არჩილ თალაკვაძე – ”მრავალმანდატიან მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ”

ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომელტა მიხედვითაც, მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არგუმენტების გათვალისწინებით, ამ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან დიალოგი გრძელდება.

„განვიხილეთ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ არსებული წინადადება, როგორც გითხარით, ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. რეალურად დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.

სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობის შანსებს და ინტერესებს რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ. მეორე პრობლემა არის ის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემთხვევაში, ხდება ოლქების გამსხვილება, ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე გაერთიანება ახლაც არსებობს და ამან 2016 წლიდან უკვე წარმოშვა პრობლემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ეს დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას და ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას. არგუმენტების გათვალისწინებით შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იპნ