ალექსანდრე ერქვანიამ ”ოცნება” და უმრავლესობა დატოვა – ”გაფრთხილებთ, რომ პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებთ!”

ალექსანდრე ერქვანიამ ”ოცნება” და უმრავლესობა დატოვა - ”გაფრთხილებთ, რომ პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებთ!”„ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.

„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

დეპუტატმა განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

”ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა.დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მისი თქმით, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ქვეყნისა და ერის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის.

”სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა.

ყველას, ვისაც ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილება სურს, მინდა გაგაფრთხილოთ, არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს.

სადღეგრძელოებში გამოხატული ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა, დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა. სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი სარწმუნოება – მართლმადიდებლობაა.

აქვე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადო. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.

მინდა, მივმართო უმრავლესობის ლიდერებს – ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებებით და სხვადასხვა საკითხებზე ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა.

ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას. ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად,“ – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

იპნ