”მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლე მე-9 სართულიდან გადახტა – რა მოხდა სკოლაში და რას აბრალებენ პოლიციას

”მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლე მე-9 სართულიდან გადახტა - რა მოხდა სკოლაში და რას აბრალებენ პოლიციას11 დეკემბერს თ]ილისის ”მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა და კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ამჟამადაც კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ”მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რის გამოც არასრულწლოვანი პოლიციაში იყო დაბარებული.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაიწყო, რომელმაც უნდა გაარკვიო ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობა სცადა.

10 დეკემბერს 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  სამმართველოს პოლიციის პირველ  განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე თბილისში,  „მწვანე სკოლის“  შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების  ფაქტზე.

შეტყობინება 112-ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო  „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

„მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა  მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ  მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.  მოზარდის დედას  პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს“, – განაცხადეს შსს-ში.

აი, რა უთხრა სკოლის დირექტორმა კახა დავითურმა პრაიმტაიმს:

„ეს ბავშვი ცოტა ხნით სწავლობდა ჩვენთან, თუმცა შემდეგ მშობელმა სხვა სკოლაში გადაიყვანა. როგორც მითხრეს, თანხის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდათ.

სკოლის შენობაში შიგნით დატოვებული იყო ათასგვარი უხამსი წარწერა, ნიშნები, „ქურდებს სიცოცხლე“ და მსგავსი რაღაცეები, ნუ როგორც ხდება ხოლმე. ეს მოხდა ღამე. დილით აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაც იყო შემოპარული და ასეთი წარწერები ჰქონდა დატოვებული.

ამოვიღეთ კამერების ჩანაწერები, მოვიდა პოლიციაც და მერე ამოიცნეს ეს ბავშვი, შესაბამისად, დაიბარეს პოლიციაში“,

შსს-მ მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 12 დეკემბერს კი გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება შევიდა  და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა, სადაც ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.