გია ბარამიძე – ”ქართულ ოცნებას” შერეული სისტემითაც დავამარცხებთ”

გია ბარამიძე - ”ქართულ ოცნებას” შერეული სისტემითაც დავამარცხებთ”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია გრძელდება. 29 ნოემბერს მმართველმა გუნდმა მორიგი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. მაშინ როდესაც პარლამენტის პიკეტირება 10 საათზე იგეგმებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დილის 7-8 საათზე მივიდნენ. შემდეგ კი მცირე დაპირისპირება მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც თეა წულუკიანი მივიდა და აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს პროტესტით დახვდნენ.

რა პროცესები მიდის ქართულ პოლიტიკაში, ხომ არ უნდა ველოდოთ საზოგადოების დაპირისპირებას, ელოდებიან თუ არა დაჭერებს და რაში გამოიხატება ოპოზიციის მიერ მიღწეული პროგრესი, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დათმობას არც კი განიხილავს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე საუბრობს.

_ შეაფასეთ ბოლოს განვითარებული მოვლენები. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილის 7-8 საათზე გამოცხადდნენ, შემდეგ კი ვნახეთ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება. რასთან გვაქვს საქმე?

_ ფაქტია, რომ ხელისუფლება და ეს რეჟიმი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჯერ პარლამენტში შესასვლელად და ბიუროს ჩასატარებლად რობოკოპები გამოიყენეს, შემდეგ ჯერზე კი აბსოლუტურად გამაოგნებელი რაღაცა ვნახეთ ჩვენ დედაქალაქის ცენტრში _ მას შემდეგ, რაც ჩვენ ოკუპაციის ხაზზე გვაქვს ბარიერები აღმართული, მაგის მსგავსი და ბერლინის კედლის მსგავსი ჯებირები აღმართეს და გარს შემოარტყეს პარლამენტს.

ამ მეთოდით შეეცადნენ პროტესტის ხელშეშლას და ამ პროცესის ჩაშლას.

ბოლოს კი უკვე დილის 5 საათზე ადგომა მოუწიათ დეპუტატებს, რათა 7 საათზე პარლამენტში ყოფილიყვნენ. ნათელია, რომ ხელისუფლებას, რომელსაც განურჩევლად ორიენტაციისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უპირისპირდება, დაკარგული აქვს მორალური ზნეობა და ფსიქოლოგიური უპირატესობაც. იმაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომ ის ძალიან სერიოზულად გაკოტრებულია იმ შედეგების გამო, რაც სახეზე გვაქვს 7 წლის მმართველობის შედეგად.

_ ამის ფონზე ივანიშვილი მაინც ნაციონალურ მოძრაობას ახსენებს ყველა ბრუნვაში.

_ დიახ, ეს აჩვენებს მის არაადეკვატურობას. ის მოწყვეტილია რეალობას და ვერ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. ის ლაპარაკობს ტონით, თითქოს მან ყველა დაპირება შეასრულა. ანუ უტიფრობის ზეიმია, მაშინ როდესაც ციფრები ყველაზე კარგად საუბრობენ ფაქტების თაობაზე.

საქართველოს ეკონომიკის ნიშნული დღეს 16 მილიარდზე ნაკლებია, ეს ხდება 7 წლის შემდეგ, იმ დროიდან, რაც ივანიშვილმა ჩაიბარა საქართველოს ეკონომიკა 16 მილიარდი დოლარით. ანუ მთელი 7 წლის განმავლობაში წინსვლის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ უკუსვლა. მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, რომელსაც ივანიშვილი გაუთავებლად ახსენებს, საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. ბიუჯეტი კი _ 11-ჯერ.

_ შეაფასეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 100 დეპუტატი ითხოვს, რომ შეკრებილ 120 მანიფესტანტს პასუხი გასცეს ადეკვატური. ეს განცხადება როგორ გაიგეთ?

_ არ ვიცი, რას გულისხმობენ ადეკვატურ პასუხში. მე რომ კაცმა მკითხოს ადეკვატური პასუხი იქნებოდა ის, რომ გამოვიდნენ ივანიშვილის რეჟიმის მსახურობიდან და მონობიდან.

ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები დააპირისპიროს ერთმანეთს და ამ დაპირისპირების ფონზე მღვრიე წყალში კვლავ თევზი დაიჭიროს.

გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი ყოვლად უზნეოა და ყველაფრის მკადრებელი ადამიანია. ასე უტიფრად გამოვიდა. ილაპარაკა, რომ თურმე ყველა დაპირება შეასრულა. როდესაც ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იზრდება, უმუშევრობა იზრდება და ასევე ფასები და სიღარიბე, ლარის კურსი კი საშინელ მდგომარეობაშია. 1.65 იყო ჩვენ დროს, ახლა კი 3-მდეა ასული.

იზრდება კრიმინალი და კორუფცია და თვითონვე ვერ მალავენ ამას.

_ ისიც გვითხრა, რომ ხელს შევუწყობთ, წავიდნენ ქართველები და სხვაგან ნახონ სამუშაო ადგილები, საქართველოში ამას ვერ ვაკეთებთო.

_  დიახ, ამ ფონზე ამ უნამუსომ გამოაცხადა პროგრამა საქართველო ქართველების გარეშე. ის ცოტა ხნის წინ ყველას ჰპირდებოდა დასაქმებას და აყვავებულ საქართველოს. თურმე უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები გააგზავნოს საქართველოს გარეთ.

_ როცა ამბობთ, რომ ივანიშვილი ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს, ამ ფონზე თუ ხართ მზად ყველა სცენარისთვის, რომელიც შესაძლოა მან დაუდოს ოპოზიციას?

_ ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ და ადეკვატურად ვიმოქმედებთ ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენი მოქმედებების გზა და სტრატეგია არის მშვიდობიანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს, მაგრამ თუ სხვა გზას აირჩევს ივანიშვილი დაწყებული ჩვენი დაჭერებით და გაგრძელებული სხვა მეთოდებით, ადეკვატურად შევხვდებით.

_ დაჭერებსაც ელოდებით?

_ რა თქმა უნდა.

ივანიშვილის ჯიბეში არსებული და მისი კონტროლის ქვეშ ერთადერთი, რაც არის, ეს არის საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, პროკურატურა, ჯარი, პოლიცია და ეს ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა, აქვს წლების განმავლობაში ნაძარცვი ფულიც. ის შეეცდება, რომ რა ბერკეტები და ინსტრუმენტებიც ოპოზიციაზე აქვს, ისინი გამოიყენოს. მისი იარაღია დაჭერა, ხალხის დაპირისპირება, სუსი და ა. შ.

აბა სხვა რა აქვს? არგუმენტი და სიმართლე არ არის მისი იარაღი და პატიოსანი მოქმედებაც არ არის მისი იარაღი. რასაც თავს აჩვენებდა და წარმოაჩენდა თავს, როგორც პატიოსანი მოქალაქე, ქველმოქმედი და აღმშენებელი… ხალხმა დაინახა, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო და ის გაკოტრდა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ იყო უტიფრობის ზეიმი. ამდენი წლის შემდეგ კაცი გამოდის და ხალხს ეუბნება, საზღვარგარეთ გაგიშვებთო. წარმოიდგინეთ, თუნდაც დაპირების დონეზე სადამდე დავიდა ეს მართლა არქიფო სეთური. მაგას უნდა, რომ ქართველი ხალხი მისი მონები იყვნენ, მაგრამ ის არ იცნობს ქართულ საზოგადოებას და ის ამაში ძალიან მწარედ ცდება.

_ ოპოზიცია საუბრობთ, რომ გაქვთ წინგადადგმული ნაბიჯები და ხელისუფლებას უწევს ის, რომ უნდა შეიპაროს პარლამენტში და ა. შ. მაგრამ მე მაინტერესებს, რაში გაქვთ პროგრესი? რაში გამოიხატება ეს, მაშინ როდესაც ისევ მყარად დგას ივანიშვილი, არ თმობს არაფერს და აქეთ იმუქრება? ამ ფონზე ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევთ?

_  ის გვაძლევს, რაც ხდება ქვეყანაში. ივანიშვილს გამოაკლდა დეპუტაცია და იძულებულები გახდნენ მისი აქტიური დამცველები, რომ გასულიყვნენ პარტიიდან. ივანიშვილის ქმედებებმა გააერთიანა მთელი ოპოზიცია, მიუხედავად საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ორიენტაციისა. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა ხელისუფალისათვის.

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ივანიშვილის ჭეშმარიტ სახეს. არსებობს სოციოლოგიური კვლევების მონაცემები და ჩანს ყველა ეს მონაცემი. კიდევ რით უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი გაანალიზებული და შეფასებული?! ისევე, როგორც დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ვხედავთ უფრო მწვავე შეფასებებს და პრეტენზიებს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

_ ჩემს კითხვაში იმას ვგულისხმობ, რომ ძალაუფლება ისევ ხელში აქვს მყარად.

_ მყარად რას ეძახით?

_ იმას, რომ არაფერს არ თმობს და უკან არაფერზე არ იხევს.

_ ჯერ არაფერს არ თმობს, თორემ მოუწევს. ასეც რომ იყოს და ასე მივიდეთ არჩევნებამდე, თუნდაც დღევანდელი სისტემით სასტიკად დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი. შეიძლება თვითონ აღარ აწყობს, რომ სოციოლოგია მეცნიერებად ჩათვალოს და თუ ვინმე რამე კვლევას ატარებს, აღარავის აღარ ცნობს, მაგრამ ობიექტური რეალობა ხომ სულ სხვა რაღაცაა?!

ყველა გამოკვლევით, მისი რეჟიმის რეიტინგი ეცემა და ეცემა. ბოლო წლებს გადახედეთ და მუდმივად ეცემა მისი რეიტინგი, განსაკუთრებით კი ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. საზოგადოების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინდიკატორი ხელისუფლების მყარად დგომისა და ამ საზოგადოების მხარდაჭერას გამუდმებით კარგავს.

ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც ოპოზიციისა, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ივანიშვილის რეჟიმის რეალური ჭეშმარიტი სახე. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის საბოლოო ამოცანა.

ის აუცილებლად დამარცხდება არჩევნებზე. ივანიშვილის წილი დღეს 30%-ც აღარ არის. აქეთ არის ოპოზიცია, რომლის ჯამური წილიც 70-75%-ია. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ეს მძიმე მდგომარეობა და კიდევ გააჯანჯლებს ვითარებას, როდესაც სიღარიბე, უმუშევრობა და ინფლაცია იზრდება, მით უფრო დაეცემა მათი რეიტინგი და საბოლოო ჯამში სრულ კრახს განიცდის.