გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს

გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას სახლში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ გიგი უგულავას სახლში ამ დრომდე იმყოფებიან ჟურნალისტები, დაკითხვისთვის ის აივანზე გაიყვანეს.

„ყველანაირ განვითარებას ველოდი დღეს, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბრალდებული მე ვარ, იმ ადამიანის ცემაში, რომელიც თავს დამესხა მე და შესაბამისად, თავისთავად ცხადია, სათვალით რატომ ვივლიდი ღამე, ესე იგი გარკვეული დაზიანებები მაქვს. გამოდის, რომ მე დავესხი საკუთარ თავს, მივიყენე დაზიანებები და ის ადამიანი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ძიუდოისტია, სპორტსმენია, თურმე არის უმანკო კრავი. ეს არის ივანიშვილის სამართალი. დაგესხმებიან თავს და მერე ბრალსაც შენ წაგიყენებენ. ასეთი რაღაცები ხდება ბელარუსში, რუსეთში, უზბეკეთში, შუა აზიაში, ჩინეთში, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება. ხვალ თითქოს სასამართლო უნდა იყოს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, საპატიმროს ვერ მიიღებს, მაგრამ შეიძლება, შეეცადონ პასპორტი ჩამომართვან, ან რაღაც მსგავსი მანიპულაცია, რადგან პოლიტიკური მიზეზით მივდიოდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა და ეს ამ მასკარადის ნათელი დადასტურებაა, ივანიშვილისთვის მტკივნეული შედეგებს იქონიებს. ვერ წავალ სხვა წავა, თუ მასალები არის ობიექტურად ვარგისი მტკიცებულებები, არის წონადი, მაშინ ამას საზოგადოება იხილავს და კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოეხსნება ქვეყნის დე ფაქტო მმართველს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში გიგი უგულავა.

შსს-ს ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლი) წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი.

საუბარია აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რასთან დაკავშირებითაც უგულავა და გაბაშვილი დღეს შსს-ში გამოიკითხნენ.

პირველი არხი