ლევან კობერიძე – ”კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ”ოცნების” შეკვრას ვეღარავინ ახერხებს”

ლევან კობერიძე - ”კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ”ოცნების” შეკვრას ვეღარავინ ახერხებს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

არსებობს თუ არა რეალური დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში?” რას ნიშნავს ოპოზიციის აქციებისთვის კონტრაქციების დაპირისპირება? რატომ თვლის, რომ ეს დაპირისპირებები და ვადამდელი არჩევნები ”ქართულ ოცნებასა” და ნაციონალურ მოძრაობას აწყობს? და რით შეიძლება აიხსნას იურიდიული კომიტეტის მიერ 5 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან კობერიძე საუბრობს.

_ ვხედავთ ერთგვარ აქციებს, კონტრაქციებსა და დაპირისპირებებს, რაც ხდება ჩვენ გარშემო, ხოლო მეორე მხრივ ვხედავთ როგორი აზრთა სხვადასხვაობაა უმრავლესობაში საარჩევნო მოდელზე. თითქოს დაპირისპირებაა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზე. რა პროცესებს ხედავთ?

_ ამ შემთხვევაში ”ქართულ ოცნებას” ორი არჩევანი აქვს. ან უნდა აღიაროს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ჩავარდა, რომლის შედეგად საბოლოო ჯამში უნდა მიგვეღო პროპორციული არჩევნები, რადგან ახლა მაჟორიტარები ამერიკულ მოდელს ითხოვენ, ან თუ მაშინ არ ჩავარდნილა ეს ყველაფერი, ახლა რაც ხდება, ეს ყველაფერი ფარსია.

_ სპექტაკლია?

_ ეს ვითომ დაპირისპირება ”ქართული ოცნების” შიგნით და ის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილიც კი ვეღარ არწმუნებს თავისი გუნდის წევრებს. აქ მხოლოდ ორი ვარიანტია ან ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ეს უნდა აღიაროს ქართულმა ოცნებამ, მათ შორის კობახიძემაც, რომელიც თავს იწონებდა ამით. ან ეს არის ფარსი. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

_ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა დაპირისპირება „ოცნების“ შიგნით?

_ ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი. ასე, რომ არ მჯერა იმის, რომ მთელ რიგ დეპუტატებს ახლა გაახსენდათ, რომ ქვეყანა იღუპება ამ სისტემით. რა გამოდის? ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ხალხის მოთხოვნა და „ოცნებაც“ ამ აზრზე იყო, ახლა ამბობენ, რომ ამ სისტემამ შეიძლება დაღუპოს ქვეყანა და შეიძლება მოაბრუნოს მმართველობაში ნაციონალური მოძრაობა?! ანუ მაშინ თანახმა იყვნენ და მერე გონება გაუნათდათ? მე ამის არ მჯერა. მე მგონი საბავშვო ბაღში რომ შეხვიდეთ, ამას აღსაზრდელებიც კი არ დაიჯერებენ.

_ ანუ ფარსია ის ინფორმაციებიც, რომ მამუკა მდინარაძე ეწინააღმდეგება „ამერიკულ მოდელს“, დაპირისპირებაა მასთან და შეიძლება უმრავლესობაც კი დატოვოს და ა. შ.

_ ეს არის მთელი ამ სპექტაკლის პატარ-პატარა სცენები. რომლის საშუალებითაც ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ გადაფაროს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობის უკან წაღება და მოპარვა. ზღაპარში რომ არის, როგორც გრინჩმა მოპარა პატარებს ახალი წელი, ისე მოპარა თავისივე დანაპირები ”ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას. ეს არის მთავარი თემა და ამან მისცა ყველა ძალას მორალური უფლება, რომ გამართოს ნებისმიერი სახის აქციები. მათ შორის ძალიან მწვავე და რადიკალური სახითაც კი.

_ იმ ფაქტს როგორ აფასებთ რაც ქუჩაში ხდება და მერიის თუ ადმინისტრაციული სამსახურების თანამშრომლები უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს და იყენებენ ცოცხებს ყავარჯნებს და ა. შ?

_ მერიის და ადმინისტრაციების წარმომადგენლები უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს, რადგან ”ქართულ ოცნებას” სხვა მხარდამჭერები აღარ დარჩა და მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსია ის, ვისაც შეუძლია მათი პოზიცია ქუჩაში გამოხატოს.

„ოცნებაც“ და ნაცმოძრაობაც პოლიტიკურად გაკოტრებული ძალებია. უბრალოდ, ახლა ერთმანეთი ორივეს აწყობს. „ოცნებამ“ ნაცმოძრაობას მორალურად ლეგიტიმაცია მისცა, რომ რადიკალური ფორმითაც კი გამოვიდეს ქუჩაში და სამართლიანი პროტესტი მიითვისოს. ხალხი მართლა გამოდის ამის გასაპროტესტებლად. გაცილებით დიდი რაოდენობით ადამიანები გამოვიდოდნენ გარეთ, წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს.

