ჯანდარის ტბაზე 2  მამაკაცი დაიკარგა

2 დეკემბერს ჯანდარის ტბაზე 2  მამაკაცი დაიკარგა. მაშველები მათ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სასაზღვრო პოლიციასთან და დაკარგულების ახლობლებთან ერთად, ჯანდარის ტბის სანაპიროზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ჩასული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი ადგილზე გაეცნენ საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას. საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი