გიგა მაქარაშვილი – “მოსამართლემ საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ მაპატია”

გიგა მაქარაშვილი - “მოსამართლემ საქართველოს ჰიმნის სიმღერა არ მაპატია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც 12 დღიან სასჯელს იხდიდა, საპატიმრო დატოვა. რა პირობებში გაატარა ეს დღეები და როგორი გეგმები აქვს, ამის შესახებ გიგა მაქარაშვილი “ახალ თაობას” ესაუბრა.
– გიგა, შაბათ ღამით დატოვეთ საპატიმრო. რა პირობებში იყავით ეს დღეები?
– პირობები იყო ძალიან კარგი. უბრალოდ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი ცალკე საკანში და მთელი 12 დღის განმავლობაში მარტო ვიყავი საკანში და ეს იყო ყველაზე ცუდი. საკანში კარგი ტემპერატურა იყო, ძალიან თბილოდა, ხალხი ძალიან კეთილად იყო განწყობილი. საჭმელ-სასმელი იმდენი მქონდა, რომ ვარიგებდი. უბრალოდ, ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი, რადგან მელოდებოდა ჩემი ტომი რუსთაველზე.
– გიგა, შაბათის შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართა, სამოქალაქო აქტივისტები, “სირცხვილიას” წევრები არ დაასწრეს და ამიტომ განაწყენებას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ რას იტყვით?
– ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი ჩართულობა, იმიტომ, რომ ეს პროცესები პირველივე დღიდან იყო ჩვენ მიერ ინიცირებული. შუაში ჩვენ ვიდექით და ამის გამო ძალიან ბევრი რამ მოხდა, როცა სუფთა, ახალი ძალა იდგა ამ პარტიების გაერთიანების სათავეში. ამან კი მოიტანა ის, რომ 5 თვის განმავლობასი ჩვენ ფაქტიურად უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნეთ.
ჩვენ სიტუაცია მივიყვანეთ იქამდე, რომ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან დაჯდა ასეთი დიდი და განსაკუთრებული რაოდენობით. ამ შეხვედრის დროს მე გათავისუფლებული არ ვიყავი, რომ გამოვედი, მერე გავიგე ეს ამბავი. საწყენია, ჩვენების მიწვევა რომ არ მოხდა. “სირცხვილიამ” დააფიქსირა თავის პოზიცია, ნამდვილად იყო წყენის საფუძველი, თუმცა ახლა ის დროა, რომ მტრების მაგივრად მოყვარეები ვეძებოთ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით მეტი გვექნება შანსი, რომ უფრო სწრაფად მოვერიოთ ამ ტირანს.
– რა იყო მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების არმიწვევის?
– “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა ადამიანები, ვისთან ერთადაც დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩვენ არ მოვხვდით მათ შორის. უბრალოდ, ცდილობენ, თავი აარიდონ ჩვენთან პირდაპირ შეხვედრას.
– როგორია თქვენი სამოქმედო გეგმები იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არ თმობს არაფერს?
– არანაირ დათმობას არ აპირებს “ქართული ოცნება” და ამას ამბობენ კიდეც. თუმცა ფიზიკურად არ ეყოფა “ოცნებას” იმის რესურსი, რომ დიდხანს გაძლოს ამ წნეხში.
ყველა და ყველაფერი აჯანყდა მის წინააღმდეგ, ყველა ქალაქში და ფაქტობრივად ყველა ქუჩაზე რაღაც ხდება. პროტესტი, დაბოქლომება, პარლამენტში არშეშვება. ეს პოლიციურ კრიზისს გამოიწვევს და ფიზიკურად ერთი დასვენებული პოლიციელი აღარ ეყოლება, რომელიც ელემენტარულად ფეხზე იდგება და დაიცავს.
