მურმან დუმბაძე – “ივანიშვილმა უნდა აირჩიოს შევარდნაძის, აბაშიძის ან სააკაშვილის გზა”

მურმან დუმბაძე - “ივანიშვილმა უნდა აირჩიოს შევარდნაძის, აბაშიძის ან სააკაშვილის გზა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, ნიკა გვარამიას ფეისბუკ პოსტი უზურპატორის დამხობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გააზიარა, რომელსაც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებები მოჰყვა. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?
– 30 წელია, მიტინგებზე ვდგავარ. 60 წლის ვხდები, აქედან ერთი მეორედი საბჭოთა კავშირში გავატარე, მეორე ერთი მეორედი კი – რუსთაველზე. ასეთი მშვიდობიანი მიტინგები არ მაგონდება.
თუ ხელისუფლებას სურს, კალაპოტს მიღმა გადაგვიყვანოს, ჩვენ შევეცდებით, არ გადავიდეთ. ადამიანები რა განცხადებებს გააკეთებენ, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა, მაგრამ განცხადების გაკეთება ერთია და ქმედება მეორე. არავინ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მხოლოდ მისივე დანაპირების შესრულებას ვთხოვთ, სხვას არაფერს.
საქართველოში არჩევნები რიგგარეშე თუ ვადით დანიშნული, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. სხვა სისტემით არჩევნები საქართველოში ვეღარ ჩატარდება.
– ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესების ესკალაცია მოხდება?
– არა, თუ ბიძინა ივანიშვილი პარტიების გარეშე ჩაატარებს არჩევნებს, როგორც ბრეჟნევის ეპოქაში ტარდებოდა, მაშინ ღმერთამ ხელი მოუმართოს. “ქართული ოცნება” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ასეთი არჩევნები, ასეთი მთავრობა ხომ არ იქნება ლეგიტიმური?!
– გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტს განიხილავს?
– რა თქმა უნდა, განიხილავს! ღიად ვამბობ, საქართველოში არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება.
– არჩევნების ბოიკოტი რთულად შესასრულებელი არ გეჩვენებათ?
– სულაც არა.
– სატელიტებს შექმნის და ისინი მიიღებენ მონაწილეობას.
– ეს იქნება “ქართული ოცნება” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ეს ძალიან მარტივად გამოცნობადი ამბავია. სახელმწიფოს სატელიტები კი არ ქმნიან, სახელმწიფოს იდეალისტები ქმნიან. ჭე-კლასის პარტიებს შექმნის და მათთან ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ლეგიტიმაცია რომ არ ექნება ასეთ არჩევნებს, ასე მიღებულ შედეგებს ხალხი უნდობლობას რომ გამოუცხადებს შინ და გარეთ, ეს ხომ იცით, რას ნიშნავს?!
– ქუჩაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ ფიქრობთ, რომ ძალიან სახიფათოა?
– დიახ, ჩვენ, პრაქტიკულად ასლან აბაშიძის ეპოქაში დავბრუნდით. ეს ნაცნობი გზაა. გაკვალული გზაა. 1991 წლიდან 2004 წლამდე შემიძლია თითოეული მიტინგის ანატომია აღვწერო. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ერთმანეთს მეზობელი მეზობელს, ბიძაშვილი ბიძაშვილს, ცოლი ქმარს დაუპირისპირდა და შედეგად რა მიიღო, 2004 წლის 6 მაისს დილის 6 საათზე ასლან აბაშიძეს მის მშობლიურ მოსკოვში გაფრენა მოუწია. დღესაც არ არის ჩამოსული.
მე ეს არ მინდა, განმეორდეს.
– პარალელებს ავლებთ?
– რა თქმა უნდა! ბიძინა ივანიშვილს არჩევანი აქვს. მას შეუძლია აირჩიოს სამი ცნობილი ლიდერის გზა: ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ასლან აბაშიძის.
ედუარდ შევარდნაძე რევოლუციით გადააგდეს. თუმცა, მშვიდობიანად. როდესაც მას ჰკითხეს, სად მიდიხართ? მან უპასუხა – სახლში! ბიძინა ივანიშვილს როდესაც ამ კითხვას დაუსვამენ, მან უნდა უპასუხოს – სახლში!
მეორე გზა ასეთია: როდესაც არჩევნებში დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი, მან თქვა: მე დავმარცხდი და წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულ პარტიას. ეს გზაც შეუძლია აირჩიოს, როდესაც პატიოსან არჩევნებში დამარცხდება. თავის დროზე ეს არჩევანი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ამიტომ დარჩა დიდ პოლიტიკაში. სხვა გზა რომ აერჩია, ევროპაში კი არა, ახმეტას ვერ გაცდებოდა.
მესამე გზა არის ასლან აბაშიძის გზა, რომელიც 2004 წლის 6 მაისს დილის 6 საათზე გაფრინდა ბათუმიდან.
ამ სამი გზიდან რომელიც უნდა, ის აირჩიოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის პირადად ჩემი რჩევა. ისეთივე გულწრფელი რჩევაა, როგორც 2012 წელს ვურჩევდი. მაშინ ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა, მიჯერებდა.
იმედი მაქვს, ახლაც დამიჯერებს. ასე ჯობია მისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც.