გიგლა ბარამიძე – “საკმარისია, ივანიშვილი სადმე გაფრინდეს, რომ “ოცნება” მაშინვე ჩამოიშლება”

გიგლა ბარამიძე - “საკმარისია, ივანიშვილი სადმე გაფრინდეს, რომ “ოცნება” მაშინვე ჩამოიშლება”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვაზე ხელისუფლებაც საუბრობს. პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს. გამოსწორდება თუ არა ვითარება სამართალდამცავ ორგანოებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში? რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის მმართველობის პირდაპირი სამართალმემკვიდრე და დანამატი? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი-საქართველო-დემოკრატიული მოძარობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს.
– პრემიერი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ ლუკა სირაძის საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ. მანვე დავალებები მისცა მთელ რიგ სამინისტროებს. იქნებ, თავიდანვე უნდა გაეტარებინათ ფუნდამენტური რეფორმები, რომ აქამდე არ მივსულიყავით?
– რეფორმები გასატარებელი იყო, მაგრამ ესენი რა რეფორმების გამტარებლები იყვნენ?! ან სიტყვა როდის შეუსრულებიათ? არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობს გახარია. მის დაპირებებს ფასი არა აქვს.
ასე ვიტყვი – ამ სექტამ ოფიციალურად გადმოიბარა და გადმოიფორმა სააკაშვილის სასამართლო სისტემა. ხომ არაფერს ვიგონებ? ეს ახლახან ოფიციალურად მოხდა. ე.წ. „ქართული ოცნება“, რომელსაც იზუვერული სექტა შევარქვი, ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დანამატი და საქმის გამგრძელებელი იყო. ეს ხელისუფლება არ არის. ეს სექტა დგას ერთი კაცის 5 მილიარდზე. არიან ადამიანები, რომლებიც ენაგადმოგდებულები ელოდებიან თავის ულუფას ამ ფულიდან. ეს ისეთი ხალხია, საკუთარ დედას ტყავს გააძრობს.
საკმარისია, მილიარდერი კაცი თვითმფრინავით სადმე გაფრინდეს (არავის სჭირდება, მაგრამ წარმოვიდგინოთ), ეს ე. წ. ხელისუფლება იმ წამსვე ჩამოიშლება.
– სამართალდამცავ ორგანოებში „სისხლიანი“ კადრებიც კი არ არიან გათავისუფლებული. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. გია ვოლსკი კი ირწმუნება, ძალადობრივი სისტემა დიდი ხანია, დაინგრაო.
– გამომძიებელ ჩოლოიანს, რომლის შავი საქმეები სტრასბურშიც კი გაიგეს, „ოცნების“ სექტამ არასრულწლოვანების გამოკითხვა ანდო. რაზეა საერთოდ საუბარი? ქვეყანას მართავს გამოჩოლოიანებული სექტა.
ამ სიტყვას ტყუილად არ ვხმარობ. ჩოლოიანები სხედან შსს-შიც, პროკურატურაშიც, სასამართლოშიც და ყველგან. „ოცნების“ სექტამ ხალხი ბევრჯერ მოატყუა – ხან უფასო ფულს ჰპირდებოდა, ხან სამართლიანობის აღდგენას, ხან დასაქმებას. არაფერი არ შეუსრულებია.
დღეს სამუშაოდ უცხოეთში გვერეკებიან. ეს ის ხელისუფლება არ არის, კოაბიტაცია რომ გამოაცხადა? სააკაშვილის გარდა, დანარჩენი ნაციონალები გვერდით დაიყენა. ახლა ახალი ტყუილებით აბრუებენ ხალხს.
თქვენს გაზეთს ყველგან კითხულობენ და მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებსაც თბილისი ნანახი არ ჰქონდა და „ოცნებამ“ ჩამოიყვანა – ხვდებით, რისთვის გიყენებენ?!
– 14 დეკემბრის აქციას გულისხმობთ?