ვხედავთ დაპირისპირებებს, სამოქალაქო დაპირისპირებად ვერ შევაფასებ, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნება“ უპასუხისმგებლოდ იქცევა და მიმართავს კონტრაქციებს. ვხედავთ, რომ რეალურად საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს.

ეს არის ვითარება, რომ ქვეყანაში შეიქმნას ფონი, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდივართ. ეს ჩემი აზრით ერთი სცენარისკენ არის მიმართული და ეს სცენარი ვადამდელი არჩევნებია, ხოლო მისი ავტორები „ოცნება“ და ნაცმოძრაობაა.

ვადამდელი არჩევნები მხოლოდ ამ ორ მდიდარ ძალას აწყობს, ორივეს ლეგიტიმაცია დაცლილია და შესაბამისად არ მგონია, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც ჰქონდეს და ამიტომ ორივეს აწყობს ვადამდელი.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს.

ამას ეწინააღმდეგებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ელიზაბეთ რუდი ქუთაისში იყო ჩასული და რაღაც დაწესებულება მოინახულა. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისი პარტნიორები ცდილობენ ცხელ წერტილში ყოფნას.

უნდა მივიდეთ არჩევნებამდე ვადების შესაბამისად და იქ უნდა გაიმარჯვოს ახალმა ძალამ და არა _ ”ქართულმა ოცნებამ’.

_ სასამართლო კლანთან დაკავშირებით გინდოდათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი. რისი გამოხატულება იყო ეს?

_ გასაგებია, რომ კლანი და ”ქართული ოცნება” გარიგებულები არიან და უკვე ერთ გუნდს წარმოადგენენ. ჰყავთ თავისი კანდიდატები ორივეს, შეთანხმებულები არიან რაღაც რაოდენობაზე. ფსევდო დემოკრატიული პროცესია, რომ ვიღაცებს ჩააგდებენ და ძირითად ბირთვს აირჩევენ.

ჩემი ინიციატივაა, რომ ყველას მოვუწოდო, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციაში დავაყენებ ინიციატივას და პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ სხდომას და „ოცნება“ თავისი კლანის მოსამართლეებთან მარტო დავტოვოთ. ყველამ დაინახოს, როგორ უკეთებს ის ფორმალიზაციას კლანის გადმობარებას სააკაშვილ-ადეიშვილის მხრიდან.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ვითომ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, რომ თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილა გიორგი კვირიკაშვილი, რომ მან მოახერხა შეთანხმების მიღწევა გუნდში, თუ ჩავთვლით, რომ ასეთი წინააღმდეგობა იყო. იმიტომ, რომ მაშინ კობახიძე ვერანაირად ვერ ახერხებდა ამას. მაშინ კვირიკაშვილმა შეძლო გუნდის დარწმუნება ამაში და ერთიანობაც შეინარჩუნა.

მისი წასვლის შემდეგ კი ვეღარც ივანიშვილი, ვეღარც კობახიძე, კალაძე ან სხვა ლიდერები ვეღარ ახერხებენ ამ თემის გუნდის კონსოლიდაციას. ეს ჩანს ყველგან, მათ შორის ისიც, რამხელა ნდობა ჰქონდა ამ ადამიანს საერთაშორისო ასპარეზზე.

თუ მართლა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და თავისუფალი კენჭისყრა ამ დროს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი დაპირებაა მიცემული საზოგადოებისთვის, შედარებისთვის გეტყვით, რომ სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონზე, რომლითაც ლეგიტიმაცია მიეცა კლანის გადმობარების პროცესს და რის გამოც მე დავტოვე უმრავლესობა, მაშინ თავისუფალი კენჭისყრა არავინ დაუშვა. მე არ მომცეს წინააღმდეგ წასვლის უფლება და ამის გამო დავტოვე უმრავლესობა. აქ კი, როდესაც საყოველთაო შეთანხმება იყო მიღწეული, თავისუფალი კენჭისყრა დაუშვეს.

ახლა კი „ოცნება“ საკითხის სხვა დისკურსში გადაყვანას ცდილობს და სურს, არჩევანი დააყენოს მაჟორიტარულ სისტემასა და შერეულს შორის. მაშინ გადაწყვეტილება 2016-17 წლებში უნდა მიეღო, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა. ახლა კი ეს აღარ აქვს და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს ბაქი-ბუქისთვის არის ატეხილი.

რას ემსახურება ვითომ ერთმანეთთან ჭიდილი? ეს ემსახურება იმ დღის წესრიგის გადაფარვას, რომ მათ მოიპარეს თავიანთი დაპირება მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, უმრავლესობის მოპოვება აღარ შეეძლო.

თუ ეს ასე არაა, ”ოცნებამ” აღიაროს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ჩავარდა.