გოგი წულაია – „გვაცხოვრებენ საბჭოთა კავშირში და გვაზეიმებენ ევროპას“

გოგი წულაია - „გვაცხოვრებენ საბჭოთა კავშირში და გვაზეიმებენ ევროპას“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება დაძაბული, ეპატაჟური და პროვოკაციულია. პოლიტიკური აქციებისა და სანახაობების პარალელურად საქართველოში ბევრ ადამიანს შია და სცივა. საზოგადოებას უსამართლობის განცდაც უმძაფრდება. ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გოგი წულაიას.
– პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 წევრი, მათ შორის, ოდიოზური და უსამართლობასთან ასოცირებული მოსამართლეები. როგორ გგონიათ, გამოიწვევს ეს ისედაც უკმაყოფილო საზოგადოების უფრო მეტ პროტესტს?
– საზოგადოება ისედაც გამწარებულია, თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ არ შეიძლება, პროტესტი არ იყოს. ასეთი არაფერი მინახავს – ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში სტაბილურობაზე და სიმშვიდეზე ზრუნავდეს, პირიქით იქცევა. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხალხი ისევ ქუჩაში გამოიყვანოს და აქციები არ შეწყდეს.
ხელისუფლების ასეთი გამოხდომები ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკაზე, ლარის კურსზე, შემოსავლებზე. ლარის კურსს ძლივს იჭერენ. ხალხი ქვეყნიდან გარბის. მერე უფრო მეტი გაიქცევა.
– რა მიზანი აქვს ხელისუფლებას? რისთვის სჭირდება მუხტის აწევა?
– ხელისუფლებას უნდა ან ყველაფერი, ან არაფერი. უფრო სწორად, ამ ხალხს სამუდამოდ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა. ხომ გახსოვთ, სააკაშვილი როგორ მისტიროდა აზიის იმ სახელმწიფოებს, სადაც ერთი პარტია 70 წელი მართავს ქვეყანას. მისთვის სინგაპური იყო მისაბაძი.
ჩვენც გამოვცადეთ კომუნისტების 70-წლიანი რეჟიმი. მას ახლდა 1921, 1924, 1937 წლების მოვლენები. კომუნისტები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ ადამიანების მოდრეკას და წელში გატეხვას. „ოცნებასაც“ უნდა ხალხი წელში გადატეხოს, დაამონოს და „დააჩმოროს“.
– თქვენ მიერ ნახსენები წლები სისხლიანი და სასტიკი იყო და რაზე მიანიშნებთ?
– ეს ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს ხალხის წინააღმდეგობის ჩასაკლავად. მაშინ მებრძოლ ხალხს თოფები ეკავა, ჩვენ დროშები და პლაკატები გვიჭირავს ხელში. ყველაზე საშინელება ხალხის იმედგაცრუებაა. ამაში თავისი წვლილი შეიტანა სააკაშვილმა. ხალხს, რომელსაც მისი სჯეროდა, ბევრჯერ დაჰპირდა, ბიძინას დავამთავრებო. ჩამოსვლას აანონსებდა, მაგრამ ტყუილად.
– ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, მას შემდეგ, რაც პროპორციული სისტემა არ გამოვიდა, ე. წ. გერმანულ-ქართული საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარების მრავალმანდატიანი არჩევნები გახდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი თუ გაქვთ?
– იმედს მაძლევს აშშ-სა და ევროკავშირის მორიგი განცხადებები. ხელისუფლების მოქმედება შემაშფოთებელია. ახალი წელი მოდის, საკმაოდ ცივა. აქციები შეიძლება მილევადი იყოს და დაშლისკენ წავიდეს. ამ დროს „ქართული ოცნება“ თავს არ ზოგავს, რომ პროტესტი გააცოცხლოს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი ბრუნდება.
– რატომ გაქვთ ასეთი შთაბეჭდილება?
