მირიან მირიანაშვილი – “უმრავლესობის დაშლა რუსების გაკეთებულია”

მირიან მირიანაშვილი - “უმრავლესობის დაშლა რუსების გაკეთებულია”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოში პოლიტიკური ორომტრიალი გრძელდება. მმართველი პარტიის მიერ პროვოცირებული გადაწყვეტილებების შედეგად ქუჩაში გამოსული ერთმანეთს გადამტერებული პარტიები ბრძოლას აგრძელებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. რა კავშირი აქვს ვადამდელი არჩევნების ვადებს საგარეო ორიენტაციასთან? რა შემთხვევაში ხდება პარტიების ლუსტრაცია? აინტერესებს თუ არა ვინმეს უცხოეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა შეიძლება 90%-ით დახურულად ჩაითვალოს. მოვლენები დინამიკურად ვითარდება და დღეს როგორი სიტუაციაა?
– უკანასკნელ მოვლენებს რაიმე ნოვაცია არ მოუტანია. იგივე მოცემულობა გვაქვს. არჩევნები უნდა იყოს ახალი პოლიტიკური რეალობის შედეგი. ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა და მერე გაიმართოს არჩევნები.
– ეს სიტუაცია არ გვაქვს?
– რასაკვირველია, არ გვაქვს. უახლეს ისტორიაში ჩატარდა 10-მდე საპარლამენტო არჩევნები. აქედან 4-ჯერ მოხდა ხელისუფლების გადაბარება. დანარჩენ შემთხვევაში არჩევნები ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
– ამჟამად ხელისუფლების ფარულად გადაბარების ნიშნები თუ იკვეთება?
– ნიშნები კი არა, წელიწადნახევარია, მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების სტრატეგიის რეალიზება. ეს არის რუსეთში შემუშავებული სტრატეგია, რომლის შემსრულებლები არიან საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც ვითომ დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან.
ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ რუსთაველზე იყო აქციები. ეს აქციები სხვა საკითხებს ეძღვნებოდა. ორგანიზატორებმა ამ მიზნებისთვის გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების პირადი ტრაგედიები. ვადამდელი არჩევნების პროვოცირება რუსებს აქამდეც უნდოდათ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
– ახლანდელი საპროტესტო მოძრაობა უფრო მძაფრია?
– ამას თავისი ახსნა აქვს. რუსეთმა დააჩქარა მოქმედებები. კრემლის მოტივაცია აგებულია დასწრებაზე. რუსეთს საქართველოში ძალიან აშინებს 2020 წლის შემოდგომა და პარლამენტის არჩევნები. მათ იციან, რომ ამ დროისთვის ამერიკა ჩამოაყალიბებს თავის რეალობას. რუსებს ჰგონიათ, რომ ამერიკელების რენოვაციას ხელს შეუშლიან, თუ წინსმწრებად მოაწყობენ რიგგარეშე არჩევნებს და ერთ ძალას მეორეთი ჩაანაცვლებენ.
ამერიკული პოლიტელიტის გააქტიურება ჩვენში თვალშისაცემია. ასევე აშკარაა რუსეთის პოლიტტექნოლოგიური სქემები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები ასრულებენ.
– ფართო საზოგადოებისთვის ეს თვალშისაცემი და აშკარა არ უნდა იყოს.
– ვინც ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს და მოკლებულია ანალიზს, იმისთვის, რასაკვირველია, არაფერი არ არის ცხადი. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ბოლო წლებში განვმარტავდი, რა ხდება. რუსების ხისტი მოთხოვნით, წელიწადნახევრის წინ აიკრძალა ჩემი გამოჩენა ტელეეკრანებზე. დიდ არხებზე ისედაც აკრძალული ვიყავი.
– ამბობდით, რომ რუსეთის მიზანია, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დაამთხვიოს იმ დროს, როცა ვაშინგტონს ამ არჩევნებისთვის არ ეცლება. ეს ამოცანა ისევ დგას დღის წესრიგში?
– მცირე დოზით, რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. აშშ-ში მიდის პრეზიდენტ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესი. ის თავის პიკს მიაღწევს იანვრიდან გაზაფხულის დასაწყისამდე. რუსეთს საქართველოში ვადამდელი არჩევნები აწყობს სწორედ ამ პერიოდში. ამ დროს აშშ და მისი მეთვალყურეები ხელფეხშეკრულნი იქნებიან და არჩევნებს მონიტორინგს ვერ გაუწევენ. გაერთიანებული ოპოზიცია დროდადრო ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. ამ ოპოზიციაში არიან ღიად პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიც გარეშე ასეთ მოძრაობაში არ ერთვებიან.
– ქუჩაში ბევრი პარტია დგას.
– დავუშვათ, რომ დანარჩენები ჭეშმარიტად დასავლურები არიან. რიგგარეშე არჩევნების ვადებს ისინიც არ ასახელებენ. ეს ეჭვებს ბადებს დასავლელ ანალიტიკოსებში. თუ ე.წ. მედასავლეთე პარტიები რუსეთის მიერ დირიჟირებულები არ არიან, გამოვიდნენ და დაასახელონ თარიღი. როგორ შეიძლება, მოითხოვდე ვადამდელ არჩევნებს და ვადას არ ასახელებდე?!
– იანვრიდან გაზაფხულის დასაწყისამდე ვადა მიუღებელია. მისაღები თარიღი რომელი შეიძლება იყოს?
– მაის-ივნისი. ზამთარი და ადრეული გაზაფხული ჩვენთან სხვა პრობლემებსაც იწვევს. საქართველო მთიანი ქვეყანაა და დიდთოვლობა შეუძლებელს ხდის საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. მაისსა და ივნისში ნაკლები პრობლემაა.
ნურავინ იფიქრებს, რომ თუ რუსეთს ვადამდელი არჩევნების კომბინაცია გაუვიდა, ამერიკელები თავიანთ გეგმებზე უარს იტყვიან. ეს პოლიტიკური კრიზისი რუსეთის დირიჟირებით გამოიწვია ბიძინა ივანიშვილმა. მასში რუსეთის მითითებით მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები.
ივანიშვილი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჭრიდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა. როგორც ვატყობ, მისი პოლიტიკური ბედი გარეთ აღარავის აინტერესებს. პირველ რიგში, რუსებს. აშშ ამ პერიოდში აკავებდა რუსეთს და ამუხრუჭებდა კრიზისების განვითარებას საქართველოში. ამერიკულ ელიტას მობეზრდა ეს კომბინაციები და ივანიშვილის გადარჩენა. შეიძლება მუხრუჭმა აღარ იმუშაოს.
– აშშ რუსეთის განდევნის გეგმაზე უარს არ იტყვის?
– რასაკვირველია. რუსეთის გასვლა საქართველოს პოლიტიკური სივრციდან გარდაუვალია. ხდება რუსეთის განდევნა ყველა სივრციდან, რელიგიური სფერო იქნება ეს თუ სპორტული. აქამდე სპორტში რუსეთი ნაწილობრივად იყო იზოლირებული. მომავალში ასე არ იქნება. 9 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება რუსეთის სრული იზოლაცია. როცა მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია, საქართველოში რუსეთს არავინ დატოვებს.
– ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან რა დასკვნა გამოიტანეთ? მან აშშ-ზეც ისაუბრა.
– ამ ინტერვიუს შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილს წარმოდგენა არა აქვს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სტილზე, ტრადიციებსა და სტრატეგიაზე. მას ჰგონია, აშშ თავისი გავლენის რეალიზაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისიც არ იცის, რომ ვაშინგტონი ტრილიონს ხარჯავს სადაზვერვო და თავდაცვით საქმიანობაზე. მისმა ნააზრევმა ამ საკითხებზე გამახსენა რუსეთის სახელმწიფო დუმის ოდიოზური და უვიცი დეპუტატების, მაგალითად, კალაშნიკოვის განცხადებები. ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, რატომ გვაქვს ასეთი ჩავარდნა საგარეო პოლიტიკაში.
– სხვა პასაჟებიც იყო საინტერესო მის ინტერვიუში?
– სხვა პასაჟები შენიღბული იყო. ამას არც აქვს მნიშვნელობა. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, “ვის აქვს აქედან სარგებელი?” დღევანდელი კრიზისიდან ხეირობს რუსეთი.
– პარლამენტის უმრავლესობის დაშლა და ახალი ფრაქციის შექმნაც რუსეთის პოლიტტექნოლოგების ნაყოფია?
– ბუნებრივია. იმისთვის, რომ შეიქმნას გარემო რიგგარეშე არჩევნებისათვის, უნდა იყოს კრიზისული ვითარება. უმრავლესობის დაშლა შარშანვე იგეგმებოდა, მაგრამ რუსების დავალების პროცესი გაჩერდა.
ახალი ფრაქციების შექმნაც ამის თანმდევი პროცესია. ეს ხდება თვალსაჩინოებისთვის, რომ კრიზისი უფრო შთამბეჭდავი გახდეს. იმ პარტიებმა, რომლებიც მედასავლეთეებად გვევლინებიან, გააკეთონ განაცხადი ვადამდელ არჩევნებზე. ეს აინტერესებს საქართველოს საზოგადოებასაც და დასავლეთის ელიტასაც. ეს იქნება მათთვის ლაკმუსის ქაღალდი.
მალე გამოჩნდება, ვის უნდა რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ჩარჩენა და ვის – ახალი ცივილიზებული პოლიტიკური მომავალი.