დავით დარჩიაშვილი – “ოცნებისგან” ყველანაირი სისულელე არის მოსალოდნელი”

დავით დარჩიაშვილი - “ოცნებისგან” ყველანაირი სისულელე არის მოსალოდნელი”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა. არის ოპოზიცია მზად დიალოგისთვის?
– ეს მოწოდება ხელისუფლებას ეხება. ოპოზიცია მოლაპარაკებების წინააღმდეგ არასდროს ყოფილა. ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს, იმ დანაპირების შესრულებას, რაც იყო. კანონპროექტის შექმნას, რა თქმა უნდა, მსჯელობა სჭირდება წინასწარ თუ შემდეგ პარლამენტის დარბაზში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღებია. შესაბამისად, ელჩების, დასავლელი პარტნორების მოწოდებები სრულიად გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის იგნორირება ბოლო დღემდე ხდებოდა, ვერ გეტყვით, ახლა თუ აზრს შეიცვლიან.
– ფიქრობთ, შეიცვლიან?
– მორიგი ტრიუკი იქნება თუ სერიოზული განწყობა, მიჭირს ამ ყველაფრის შემდეგ ამის თქმა.
– თემა დახურულია, არჩევნებისთვის მოემზადეთ, ასეთი იყო “ქართული ოცნების” მოწოდება.
– თემას ივანიშვილი და მისი ანტურაჟი ხურავდა, მაგრამ დასავლეთის ზეწოლა ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს.
დასავლეთის ზეწოლა შედეგია იმ განწყობების, რომლებიც თავად საზოგადოებაშია. იმ საპროტესტო მუხტის, რომელიც არის ქვეყანაში. ჰაერიდან არ მოსულა დასავლეთის ზეწოლა.
ეს ზეწოლა გადაიზრდება ისევ ტრიუკის მცდელობაში, ყველას მოტყუების მცდელობაში თუ ხელისუფლება მიხვდება, რომ მოტყუების ლიმიტი ამოწურულია, ეს უნდა ვნახოთ.
– რატომ, უშვებთ შესაძლებლობას, რომ ისევ რაღაც სცადოს ხელისუფლებამ?
– რასაკვირველია! რატომ არ უნდა დაუშვა შესაძლებლობა, როდესაც საქმე მატყუარებთან გვაქვს?!
– რაზე შეიძლება იყოს დიალოგი? გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიალოგის თემა მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას უნდა შეეხებოდეს.
– დიახ, თემა არის პროპორციული საარჩევნოს სისტემა, მთავარი თემა არის ეს.
– გერმანული მოდელი თუ პირდაპირ პროპორციული სისტემის ამოქმედება, როგორც დაპირება იყო?
– გერმანული მოდელი ამის სწრაფად და უმტკივნეულოდ გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მთელი ამ ამბის შინაარსი ხომ ის არის, რომ მაჟორიტარები აუჯანყდნენ ივანიშვილს, რომ მაჟორიტარებმა მოაწყვეს ამბოხი გუნდში, ჰოდა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შეიძლება მათი უკმაყოფილების პირობებშიც კი მიიღონ.
ბურთი მათ მოედანზეა. უნდათ პროპორციული საარჩევნოს სისტემა მიიღონ, უნდათ ე.წ. გერმანული მოდელი. ჩვენ მხოლოდ დაველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ოპოზიციის მხრიდან ყველანაირი კონსტრუქციული წინადადება იყო და არის კიდეც. მთავარია გადაწყვეტილება მიიღონ და რა ფორმით შეფუთავენ, ესეც მათი გადასაწყვეტია, მთავარია, ეს არ იყოს ტყუილი.
ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.
– ქუჩაში პროტესტი შეწყდება?
– აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ენა ამ ადამიანებს არ ესმით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება იმისთვის, რომ კარგად დაინახონ, რომ საზოგადოება თავის პოზიციაზე მყარად დგას.
– თუმცა, ხელისუფლება გპასუხობთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, სესია არ არის ჩაშლილი, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს.
– როგორ მოქმედებს თავისი დღის წესრიგით და რა ნერვიული ატმოსფეროც აქვთ, ეს კარგად იგრძნობა. მართლაც ისე რომ იყოს, როგორც ამბობენ, მაშინ მათი მხრიდან ეს განცხადებები არ გაკეთდებოდა.
თუმცა, ყველანაირი სისულელე არის მოსალოდნელი, მაგალითად ისეთი, რომ რკინის კედლებით გაყონ ქუჩები, ისე, რომ ადამიანები საკუთარ სახლამდე ვერ მივიდნენ, იმდენად შეყვარებულები არიან ძალაუფლებაზე.
უფრო ზუსტად კი ეს ერთი ადამიანისგან მოდის, დანარჩენი შლეიფი იქცევა ისე, როგორც ამ ერთ ადამიანს უნდა. შლეიფი სკამების, მანქანების, პრემიების, ვიზიტების, აუზების ხიბლშია, ამის დათმობა არ უნდათ. ეს არის და ეს.
ძალიან გაუტკბათ. ამ სიტკბოებას რომ ვერ ელევიან, ამიტომ ათასგვარი სისულელე მოსდით. არადა, რეალურად ადეკვატური ხელისუფლება ამ დროს კომპრომისებზე უნდა ფიქრობდეს.
– ივანიშვილი, ხელისუფლება ამბობს, რომ ქუჩაში ნაციონალური მოძრაობა და მისი 200 მხარდამჭერი დგას.
– ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე არის, მაგრამ ეს პროცესი ამით არ იწყება და არ მთავრდება. ეს ჩანს ამ აქციების ორგანიზატორების შემადგენლობიდან, ასევე ჩანს იმ მიტინგებიდან, რომლებიც იმართება რუსთაველზე.
თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ დათვალონ, რეალურად რამდენი ადამიანი გამოდის დიდ მიტიგებზე. კონკრეტულ მოცემულ მომენტში, მაგალითად, ამ წუთში, პარლამენტის შენობის წინ ვდგავარ და 200 კაციც არ დგას, ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ ეს რამეს ცვლის?! ცვლის იმ საპროტესტო განწყობას, რომელიც ქვეყანაშია?! ადამიანები ისვენებენ, ელოდებიან გადაწყვეტილებებს, მოწოდებებს, ასე მოქმედებენ.
– როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება დაიხევს უკან, მოუწევს პირობის შესრულება?
– საბოლოო ჯამში ასე იქნება, რადგან ივანიშვილი დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. დინების წინააღმდეგ მოძრაობა კი შეუძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს.
ყველანაირი რესურსი, მათ შორის ადმინისტრაციულიც და ფინანსურიც, ამოწურვადია, თუკი შენი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს, მის განვითარებას ეწინააღმდეგება.