– მაშინ აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ მეეზოვეებად გადაცმული სპეცრაზმელები. თუ მანამდე აქციაზე პატარა ჯგუფი იყო, შემდეგ 20.000 და 30.000 კაცი გამოვიდა. ხომ ხედავთ, რა ხდება? ოდიოზური მოსამართლეები დაგვიმტკიცეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სხვა მიზეზის გამოც დიდი არეულობა იყო.
– ვეტერინარული პრეპარატის დასხმა სხდომათა დარბაზში ზოგმა ტერაქტად შეაფასა. ზოგიერთი იურისტის აზრით კი, საქმის გამოძიება არასწორი მუხლითაა დაწყებული. მათი თქმით, ესაა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმა.
– რაის ტერაქტი და თავდასხმა?! მომხდარი ერთ ანეკდოტს მაგონებს. საბავშვო ბაღში საახალწლო კარნავალისთვის ემზადებიან. ერთმა ბიჭმა მერცხლის ფორმა მოირგო, ერთმა გოგომ – ყვავილის. ჭიჭიკიამ აიტეხა, მე სულ ყავისფერები უნდა ჩავიცვაო. ჰკითხეს, რატომო. ყველას უნდა ჩაგისვაროთო. პარლამენტშიც ეს იყო.
– ვინ მოიქცა ასე?
– არ ვიცი. გამოძიება ჩემი საქმე არ არის.
– ორგანიზაცია „სირცხვილია“ ხუმრობს? მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.
– დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ეს ორგანიზაციაც დასცინის. ყველაზე უცნაურად იქცევა ხელისუფლება, რომელიც რამდენი ხანია, ძაბავს სიტუაციას და ცეცხლზე ნავთს ასხამს.
– ხელისუფლება კონტრაქციებსაც მართავს. ერთ-ერთი აქცია 14 დეკემბერს თბილისში ევროპული ზეიმის კვირეულის ფარგლებში იმართება.
– ეს ევროპული სახელები ხომ ყველაფერს უნდა მიაწებონ! გვაცხოვრებენ საბჭოთა კავშირში და გვაზეიმებენ ევროპას. ნებისმიერი აქცია არის ძალის დემონსტრირება. ოპოზიციის აქციებს თავისი დანიშნულება აქვს. ხელისუფლების აქცია კი სასაცილოა.
ხელისუფლება რომ ხარ, ისედაც ძალა გაქვს. ვის უწყობ აქციებს?! ხელისუფლება თავის აქციებზე ხალხის თბილიში ჩამოსაყვანად დიდ ფულს ხარჯავს. მძღოლებს 100-100 ლარს და 70 ლარის ბენზინს ჩუქნიან. ასევე მოერეკებიან ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებს, აიპებსა და სიპებში დასაქმებულებს. ამაზე ბრიფინგი ჩავატარე და ხელისუფლებას მოვუწოდე, ეს მილიონები სოციალურად დაუცველებს მოახმაროს.
– ხელისუფლება იტყვის, რომ სოციალურად დაუცველებს შემწეობები აქვთ დანიშნული.
– მაგაშია საქმე, რომ ამ შემწეობებს უხსნიან. მომმართეს ოჯახებმა, რომლებსაც ახლახან მოუხსნეს დახმარება. შე ოჯახაშენებულო, თუ ადამიანს დახმარებას უნიშნავ, ერთი, ორი ან სამი თვის მერე რატომ უხსნი?! ამას აკეთებს ერთი და იგივე ხალხი – სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემოწმების შემდეგ უნიშნავენ ადამიანებს შემწეობას, მერე იგივე პირები შემოწმების შემდეგ ამ დახმარებას უუქმებენ.
ეს რაღა უბედურებაა! მაღალჩინოსნებო, თქვენ რომ „ზეიმობთ“ და ამ „ზეიმზე“ ხალხის ჩამოსაყვანად მილიონებს ხარჯავთ, მშიერ ადამიანებზე არ ფიქრობთ?!
ასე თუ გაგრძელდა, მოგვიანებით, ალბათ, გაზაფხულისთვის მშიერი ხალხი დიდი რაოდენობით გამოვა ქუჩაში.
ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.