„გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ?“ – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ამბით გახსნა დედაქალაქის მთავრობის სხდომა. კალაძემ აღიარა, რომ დამნაშავე სახელმწიფო და საზოგადოებაა.
„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში , რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი“ , – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ, მე-10 სართულიდან გადმოხტა. მის გადასარჩენად ისრაელიდანაც ჩამოიყვანეს ექიმები, მაგრამ რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, ლუკას გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაკავებულია გამომძიებელი, რომელმაც ლუკა მშობლისა და ფსიქოლოგის გარეშე გამოკითხა. მოზარდის გარდაცვალების გამო, გუშინ ღამიდან ისევ დაიწყო საპროტესტო აქციების სერია.

