ადვოკატი ჯიტა გულუა – ”ბერ სვიმონ ქავთარაძეს ბრალი წაუყენეს. რომან მალანიამ დაადასტურა, რომ ჩანთა მამაომ გადასცა”

ადვოკატი ჯიტა გულუა - ”ბერ სვიმონ ქავთარაძეს ბრალი წაუყენეს. რომან მალანიამ დაადასტურა, რომ ჩანთა მამაომ გადასცა”ნარკოდანაშაულში მხილებული სასულიერო პირის საქმეში ბრალდებულმა რომან მალანიამ, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, დღეს დილით საკუთარი ჩვენება შეცვალა. ბრალდებულმა, რომელმაც დანაშაული სხვის ნაცვლად საკუთარ თავზე აიღო, საქმის ახალ გარემოებებზე პირველად ისაუბრა.

რომან მალანიამ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც სასულიერო პირი ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა.

როგორც რომან მალანიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამჯერად გამოძიებასთან ითანამშრომლა და დეტალებში მოუყვა გამოძიებას, თუ რა ვითარებაში მისცა მას ჩანთა სასულიერო პირმა, რომელშიც მოგვიანებით ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.

“რომან მალანიამ დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჩანთა, სადაც იყო ნარკოტიკული ნივთიერება მოთავსებული, მას მამაომ გადასცა. მისი თქმით, ბერმა გააფრთხილა, რომ ჩანთა არავის ხელში არ უნდა მომხვდარიყო, განსაკუთრებით კი ორი ნივთი. როდესაც მალანიას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა, გაახსენდა ბერის სიტყვები. მისი თქმით, პირველი რაც თავში მოუვიდა – დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იყო და თქვა, რომ ჩანთაში იყო ნარკოტიკული ნივთიერება” – განაცხადა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ.

ცოტა ხნის წინ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ სცნობს.

„მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყო ან გირაო, ან თავდებობა, ან სხვა რაიმე უფრო მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება, ვიდრე დაკავებაა.

რაც შეეხება რომან მალანიას, ცნობილია, რომ მასთან დაკავშირებით შეფარდებულია გირაო. იმისთვის, რომ გათავისუფლდეს საპყრობილედან, უნდა მოხდეს გირაოს უზრუნველყოფა ქონებით, თუმცა ეს არის პროცესუალური ნორმა, რომლის შესრულებას ფიზიკურად ვერ ვასწრებ ამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. თუ დღეს მოესწრება ამის გაკეთება, ის ხვალ იქნება გათავისუფლებული“, – განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

დაცვის მხარეს აქვს იმედი, რომ მას საპატრიარქო უშუამდგომლებს, თუმცა სამეგრელოს ეპარქიაში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ლოცვა შეუძლიათ.

“ჩვენი ვალი სწორედ ეს არის რომ ჩვენი თანადგომა იყოს ლოცვითი შუამდგომლობით გამოხატული. შვილისა და ძმის მობრუნებაზე ვიფიქროთ,” – აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, სვიმონ ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა.

რომან მალანიას სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.