ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
სასულიერო პირი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.”ნიუპოსტმა” კი რეზონანსული საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო – კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა, რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, უდანაშაულოა.
ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს, მას ეკუთვნის.
“ჩანთა რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, მე გადავეცი მალანიას. თბილისში გავატანე, მეორე დღეს უნდა ჩავსულიყავი დედაქალაქში და ამეღო ჩანთა”- წერს სასულიერო პირი ჩვენებაში.
მსაგავსი ჩვენების არსებობას ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა.
“ნიუპოსტთან” საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ქავთარაძე ალკოდამოკიდებულია.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, მალანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მაშინ აიყვანეს, როცა ის სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გადაადგილდებოდა. ჩხრეკისას კი ჩანთიდან, რომელიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირს ეკუთვნის, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება, 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო.
თავდაპირველად სამართალდამცავებმა მალანია დააკავეს, თუმცა მას შემდეგ რაც ბერი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა, სასამართლომ მალანიას 10.000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ამასთან, როგორც გავარკვიეთ, დაკავებულის ძმა ზუგდიდში მოღვაწე დეკანოზი გიორგი ქავთარაძეა.
გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სასულიერო პირი საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა და ზუგდიდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
ნიუპოსტი

