ნაზი ჯანეზაშვილი – “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”

ნაზი ჯანეზაშვილი - “თამარ ზამბახიძე, არ გრცხვენია?!”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უზენაეს სასამართლოში დამტკიცებულ მოსამართლეებზე საუბრობს.
– ქალბატონო ნაზი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 20 კაციანი სიიდან 14 დამტკიცებულია. როგორია თქვენი შეფასება?
– პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით ჩინჩალაძის კლანი კიდევ უფრო გააძლიერა. ამით შექმნა ძალიან სერიოზული საფრთხეები. სასამართლო სისტემაში შეიძლება დაიწყოს რეპრესიები და საკმაოდ დაიძაბოს ვითარება. ასე გაძლიერებული კლანი ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითონ სისტემის შიგნით მოსამართლეებისთვის.
გამოსავალი მაინც არსებობს. გამოსავალი არის ხალხში, ამ ქვეყნის მოქალაქეებში. ძალიან მენიშნა პარლამენტთან თავისი პროტესტის გამოსახატად მოსული სხვადასხვა ჯგუფები.
პოლიტიკოსების გარდა, ამ მოსამართლეების დანიშვნას ახალგაზრდები აპროტესტებდნენ. არასოდეს ამ საკითხზე ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. ეს ჩემი თვალით ვნახე. ამიტომ, თუ ყველა მობილიზდება და ეს იქნება ხახის ნება, სასამართლოში მართლაც შეიძლება რეალური ცვლილებები.
– გვიან არ არის?
– გვიან არ იქნება, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამუდამო არაფერი არ არის და ეს უნდა იცოდეს ჩინჩალაძემაც და იმ ხალხმაც, ვინც აირჩიეს.
– ელოდით, რომ ოდიოზური კანდიდატები მაინც გავიდოდნენ?
– ვფიქრობდი, 5-6 კანდიდატს აირჩევდნენ და არა – 14 კანდიდატს. როგორც ჩანს, ყველაფერზე მიდიან. უცებ, ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს ასე შევსება და დაკომპლექტება ბოლოს როდის იყო, არ მახსოვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი იყო: მხოლოდ შენ არ დააკომპლექტო, სხვა ხელისუფლებასაც დაუტოვე ეს შანსი.
– უმრავლესობა ამბობს, რომ ჩააგდეს ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.
– ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი გარკვეულ კანდიდატებს ჩააგდებდნენ, მაგრამ ალანიას და გეწაძის ჩაგდებას ნამდვილად არ მოველოდი. თუმცა, მათ შანსი კიდევ აქვთ.
– მეორე ეტაპზე?
– დიახ!
– ასეთი პროტესტის მიუხედავად, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, ხელისუფლებამ თავისი გაიტანა. ეს არის გზავნილი ზოგადად საზოგადოებისადმი თუ გარკვეული ჯგუფისადმი?
– გზავნილი ყველას ეკუთვნის და ის ასეთია: არ მაინტერესებს თქვენი აზრი! მე ჩემსას მაინც გავიტან, მაგრამ ხელისუფლება პარადოქსულ ვითარებაში იმყოფება.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა და იმ პოლიტპატიმრების მოსამართლეები დააწინაურა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. რა გამოდის?! მან სრულად გადაიფორმა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა.
ეს კიდევ უფრო უარესი ფორმით გააკეთა, რადგან ახლა უფრო რთული ვითარებაა, კლანი ბევრად უფრო ძლიერია. მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი მაშინ ხმას ვერც კი ამოიღებდნენ, მორჩილი შემსრულებლები იყვნენ, ახლა აქტორები გახდნენ. მოთხოვნები აქვთ, რასაც ხელისუფლება უსრულებს. ეს ვითარება “ქართულმა ოცნებამ” შექმნა თავისი გადაწყევტილებებით, რაც 12 დეკემბერს დააგვირგვინა კიდეც.
– ამერიკის საელჩოს განცხადება შეიძლება დამაფიქრებელი იყოს ვინმესთვის? იქ პირდაპირ საუბრობენ დაბალ კვალიფიკაციაზე.
– კარგი განცხადება იყო. ამერიკის შეერთებული შტატები იმდენ ფულს ხარჯავს საქართველოს სასამართლო სისტემაზე, ყველა მოსამართლე მიჰყავს ამერიკაში, უნარ-ჩვევბი რომ გაიძლიერონ. მეტი ცოდნა რომ მიიღონ. უხსნიან, ასწავლიან, მაგრამ ამ ხალხისგან არაფერი გამოდის. ცხადია, უმრავლესობაზე ვსაუბრობ და არა – 1-2 ღირსეულზე.
როდესაც ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მას ვერანაირი ტრენინგი ვერ შველის. ღირსება სწავლებადი არ არის. ან ხარ ღირსეული ან არ ხარ!
თამარ ზამბახიძეს მინდა მივმართო, რომელზეც ამბობენ, რომ ყველაზე კვალიფიციურია – არ რცხვენია?! მას სკამი რომ არ დაეკავებინა, ამისთვის ხალხი გარეთ, ქუჩაჩი იდგა და ამ პროტესტის გამო ეს ხალხი დააკავეს. მე პარლამენტში არ შემიშვეს, რომ კენჭისყრას დავსწრებოდი! აი, ამ ფონზე აირჩიეს.
მათთვის მთავარია კარიერა, თანამდებობა და ფული.