ლაშა ჩხარტიშვილი – “გადაწყვეტილება ჩიპიან პირადობებზე ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად უნდა”

ლაშა ჩხარტიშვილი - “გადაწყვეტილება ჩიპიან პირადობებზე ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად უნდა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩიპიან პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მიუღებელია. იქ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ასეთ პირადობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს. რას იტყვით?
– სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია საარჩევნო მანიპულაციასთან და არჩევნების გაყალბების მცდელობასთან. საპატრიარქომ თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის ჩიპიანი პირადობის მოწმობა მართლმადიდებლობასთან. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დანარჩენ რელიგიებს, მე არ მეგულება არც ერთი, რომელიც დანამდვილებით ამტკიცებდეს, რომ მათ რწმენას ჩიპი ეწინააღმდეგება.
არადა, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ადამიანების რწმენის კონტექსტში მიიღო ეს გადაწყვეტილება. არანაირ რელიგიურ გრძნობებზე ზრუნვა არ არის ივანიშვილისა და მისი კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი. ამიტომ, ეს არის დამატებითი მექანიზმის შექმნა არჩევნების გაყალბებისთვის.
– ამაზე გია ვოლსკიმ თქვა: ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა “ენას ძვალი არ აქვს”.
– ივანიშვილი და ეს ხელისუფლება როგორ ზრუნავს რელიგიაზე და ეკლესიაზე, ეს ჩვენ ვნახეთ. ამის მაგალითია მეუფე იაკობის განცხადებები, რომლებიც მას არ უარუყვია. მან ფორმისთვის მოიხადა ბოდიში და არა – შინაარსის გამო. ამიტომ, ნუ გვეუბნებიან ახლა, რომ რელიგიური თუ ეკლესიური მორალით უდგებიან რაღაც საკითხს. მათი მორალი და რელიგიისადმი თუ ეკლესიისადმი დამოკიდებულება ვნახეთ, როგორია.
ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც იმ ოპერიდანაა, რასაც ჰქვია ივანიშვილის უკანასკნელი თავგანწირული მცდელობა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ, ყველაფერზე წავა.
– ღია გაყალბებაზე?
– ივანიშვილი დაეშვა იქამდე, სადაც ეშვება ყველა ავტორიტარი. ტოტალურ შეტევაზე გადავიდა, ოღონდ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ, დაარღვია პირობა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღეს სრულიად განიარაღებულია. ფორმალური მორალური უპირატესობაც კი დაკარგა წინამორბედ რეჟიმთან მიმართებაში.
მასობრივ დაპატიმრებებზე წავიდა. პოლიტიკური დევნის საკითხის შემსწავლელი კომისია შევქმენით და უკვე ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია 220 ადამიანზე მეტი. ეს ტემპი ნამდვილად არ ჩამოუვარდება სააკაშვილის ტემპს, რადგან მე 6 თვის მონაცემებს მოგახსენებთ. ამიტომ, არც ყალბ პირადობებს მოერიდება და არც დამატებით ძალადობას.
სწორედ ამ წინასაახალწლო დღეებში, სრულიად გაუგონრად, სპეცდანიშნულების რაზმის წვრთნები ვაზიანის ტერიტორიაზე სხვას რას უნდა ემსახურებოდეს?! ერთი მხრივ, ამით ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას ოპოზიციაზე და, მეორე მხრივ, ემზადება.
ერთადერთი წინაღობა შეიძლება იყოს საზოგადოების, მოქალაქეების აქტიურობა და დასავლეთის რეაქცია, რომელიც მართლაც უკიდურესად მწვავეა.
რაც უნდა აქტიური ვიყოთ ჩვენ, ოპოზიცია, მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების, ადამიანების აქტიურ ჩართულობას მთელ ამ პროცესში. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნაში, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, მანდატების გადანაწილება მოხდეს ისე, როგორც ეს ხალხის ნებაა, მით უფრო მალე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას.
– ადამიანებს არ სჯერათ, იმედგაცრუებულები არიან.
– გასაგებია, მაგრამ სამართლიანი არჩევნები იმიტომ გვინდა, რომ ერთპარტიული პარლამენტი აღარ იყოს. იქნება მრავალპარტიული პარლამენტი. მრავალპარტიული პარლამენტი კი არის წინაპირობა სამართლიანი სასამართლოსი. იმის, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს ხალხის ძარცვა.
ადამიანები ქვეყანაში შიმშილით იხოცებიან, ბავშვთა შიმშილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ ფონზე კორუფციის აპოგეაში მყოფი კალაძე თუ ივანიშვილი ძეგლს უდგამენ კორუფციას იმ ყბადაღებული ნაძვის ხის სახით, რომელშიც 1 მილიონი დახარჯეს.
ამასთან შეგუება წარმოუდგენელია.

საკონსტიტუციო სასამართლო – მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც “ჩიპი” არ ექნება