ერთადერთი, რითიც სიტუაცია უჭირავს ივანიშვილს, არის ის, რომ ჰყავს, მისი აზრით, საიმედო პოლიციური ძალა, ერთადერთი გარანტი მისი კეთილდღეობის. ქონების გადატანის შანსი ფაქტობრივად არ აქვს. ის თვლის, რომ მისთვის ერთადერთი უსაფრთხო ქვეყანა საქართველოა და სწორედ საქართველო იქცევა მისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანად. მარტო ის კი არა, მისი დამქაშებიც კი მხოლოდ პოლიციის კორტეჟებით ახერხებენ გადაადგილებას.
– ანუ ეს წნეხი გაგრძელდება?
– აუცილებლად გაგრძელდება, არამარტო გაგრძელდება, კიდევ უფრო გააქტიურდება. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. ახლა თუ ეს დავთმეთ, მერე ბევრი წელი ძალიან გაგვიჭირდება ამ მონობიდან გამოსვლა.
– ხელისუფლება ამბობს, სულ 200 კაცი ჰყავთო.
– 9 დეკემბერს გვაქვს დაანონსებული აქცია, სადაც 20 ათასი ადამიანი მინიმუმ იქნება. ასე რომ 200-სა და 20 ათას შორის დიდი სხვაობაა. ბიძინა ივანიშვილი რომ იძახის, 200 კაციაო, ყველამ უნდა იცოდეს, რომ იტყუება. შეხედეთ კადრებს. რამდენი ადამიანია იყო წინა ორშაბათს?
ივანიშვილი აგონიაშია, ის გადავიდა რეპრესიებზე, დაჭერებზე. ან თუნდაც ჩემი დაჭერა აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს. მოწმეც ვერ მოიყვანეს. დამკავებელი პოლიციელიც კი ის არ იყო, ვინც რეალურად ჩამსვა პოლიციის მანქანაში. ვერაფერი ვერ მომიგონეს, ჰიმნის სიმღერა არ მაპატიეს სასამართლო დარბაზში და 12 დღე გამომკეტეს სრულიად მარტო საკანში.
ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს ბოლო წელიწადს წინა ხელისუფლების მმართველობისას და ბოლო თვეებს იმის წინა ხელისუფლების მმართველობისას.
– ეს წნეხი, რეპრესიები, ლიდერების დაპატიმრებები გაგრძელდება?
– ფიზიკურად სხვა გზა არა აქვს ივანიშვილს, ასე რომ, გაგრძელდება.
– რა მოლოდინი გაქვთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, წამოვა დათმობაზე ხელისუფლება?
– ძალიან ძნელია “ქართული ოცნებისგან” რაიმე ადეკვატური პროგნოზის მოლოდინი, იმიტომ, რომ სრულიად არაადეკვატურები არიან. განსაკუთრებით კრიზისის დროს.
მათ კრიზისის მართვა საერთოდ არ შეუძლიათ. რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ და მით უფრო ჩქარდება მათი პოლიტიკური დასასრული.
ან მოუწევთ პირდაპირ წასვლა, ან მოუწევთ მსუყე დათმობებზე წასვლა. აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, გერმანულ მოდელზე. ეს არის ერთადერთი პირობა, რომელსაც დავთანხმდებით.
– გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურიაო, როგორ უნდა მოაქციოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში?
– როგორც 200 კაცი იყო ჩვენს აქციებზე, ისეა გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური. უბრალოდ ცრუობენ. ძალიან კარგად ახსნა უსუფაშვილმაც, ხმალაძემაც, რომ ეს არის მოდელი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება და ძალიან მარტივად არის ამ მოდელით არჩევნების ჩატარება შესაძლებელი. დიდი ტყუილია, ის, რომ ვერ ერგება ქართულ კონსტიტუციას.
მთელი 7 წელია, ივანიშვილი იმას ცდილობს, რომ კონსტიტუცია სათავისოდ მოირგოს, ტანზე ჩაიცვა, ყველას თავზე გადაგვახია და ახლა დაიწყო კონსტიტუციის დაცვა, როდესაც ამას არ საჭიროებს?!
– ანუ ვადამდელი არჩევნების მოლოდინი გაქვთ?
– დიდი ალბათობით, ვადამდელი არჩევნები იქნება.