– დიახ. გასაგებია, რომ საჯარო მოხელეები ხართ, სხვადასხვა სამსახურში მუშაობთ. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროთ! თქვენ გიყენებენ. თქვენი დახმარებით უნდათ ტკბილი ცხოვრების გაგრძელება იმათ, ვისაც ეს არც დაესიზმრებოდა!
მაგალითად, მოსიარულე ამება ოხანაშვილს ვინ გააკარებდა პარლამენტს! რა უნდა ოხანაშვილს ხელისუფლებაში! ნაციონალებს, როცა სჭირდებათ, სისხლიან 9 წელს წამოაძახებენ ხოლმე. არადა, თვითონ ყველაფერი ცუდი გადმოიბარეს და თავისიც დაამატეს.
სააკაშვილი რაღაცას აკეთებდა კიდეც. ამათ ეგეც არ შეუძლიათ. ამ სექტის კისერზეა ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, საყდრისის აფეთქება, საზღვრების გადმოწევა, კატასტროფული მდგომარეობა დავითგარეჯის ტერიტორიაზე.
იყო პოლიციის განყოფილებებში გაუპატიურების, დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობის შემთხვევები. კორუფცია და მექრთამეობა ყვავის. ამის შემდეგ ძნელია, „ქართულ ოცნებას“ უწოდო პოლიტიკური ძალა. ეს არის გამოჩოლოიანებული სექტა, ნაცმოძრაობის დანამატი.
– ნაცმოძრაობასთან დადგომას თქვენც გსაყვედურობენ.
– ჩვენ ნაცმოძრაობის სისტემა არ გადმოგვიფორმებია. ქუჩაში გამოვედით იმის გამო, რომ იყოს პროპორციული არჩევნები, სამართლიანობა, იმისთვის, რომ ბავშვები არ ხტებოდნენ სართულებიდან.
ვინც ჩვენზე ჭორაობს, იმათაც ვიცნობ. ესენი არიან ფეისბუკის მამრები და მდედრები. ეს ანგარიშიანი და უსაქმური ხალხია. მთელი დღეები ტახტზე კოტრიალობენ და ფეისბუკიდან არ გამოდიან. ახლა ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნებაა“ ძლიერი და იმათ გვიტევენ, ვინც ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ. თვითონ ერთი ადგილი არა აქვთ, ქუჩაში გამოვიდნენ და რამე გააპროტესტონ. თუ ჩვენთან ერთად არ უნდათ, ცალკე დადგნენ! ამის თავი არა აქვთ.
ამ ბატისტვინებს მივმართავ – ვერ ხედავთ, რომ თქვენმა „ოცნებამ“ ნაცების სასამართლო სისტემა ოფიციალურად გადმოიფორმა? ივანიშვილის ხელისუფლება გახდა წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. მან აიღო პასუხისმგებლობა გირგვლიანის, რობაქიძის, მოლაშვილის მკვლელობებზე! ჩაჩნებო, ხვდებით, ვის უძვრებით?! ჩვენ რომ მივაღწიოთ წარმატებას, ტუალეტთან დაგვიდგებით თხოვნებით.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მოზარდების მართლმსაჯულებას უახლოეს ხანში არაფერი ეშველება?
– გამოჩოლოიანებული ხელისუფლების დაპირებებისა როგორ დავიჯეროთ! ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს სექტა პარლამენტში მოხვდება, მაგრამ უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს და ამას უნდა მივაღწიოთ პროპორციული არჩევნებით.
– იმედი გაქვთ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება?
– ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ისევ იქნება მიტინგები და მანიფესტაციები. შაბათსაც დააანონსეს ახალგაზრდებმა მიტინგი მას შემდეგ, რაც ლუკა სირაძეს დაკრძალავენ.
ამ უსახურმა ხელისუფლებამ, რომელიც გახდა ნაციონალური მოძრაობის დანამატი, საქმის გაკეთება და დაპირებების შესრულება არ იცის.
ნაციონალური მოძრაობა არ შეცვლილა. რეჟიმიც იგივეა და ხალხიც. ოღონდ, ერთის გამოკლებით – სააკაშვილის გარეშე.