ლაშა ჩხარტიშვილი – “რას ვიფიქრებდი, რომ უგულავას და ბოკერიას დაცვა მომიწევდა!”

ლაშა ჩხარტიშვილი - “რას ვიფიქრებდი, რომ უგულავას და ბოკერიას დაცვა მომიწევდა!”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ოპოზიცია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის კუხიანიძის გადადგომას ითხოვს ცნობილი პოსტის გამო, რომელიც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა. “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას მიიღებს?
– ერეკლე კუხიანიძემ არათუ თანამდებობა, საერთოდ საკრებულო უნდა დატოვოს. პარტიიდანაც უნდა გარიცხონ. თუმცა, მე არც ერთის და არც მეორის მოლოდინი არ მაქვს. ის, რაც იკადრა უტიფარმა კუხიანიძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა. ნორმალურ სახელმწიფოში კუხიანიძესთან მიმართებაში გამოძიებაც კი დაიწყებოდა. უნდა გაირკვეს, მისი მოღალატეობრივი განცხადება სულით მონობის შედეგია თუ კონკრეტული ინტერესის, მაგალითად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის, მაგრამ ვინღა უნდა გამოიძიოს, როდესაც ივანიშვილია ამ ქვეყანაში პროკურორიც, მოსამართლეც, გამომძიებელიც.
– რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად?
– ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია კარგად გამოიხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჩასვრილის პოზიცია აქვს მას ყველა საქმეში, მით უფრო რუსეთთან ურთიერთობაში.
როდესაც საქმე ეხება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, შეუძლებელია, გესმოდეს “ქართული ოცნების” პოზიცია, რადგან მოღალატეობრივია მათი პოზიცია. თუნდაც საერთაშორისო არენაზე ხომ შეიძლება უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით?! ამ ყველაფრის სანაცვლოდ ე.წ. რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი.
– ოპოზიციის ლიდერების პროკურატურაში დაბარებაზე მინდა გკითხოთ. ამჯერად გიგა ბოკერიაზე განახლდა ძიება. თქვენ ცოტა ხნის წინ დაკავებული იყავით. შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს?
– ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი სპექტაკლია. ეს ოპერა ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. ივანიშვილი თავის გადარჩენას ცდილობს ყველა ხერხით. მათ შორის ამ ხერხით, რომ აღძრავს ყველა ლიდერზე საქმეს, რომ ყველას დაიჭერს, ყველას ჩასვამს ციხეში. ივანიშვილი ახლა ბოლო სტადიაშია ამიტომ, ძალიან სახიფათოა. ამ ფაზაში რეპრესიები ივანიშვილის მხრიდან გაძლიერდება, ამას ჩვენ ველოდებით. ჩემთვის, მაგალითად, რიგით მე-12 პოლიტპატიმრობა იყო.
ოპოზიციის ლიდერებზე საქმეების აღძვრაც ამ ერთიანი კამპანიის ნაწილია. რაღა საარჩევნო წელს გაახსენდა წინა ხელისუფლების დარღვევები, როდესაც მისი ძალაუფლების ბოლო ჟამი დადგა?!
არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას სოლიდარობა მომიწევდა, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები აშკარაა. რა მნიშვნელობა აქვს, ამ რეპრესიების ავტორი ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი?!
უგულავას შემთხვევაში საერთოდ ტრაგი-კომიკური სიტუაცია გვაქვს. ჩემი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ არავის აქვს უფლება ფიზიკური ანგარისშწორების, იმ შიშის დამკვიდრების, რასაც ივანიშვილის ცდილობს. თითქოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ქუჩაში უსწორდებიან. უგულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა, პირიქით, მას აბრალებენ ძიუდოს ორგზის ჩემპიონისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ცემას. თან პროკურატურა ამბობს, ვიდეოკადრებს ვერ ამოვიღებთო.
ასეთი აღვირახსნილი რეპრესია წინა ხელისუფლებასაც შეშურდებოდა, ისინი ფუთავდნენ მაინც. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მართლაც კულმინაციაა.
ამას წინათ ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შევხვდით რეპრესიებზე სასაუბროდ: აღმოჩნდა, რომ ვინც ამ შეხვედრას ვესწრებოდით, აბსოლუტურად ყველა ან დაჯარიმებული იყო, ან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო, ან სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული ან ჩემსავით ახალი გამოსული იყო პატიმრობიდან.
ახლა, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თვითგადარჩენას სწორედ ასეთი რეპრესიებით, მაგრამ სინამდვილეში ეს მას კი არ გადაარჩენს, უფრო და უფრო ღრმად ჩაფლობს ჭაობში.
ეს გაფართხალება ძალიან ნაცნობია, თუნდაც წინა ხელისუფლების მაგალითზე შემიძლია ეს გითხრათ. უკვე გასასამართლებელი აღარავინ დარჩა ამ ქვეყანაში.
ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ჯალათებს ემყარება, არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან. ზოგი მიმართულებით გაასწრო კიდეც. აქედან გამომდინარე, მათი გასასამართლებელი აღარავინ არის.
სამართლიანი სასამართლოს პირობებში, რომელიც მომავალში შეიქმნება და რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი შექმნის, შეიძლება იყოს საუბარი მოქმედი, მისი წინამორბედი თუ ნებისმიერი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებებზე.