიშნავს „სირცხვილია”.

რადიო თავისუფლება