მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებმა ინფორმაცია ცოტახნის წინ მიიღეს, შესაბამისად, ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს ვერ აკეთებენ.
ერთადერთი ვერსიით, გუშინ საღამოს, მამუკა დარჩია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ახლობლის დაბადების დღეზე, როდესაც წარსულთან დაკავშირებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება ერთ-ერთ პირთან მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ ჩხუბის დროს მიაყენეს მას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა.
ამ ვერსიას გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ არის ცნობილი.
მამუკა დარჩიას ახლობლები “კურიერთან” არ აკონკრეტებენ, რას საქმიანობდა გარდაცვლილი მოსკოვში.
გარდაცვლილის ნათესავი თამაზ დარჩია აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დაპირისპირების მიზეზი არ იცის.
“კარგი ბავშვი იყო და არ ვიცი, რას საქმიანობდა. უბრალოდ ვიცი, რომ სწავლობდა იქ, არტერიაში მოხვდაო დანა, ამბობენ” – განაცხადა თამაზ დარჩიამ.
მამუკა დარჩია კონფლიქტის გამო საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდან იყო.
როგორც ამავე სოფლის რწმუნებულმა,ზურაბ დარჩიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გარდაცვლილი დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელი ცხოვრობდა და რა ვითარებაში მოკლეს, მისთვის უცნობია.
“მამუკა დარჩია დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს. სოფელში მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავს. ის 40 წლამდე იყო. მოსკოვში რას საქმიანობდა, არ ვიცი. ცოლ-შვილი არ ჰყავს.
ველოდებით საქართველოში გადმოსვენებას და გვაინტერესებს, რატომ მოკლეს ჩვენი თანასოფლელი, სიმართლე ყველას გვაინტერესებს.
გარდაცვალების ამბავი გუშინ საღამოს შევიტყვეთ, თუმცა შემთხვევა ზუსტად როდის მოხდა, არ ვიცით”, – განაცხადა სოფელ ბაილეთის რწმუნებულმა ზურაბ დარჩიამ.

