მურმან დუმბაძე – “წავა ივანიშვილი და “ოცნებაც” დაიშლება”

მურმან დუმბაძე - “წავა ივანიშვილი და “ოცნებაც” დაიშლება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2019 წლის პოლიტიკურ პროცესებს აჯამებს.
– ბატონო მურმან, რა პოლიტიკურ მოვლენას გამოყოფდით მიმდინარე 2019 წელს?
– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციამ სხვანაირად დაიწყო აზროვნება. ყველაზე მთავარი მონაპოვარი 2019 წლის მაინც ოპოზიციის დიდი პოლიტიკური გაერთიანება მგონია.
განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის, იდეების, მენტალიტეტის ადამიანები ერთ მაგიდას მიუსხდნენ და გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება შესაცვლელია არაძალადობრივი, მშვიდობიანი მეთოდებით. ალბათ ასეთი ერთობის დანახვა ხელისუფლებასაც კი გაუკვირდებოდა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, საარჩევნო გარემო და საარჩევნო სისტემა შევცვალოთ. ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობა გარდაუვალია, ეს არის მთავარი სტრატეგია და მიზანი.
– ოპოზიციამ ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღო. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება თუ მოლაპარაკების მაგიდა შეიძლება უფრო კომფორტული იყოს?
– რამდენიმე დღეში 2019 წელი კალენდარულად ნამდვილად დასრულდება, მაგრამ პოლიტიკურად ვერ დასრულდება და მე ამის პირობას ვაძლევ ხელისუფლებას. მოლაპარაკების მაგიდა და ქუჩის პროტესტი ერთმანეთის შემავსებელი კომპონენტებია. საახალწლო-საშობაო დღეების შემდეგ ისევ მოხდება ოპოზიციური პარტიების კონსოლიდირება და ჩვენ დავიწყებთ პროტესტს, თუ “ქართული ოცნება” გონს არ მოეგება.
– მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულებს აანონსებთ?
– ბიძინა ივანიშვილმა თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს, მას სხვა გზა არ აქვს! ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიცემული მთავარი პოლიტიკური დანაპირები, არამედ ეს არის მსოფლიო თანამეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული დანაპირები, რომელიც პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან გაახმოვანა.
მთელი პარლამენტი, მისი უმრავლესობა ტრაბახობდა ამ დანაპირებით, რომ ისინი ხელისუფლების დაკომპლექტების ახალ წესზე გადადიან. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიცია, ახლა იძულებულები ვართ, უკან წაღებული დანაპირები ხელისუფლებას შევასრულებინოთ.
– არ ასრულებს.
– მოუწევს.
– როგორ?
– სხვა გზა უბრალოდ არ დარჩება ბიძინა ივანიშვილს, მას მოუწევს თავისი სიტყვის შესრულება საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მოთხოვნით. უკეთესია, არ გაჯიუტდეს და ისე შეასრულოს დანაპირები.
აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ სიტყვის შესრულება ღირსების ამბავია და ასე შემდეგ. თუმცა, ესეც არის. აქ მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და სწორი განვითარების გზა. ქვეყნის მომავალი განვითარება სწორედ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებზე გადის. მახინჯი, უუნარო საარჩევნო სისტემა, რომელმაც ყველანაირად ამოწურა თავისი შესაძლებლობები, უნდა შეიცვალოს.
– ყველა პოლიტიკური ძალა ამ დაპირებით მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ მერე არ ასრულებს. თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა, რომ შეცვლიდა, მაგრამ არ შეცვალა.
– დიახ, სწორედ ნაციონალური მოძრაობა ამბობს დღეს, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა და უნდა შეიცვალოს. “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ეს დანაპირები პროგრამაში ჩაწერა და ის უნდა შეასრულოს და რომ არ ასრულებს, ამით ნაციონალურ მოძრაობას კიდევ უფრო მეტად ემსგავსება.
– ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებს “ქართული ოცნება”, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, რომ მარტივად ვერ დათმობს. რას იტყვით?
– პოლიტიკურ პროცესს ერთი ძალიან ლოგიკური არგუმენტი ახასიათებს: შეუქცევად პროცესს, რომელიც დაიწყება, ვეღარაფერი აჩერებს! ეს პროცესი დაწყებულია და მისი უკან მობრუნება ან შეჩერება შეუძლებელია, ეს უნდა გაითვალისწინოს ბიძინა ივანიშვილმა.
ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო, მიუხედავად დიდი სურვილისა. ეს ვერ შეძლო ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე შევარდნაძემ. ვერ შეძლო ასევე გამოცდილმა და ენერგიულმა სააკაშვილმა. ბუნებრივია, ვერ შეძლებს არაპოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი.
დინების წინააღმდეგ ვერავინ წავა. 8 წელი საქართველოში მაქსიმუმია, იმის იქით ახალი ძალა უნდა მოვიდეს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი კი უნდა დაუბრუნდეს ქველმოქმედებას. თუმცა, ახლა არც ქველმოქმედია, ბიზნესს დაუბრუნდა, ამიტომ ჯობია, ისევ ბიზნესში დაბრუნდეს. წავა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან და “ქართული ოცნებაც” დაიშლება ისე, როგორც წინა პოლიტიკური პარტიები.
– მოქალაქეთა კავშირს ადარებთ?
– რატომ მხოლოდ მოქალაქეთა კავშირს?! აღორძინებამაც იგივე ბედი გაიზიარა. როდესაც იდეა არ არის, როდესაც სტრატეგია არ არის, როდესაც მთავარი ბალავარი გეცლება, მაშინ ხელისუფლებაში ვეღარ რჩები.
ცვლილება გარდაუვალია და ივანიშვილი ამ აზრს უნდა შეეგუოს.