ერეკლე კუხიანიძე “ოცნებამ” უმრავლესობიდან გააძევა

ერეკლე კუხიანიძე "ოცნებამ" უმრავლესობიდან გააძევასაკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

“ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ”, – განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდება. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

იპნ