ლაშა ჩხარტიშვილი – “ჯიბიდან ამოღებულ ლობიოს მარცვლებზე პოლიციელები ხელმოწერას მთხოვდნენ”

ლაშა ჩხარტიშვილი - “ჯიბიდან ამოღებულ ლობიოს მარცვლებზე პოლიციელები ხელმოწერას მთხოვდნენ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 
7 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა.
საპატიმროდან გამოსულმა ჩხარტიშვილმა პროტესტის ნიშნად იზოლატორთან ლობიო მიმოფანტა.
– ივანიშვილის ოცნებაა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც. თუმცა ის რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, არ გაუკეთებია არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები.
ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს აუცილებლად მიეცემა მას პასუხისგებაში მიცემის წინ, საკუთარ მონებთან – წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მან “ახალი თაობის” კითხვებს უპასუხა.
– ლაშა, რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– რიგით მე-12 პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ, კიდევ უფრო დამძიმებული დამხვდა პოლიტიკური სურათი, ვიდრე მანამდე იყო. ივანიშვილი უკვე ბოლო სტადიაშია გადასული, სამოქალაქო დაპირისპირებსაც აღარ ერიდება და ამ კუთხითაც გამოიჩინა თავი.
იმედია, მიხვდება ივანიშვილი, რომ პირველ რიგში მისთვის დამთავრდება ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ და არჩეული გზიდან გადაუხვევს.
მე ყველაზე საძულველი პოლიტიკოსი ვარ ივანიშვილისთვის და დევნის ობიექტი რომ ვიყავი და ვიქნები, ესეც გასაგებია, იმიტომ, რომ მე ვერც წინა ხელისუფლების და ვერც იმის წინა ხელისუფლების მომხრეობას დამაბრალებენ, ვერც რუსეთის მოყვარულობას და ისღა დარჩენიათ, ისევ და ისევ მრავალნაცად ხერხს მიმართონ პოლიტიკური რეპრესიების სახით.
ამასაც მიჩვეული ვარ, ჯამში სამივე ხელისუფლების პირობებში 12-ჯერ ვიყავი პატიმრობაში. ეს გასაკვირი არ იყო, მაგრამ გასაკვირი იყო ის კონკრეტული საბაბი, რისთვისაც დამაკავეს.
– რა საბაბით?
– გამოხატვის უფლების ფარგლებში, ლობიოს მარცვლების ჰაერში ასროლის გამო დამაპატიმრეს. ასეთი რამ შევარდნაძეს და სააკაშვილსაც კი არ უკადრიათ, თუმცა ისინიც უკანონოდ მაპატიმრებდნენ და სტრასბურში ორჯერ მოვიგე. იმედი მაქვს, რომ ამასაც მოვიგებ.
ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ლობიოს დალუქვის პროცედურა იყო კულმინაცია. ჯიბიდან ამოღებულ ლობიოს მარცვლებზე, რომლებიც დალუქეს, ითხოვდნენ ჩემს ხელმოწერას. ძალიან ბევრი დავცინე იმ პოლიციელებს, რომლებიც ასეთ ბრძანებს ემორჩილებოდნენ.
– მხოლოდ ზემოთ აყრილი ლობიოს მარცვლები იყო თქვენი დაპატიმრების საფუძველი?
– ეს იყო საბაბი, რა თქმა უნდა. ივანიშვილის მონა მოსამართლე ქვრივიშვილს არ შერცხვა და განაჩენში პირდაპირ ჩაწერა, რომ მე ლობიოს მარცვლები ვინმეს სახეში შევაყარე.
რა თქმა უნდა, ასე არ ყოფილა. იმდენმა კამერამ გადაიღო, რომ მაღლა ავყარე, ერთადერთი ვერ დაინახეს ქვრივიშვილმა და პოლიციელებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სახეში შევაყარე ვინმეს, რაც აბსურდია.
გარდა ამ აბსურდული და სამარცხვინო სამართლისა, რაც ლობიოს სამართლის სახელით შევა მსოფლიო სამართლის ისტორიაში, პროცესუალური კუთხითაც ძალიან ბევრი დარღვევა იყო.
– კერძოდ?
– ამ ტიპის დარღვევა არ ჩაუდენია არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს, რომლებსაც არ დაუკლიათ ჩემთვის პოლიტიკური პატიმრობები.
– ასეთი რა ჩაიდინეს?
– ადვოკატის გარეშე გამასამართლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ მქონია გასამართლებამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე. არ მქონია საშუალება, რომ ელემენტარულად ინფორმაცია გამეცვალა და ადვოკატი ტელევიზორში ნანახი მასალების საფუძველზე ცდილობდა ჩემს დაცვას. ეს ყველანაირი უფლების დარღვევაა.
– რატომ არ მოგცეს ადვოკატთან საუბრის და მასთან შეხვედრის საშუალება?
– იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო ის უკანონობა, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს. ეს გადაწყვეტილება იყო წმინდა წყლის პოლიტიკური. მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა დაკავების დროს, მთელი საათნახევარი არ მომცეს საშუალება, დავკავშირებოდი ადვოკატს.
