ბაჩანა შენგელია – „ნუთუ მართლა დავიმსახურე იას შვილობა…” – ია კერზაიას დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შვილი ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

“ჯოჯოხეთური ერთი წელი იმ დღიდან, როდესაც სიცოცხლე ორად გაიყო – სიცოცხლე 9 დეკემბრამდე და 9 დეკემბრის შემდეგ…

ბოლო წამამდე იმედი მქონდა, სანამ საავადმყოფოს ოთხი სართულის კიბეებზე დავიწყებდი ასვლას. მინდოდა კიბის საფეხურები არასდროს დასრულებულიყო, რადგან იქ, მეოთხე სართულზე ზუსტად ვიცოდი რაც მელოდა. მელოდა ექიმი, რომელსაც საასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეცხადებინა. თვალებით მითხრა ყველაფერი …

ერთი წელია რაც სხვა სამყაროში გადავინაცვლე, ყველგან და ყველაფერში ვეძებ, ყველა ცოცხალ არსებაში, მცენარეებში. ყველგან სადაც სითბოა, სიყვარულია და ლამაზი ფერებია. ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერსად ვიპოვე ასეთი სილამაზე, ასეთი სიყვარული, ალბათ ამ ქვეყნად ვერასდროს ვიპოვი, მაგრამ ძებნას სულ გავაგრძელებ.

ხანდახან მრცხვენია და ვფიქრობ, ნუთუ მართლა დავიმსახურე იას შვილობა, ნუთუ ღმერთს ასე გამორჩეულად ვყვარებივარ? ვყვარებივარ კი?!

როგორ შეიძლება ამდენ სიყვარულს ადამიანი გასცემდეს? როგორ შეიძლება ამდენ სითბოს ერთი ადამიანი იტევდეს? არ ილევა სითბო და სიყვარული რაც შენგან გაცემული მიბრუნდება, დე. ალბათ რამდენ ათას მოსწავლეს და სტუდენტს გადაეცი, ყველას შენებურად, უზომოდ, გიჟურად.

წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, დაუჯერებელი და არარეალური. იმდენად არარეალური, რომ იას არყოფნაზე მეტად, მირჩევნია ჩემი იმქვეყნად ყოფნა დავიჯერო.

ვიცი, რომ მხნედ უნდა ვიყო, ისიც ვიცი არაფრით თავი რომ არ უნდა დავხარო. რადგან მე ახლა მარტო ჩემ თავს არ ვეკუთვნი, იას შვილობა ღვთის წყალობაა და ეს პატივი ღირსეულად უნდა ვატარო. ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, მისი გზა ღირსეულად არის გასავლელი!

აქ მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, ოდნავ ნაღვლიანი, თითქოს მომღიმარი, მაგრამ ჩაფიქრებული. ფართო, ნათელი შუბლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებით. როგორც თვითონ ამბობდა ,,რაღაცნაირ შემოდგომას” გადაღებული.

მიყვარს უზომოდ, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე მიყვარდა, თითოეული წუთი და წამი მისი სიცოცხლის, რომელიც არასდროს არ დასრულდება, რადგან ღმერთი სიყვარული არს” – წერს ბაჩანა შენგელია.