ჯონდი ბაღათურია“ – მიშა ბიძინასთვის ოქროს კვერცხის მდებელია”

ჯონდი ბაღათურია“ - მიშა ბიძინასთვის ოქროს კვერცხის მდებელია”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის შეკრებებსა და მანიფესტაციებში? რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? რა პროცესში გადავიდა ოპოზიციის პროტესტი? “ახალ თაობას” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.
– ბატონო ჯონდი, ოპოზიციური ძალების გაერთიანებაში, მათ შეკრებებსა და საპროტესტო აქციებზე ვერ გხედავთ. რატომ?
– ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი ეს მოსაზრება სრულიად გამართლდა. იხარჯება მილიონები, მთელი მედიასაშუალებები ჩართულია, მაგრამ 22 პარტია 200 კაცზე მეტს ვერ კრებს, რადგან იქ არის ნაცმოძრაობა. სადაც ნაცმოძრაობაა, იქ ხალხი არ მივა.
საერთოდ, მე ქვეყნის განვითარებას ვერ ვხედავ “ქართულ ოცნებასა” და ნაცმოძრაობასთან ერთად. საქართველოს აქვს განვითარების პერსპექტივა, “ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის გარეშე.
– რაღაც სახით მაინც არის საპროტესტო მოძრაობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხლა-შემოხლაცაა. პროტესტი რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდა. თქვენ რას ხედავთ ამ პროცესში?
– მე ქუჩაში ვხედავ თეატრალიზებულ წინასაარჩევნო ცირკს, სადაც მოქმედი გმირები არიან პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, რომლებიც მეტი დამაჯერებლობისთვის ნერვიული ჟესტიკულაციით, უწმაწური სიტყვებით ერთმანეთს ამკობენ. 50 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ. 50 კაცს დაახვედრებენ 100 ჟურნალისტს. ჟურნალისტი უფრო მეტია, ვიდრე მისული ხალხი. მისულ ხალხზე ოთხჯერ მეტი კიდევ პოლიციელია.
იღებენ ე.წ. ჩაკეტილ კადრს, რათა არ ჩანდეს, რომ ცოტანი არიან. ეს აწყობს არა მხოლოდ ოპოზიციურ მედიას, რომელიც ნაციონალების გარეკლამებითაა დაკავებული, არამედ ხელისუფლების კონტროლირებად მედიასაც, რადგან მათ ხელს აძლევთ, შექმნან დაძაბულობის იმიტაცია. შექმნან შიში და განცდა, თითქოს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება რეალურია.
– ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური არ არის? გიორგი ვაშაძე ამბობს, ახლა უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული მოძრაობაო.
– გიორგი ვაშაძეს, საერთოდ, რა საქმე აქვს სიტყვა ეროვნულთან და ეროვნულობასთან? გიორგი ვაშაძე არის ნაცმოძრაობის წევრი (ყოფილი ნაციონალი არ არსებობს), მათი იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მოადგილე. ნაცმოძრაობის წევრი ეროვნულობაზე რომ ლაპარაკობს, ეს იგივეა, რაც მგლის სახლში ცხვრებზე ლაპარაკი. საერთოდ არ უნდა ილაპარაკონ ეროვნულ მოძრაობაზე იქ, სადაც მილიონები იხარჯება და 50 კაცს ვერ კრებენ. მაქსიმუმ შეიძლება ავიდნენ 200-300 კაცზე, რა არის ეს?
– თუმცა, მაინც იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ეძლევათ.
– არა, რეალურად, ეს არის თეატრალიზებული წინასაარჩევნო ცირკი და მეტი მანდატებისთვის ბრძოლა. “ოცნების” მიერ პროპორციული არჩევნების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, “ოცნების” პირობებში აღზევებულ ნაცმოძრაობას გაუჩნდა პროტესტის მიზეზი. ხელისუფლებამ წვრილ პარტიებს არ დაუტოვა გზა, რომ ნაცმოძრაობას არ მიწებებოდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა.
– ამ სიტუაციაში თქვენ რის გაკეთება გეგმავთ?
– ჩვენ მარტო ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. თუ რომელიმე ეროვნული პარტია გამოჩნდება, მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. დღეს ჩვენი ამოცანაა დაქსაქსული, კონსერვატიული ძალების გაერთიანება და ეროვნული ფრონტის ჩამოყალიბება.
– გიორგი კანდელაკმა თქვა, “ოცნების” სახე ველურობააო. როდესაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახისგან ამას ისმენთ, რას ფიქრობთ?
– ჯერ ერთი, სად იწყება და სად მთავრდება ნაცმოძრაობა და “ქართული ოცნება”, გარჩევა ძალიან ძნელია.
– რატომ? ნაცებმა “ოცნებაში” პორტირება მოახერხეს?
– მაგის თქმა მინდოდა. “ოცნება” ნაცმოძრაობის ყველა ოდიოზური წევრით გაიტენა. სწორედ ერთმანეთს შორის არის მიგრაცია. შეკრებაზე ვინც მივიდა, ან “ქართული ოცნების” პარტიის წევრია, ან “ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილი წევრი. რამდენიმე ჩემი ყოფილი კოლეგა და პარტნიორიც მივიდა, მაგრამ ეს მათი უფლება და არჩევანია.
ორივე პოლიტიკური ძალა, ძირითადად, ტყუილსა და ძალადობაზეა აგებული. ერთადერთი მართალს მაშინ ამბობენ, როდესაც ერთმანეთზე ლაპარაკობენ.
– ყველა ხელისუფლება მაჟორიტარებს უფრთხილდებოდა. დღესაც ბევრი ნაცების ნაფერები მაჟორიტარია, 2003 წელს, რევოლუციის შემდეგ, არჩევნების შედეგები რომ გააუქმეს და მაჟორიტარები დატოვეს. პრობლემა აქედან ხომ არ მოდის?
– ესენი ჯერ კიდევ შევარდნაძის ნაფერები მაჟორიტარებია, რომლებიც ყველანი ერთობლივად ჯერ გადალაგდნენ ნაცმოძრაობაში, შემდეგ კი – “ოცნებაში”. თანაც ამას ძალიან ოსტატურად და ბუნებრივად აკეთებენ. მათ აქვთ საოცარი უნარი, გადავიდნენ პარტიიდან პარტიაში.
ძირითადად ნაცმოძრაობის ჩინოსნები არიან “ოცნების” ხელისუფლების საკვანძო თანამდებობზე და, ძირითადად, ყოფილი ნაცმოძელები ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, “ქართული ოცნება” უდრის ნაცმოძრაობას, რაც სამწუხაროა, რადგან ხალხს “ოცნების” დიდი იმედი ჰქონდა.
– ამ მაჟორიტარებმა ძალიან დიდი პრობლემის წინაშეც დააყენეს ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში, ჯინი ბოთლიდან ამოშვებულია.
– არავითარი ჯინი ბოთლიდან არ არის ამოშვებული. ქუჩაში პროცესების გადატანა “ოცნებას” სჭირდებოდა და მან ყველა პოლიტიკურ პარტიას ქუჩისკენ უბიძგა.
ნაცმოძრაობის ლიდერები ქუჩაში რომ არ გასულიყვნენ, “ოცნებას უნდა გაეცა პასუხი კითხვებზე, რატომ არ გაიზარდა პენსია, რატომ არის ლარის კურსი დავარდნილი, რატომ არ გაიხსნა 100 ქარხანა თუ ფაბრიკა, რეფორმები რატომ არ განხორციელდა და ა.შ. ახლა “ქართული ოცნება” ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია, როდესაც ლაპარაკობს 9 წლიან პირსისხლიან მმართველობაზე.
ამ დროს ის ადამიანები, რომლებმაც ტყავი გამოიცვალეს და “ოცნების” მხარეზე დადგნენ, თვითონ იყვნენ ნაცმოძრაობის სამარცხვინო მმართველობის ავანგარდში და დღესაც კომფორტულ მდგომარეობაში არიან. კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნაცმოძრაობაც. ნაცმოძრაობაც არ არის შემოქმედებითი უნარის მქონე, მხოლოდ ნგრევა შეუძლია. სტიქიაში არიან, დარბიან “სვისტოკებით”.
– გამოსავალი რა არის?
– გამოსავალი არის “ოცნებისა” და ნაცმოძრაობის ალტერნატიული ძალის შეთავაზება საზოგადოებისთვის. საზოგადოება ეძებს ლიდერს, ეძებს ახალ ძალას.
– ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება არ არის გამოსავალი?
– თქვენ გგონიათ, გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა მთავარი? მთავარია, ამ ორმა პარტიამ დაიწყო საარჩევნო კამპანია. “ოცნების” საარჩევნო კამპანია აგებულია მიშას სიძულვილზე და საზოგადოების შიშზე მიშას დაბრუნების მიმართ. ნაცმოძრაობის კამპანია აგებულია საზოგადოების ნაწილის სიძულვილზე ივანიშვილისა და “ოცნების” მიმართ.
ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რევანშისტული განწყობა – ერთს – “ქართული ოცნების”, მეორეს – ნაცმოძრაობის მიმართ. მიმდინარეობს ძალიან კარგი “შუას გაკრეფა”, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა.
რაც უფრო მეტს შეაფურთხებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტად დაუსტვენენ, ხალხი უფრო დაიჯერებს, რომ არსებობს დაპირისპირების რეალური საფრთხე და იმის გამო, რომ მიშას ბანდა ახლა კამერაში არ ზის, ისევ “ოცნებას” უნდა დაუჭირონ მხარი.
მეორე მხრივ, საზოგადოების მეორე ნაწილი “ოცნების” მოღვაწეობამ ისე გააღიზიანა, რომ მისი გადამრჩენელი ისევ მიშა გახდა. შესაბამისად, მეორე ნაწილი აღზევდა.
– მიშას დაბრუნების შანსს ვერ ხედავთ?
– არა, მიშას რა უნდა საქართველოში. თქვენ ხედავთ მიშას დაბრუნების შანსს? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი არ გამოდის, ეს მიშიზმია. სააკაშვილი იმიტომ არსებობს, რომ “ოცნებას” სჭირდება და აწყობს. სააკაშვილი და მისი დაბრუნების შიში “ოცნებისთვის” ხმების მიღების წყაროა.
ასეთი ოქროს კვერცხის მდებელია მიშა ბიძინასთვის. ყველა არჩევნების წინ, როგორც კი სააკაშვილი გამოჩნდება ეკრანზე, ხალხს ავიწყდება ბრაზი ივანიშვილისა და “ოცნების” მიმართ და “ოცნებას” აძლევს ხმას, ეგებ მიშა არ მოვიდესო. პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური პიარტექნოლოგიაა. ახლაც ზუსტად იგივე ხდება.
– თქვენ პირადად პროპორციული სისტემის მომხრე ხართ?
– რა თქმა უნდა. საქართველოში არ არის პარტია, რომელიც პროპორციულ;ი სისტემის მომხრე არ იყოს, მათ შორის, ამის ინიციატორი “ოცნებაც”.
– ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა 49% არ მივიდა. თუ კონსერვატიული ძალები გაერთიანდებიან, არის თუ არა შანსი, რომ არსებული შერეული სისტემის პირობებში გაიმარჯვონ?
– არა მხოლოდ იმ 49%-ის მიმხრობაა შესაძლებელი, რომელიც არ მივიდა, არამედ ვინც მივიდა არჩევნებზე და ბიძინას და მიშას ჯინაზე მისცა ხმა, მათი გადმობირებაც. მიშასა და ბიძინას ალტერნატივა რომ არ შეიქმნას, ამიტომ არის მოწყობილი საცირკო სანახაობა ქუჩაში, რათა ქართულმა საზოგადოებამ არ დაინახონ მესამე ძალა.
– მესამე ძალას დიდი ხანია, ელოდებიან, მაგრამ ვერ იქმნება.
– ხალხი ეძებს ლიდერს, ეძებს “ოცნებისა” და ნაცების ალტერნატივას. კონსერვატორულ ძალებს კი პირი გვაქვს დაღებული და ერთმანეთთან პოზიორობით ვართ დაკავებული.
თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ. ეროვნულ ძალებსაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოზიციები გვაქვს.