ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის რომან ნადირაძის განცხადებით, დაკავებულს ბრალი წარედგინა, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმდათ.
მისივე თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მასალები ახლა გადმოგვეცა. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ს 19-109 მუხლით და შესაბამისად, მეორე პირსაც წარედგინა ბრალი, დანარჩენი გამოძიებით დადგინდება. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, იქნება ხვალ, დღის პირველ ნახევარში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ მაქვს, იმაზე მეტი გითხრათ, რის უფლებასაც არ მაძლევს თავად ბრალდებული”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი დღეს წარედგინა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ტატო ღარიბაშვილის გარდა ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინეს.
იპნ