როდესაც ადვოკატი მოვიდა, პოლიციელებმა დაუმალეს ჩემი იქ ყოფნის ფაქტი ადვოკატს და გიორგი გუგავას. ჩემი ჩუმად გადაყვანა უნდოდათ სასამართლოში, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან ტელევიზიის კამერა იყო ჩართული პირდაპირ ეთერში და დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ხდებოდა ჩემი გადაყვანა.
სასამართლო სხდომიდანაც უკანონოდ და უსაფუძვლოდ გამაძევეს.
– რატომ გაგაძევეს?
– მე გამაძევეს პროცესიდან, რადგან მოსამართლე ქვრივიშვილს ვუთხარი, მასზე რასაც ვფიქრობდი, რომ ის არის მონა. აქციაზე დაკავებული ყველა პირის საქმე მან განიხილა, როგორც ჩანს ყველაზე ერთგულად ასრულებს ბრძანებებს.
მონა უცენზურო სიტყვა არ არის, ეს არის ადამიანის საქციელის შეფასება. ამ ყველაფრის შემდეგ, ამ მართლაც მონამ, იკადრა ის, რომ სამსაათიანი შესვენების ფარგლებში ადვოკატს არ მისცა საშუალება ჩემთან შეხვედრის. საკუთარი თავის დაცვის საშუალება მომისპო, ადვოკატს მოუსპო საშუალება ინფორმაციის მიღებისა.
ამგვარი მეთოდების გამოყენება მე წინა ხელისუფლებების პირობებშიც არ მახსოვს. გამასამართლეს ადვოკატის გარეშე. ამ ყველაფერს კი დაერთო ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში არ განიხილეს ეს საქმე.
გაასწრო ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმს, ადვოკატის გარეშე მასამართლებენ და მეორე ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას არ მაძლევენ. ეს საქმე სტრასბურში დამთავრდება და ივანიშვილს ამაზეც ვაგებინებთ პასუხს.
– რას აპირებთ?
– ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ აქტიურად. ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. ამით შეაშინოს საკუთარი მონები, თალაკვაძეები და კობახიძეები. მე დაჭერის არ მეშინია, უფრო გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებ ბრძოლას.
– ძალიან მძიმე ფონია. რა გეგმები აქვს ოპოზიციას?
– დღეს ბიძინა ივანიშვილი სრულ ისტერიკაშია. ეს დაკავებები იმის ნიშანია, რომ ის უახლოვდება საკუთარი მმართველობის დასასრულს. როცა არაფერი რჩება ხელისუფლებას, გარდა უკანონო დაპატიმრებებისა და პოლიტიკური დევნისა, ის არის ბოლოსკენ მიახლოებული.
ეს ბოლო რამდენად უმტკივნეულო იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ეს დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა ჩართულობაზე. რაც უფრო გაიზრდება ხალხის რაოდენობა აქციებზე, მით უფრო უმტკივნეულოდ დამთავრდება ეს ამბავი და მით უფრო კარგი შედეგი დადგება.
ჩვენ გვინდა შევცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მექანიკურად, რომ კიდევ ახალი ივანიშვილი ან სააკაშვილი არ მივიღოთ. უნდა მივიღოთ მრავალპარტიული მმართველობა. რაც მეტი ჯანსაღი ძალა ჩაერთვება ამ პროცესში, მით უკეთესი შედეგი დადგება.
– გაქვთ იმის იმედი, რომ დაათმობინებთ ხელისუფლებას?
– რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის საქმე წასულია, მაგრამ რამდენად ჩქარა და უმტკივნეულო იქნება პროცესები, დამოკიდებულია, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჩართულობაზე.
ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ყველა პარტია აცნობიერებს, რამდენად გადამწყვეტი მომენტია და ყველას ჩართულობა არის მაქსიმალური.
– თითქოს რაღაც ბზარები გაჩნდა ოპოზიციურ ერთობაში. ამაზე რას იტყვით?
– მოთხოვნასთან მიმართებაში ყველა ერთიანია და განსხვავებები, ბუნებრივია, არის. ბევრი რამ ერთმანეთის შესაძლოა არ მოგვწონდეს და არც მოგვწონს. მთავარია, რომ მოთხოვნა ყველასთვის მისაღებია.
გამოდის დღეს ხელისუფლება და თავს იმართლებს, რომ წინა ხელისუფლებები ამას აკეთებდა და მეც იგივე უნდა გავაკეთოო. თუკი “ოცნებამ” დატოვა ძველი საარჩევნო სისტემა, გამოდის, რომ ვეგუებით ერთპარტიულ მმართველობას. ხოლო ამ მმართველობებმა სადამდეც მიიყვანა ქვეყანა, ყველა ვხედავთ.
დასათმობი და უკანდასახევი ნორმალურ ადამიანს არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით ამ კორუფციასა და ჭაობში, რომლის გამოსავლადაც ივანიშვილმა დასახა ჩვენი ამ ქვეყნიდან გასახლება.
ისეთი ცვლილება გვჭირდება, რომ ვერც ქოცმოძრაობამ და ვერც ნაცმოძრაობამ ვერ აიღოს მთელი ძალაუფლება ხელში.
არსებობა-არარსებობის წინაშე დგას ერი და სახელმწიფო!