ნიკა გვარამია პროკურატურაზე – ”მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”

ნიკა გვარამია პროკურატურაზე - ”მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრამდე გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების, ამორიცხვა მოითხოვა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი და ნებისმიერი იურისტისთვის კარგად ცნობილია ის, რომ მოსაზრება არ შეიძლება მტკიცებულება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე.

ამასთან, პროკურატურამ მოითხოვა, რომ დაცვის მხარემ დასაკითხთა სიიდან 45 პირი ამორიცხოს.

“ბუნებრივია, რომ ის, როგორც მოსაზრება, შეიძლება დაერთოს, თუმცა არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულების ძალა და როგორც მოწმე, არ უნდა იყოს შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში. ეს არის იურისტებისთვის ანა-ბანა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ასეთი შეცდომა დაუშვეს მსგავსი დონის იურისტებმა. სწორედ ამიტომ დავაყენეთ ეს შუამდგომლობა.

რაც შეეხება დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეების ამორიცხვას, მათ დასაკითხ პირთა სიაში დაახლოებით 45 ისეთი პირი ჰყავთ შეყვანილი, რომელთა გამოკითხვის ოქმები წარმოდგენილი არ აქვთ. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით განსაზღვრავს, რომ მოწმე უნდა იყოს გამოკითხული, მხარეებსა და სასამართლოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით აპირებენ ისინი სასამართლოში ამ მოწმეების დაკითხვას.

ბუნებრივი, ეს ჩანაწერი, რაც არის საპროცესო კოდექსში, დარღვეულია დაცვის მხარის მიერ და სწორედ ამ არგუმენტის გამო მოვითხოვეთ, რომ 45 პირი ამორიცხული იქნას დასაკითხთა სიიდან”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კითხვაზე,თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა პროკურატურა, რითაც ნიკა გვარამიას ბრალეულობა იკვეთება, პროკურორი განმარტავს,რომ ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით მთავარი მტკიცებულება არის დოკუმენტები.

ზვიად გუბელაძის განცხადებით, ეს არის ხელშეკრულებები, გადარიცხვები და ა.შ.

მისი თქმით, ყველა ეს დოკუმენტი ბრალდებულების ბრალეულობაზე მეტყველებს. პროკურორის თქმით, ამის გარდა წარმოდგენილია რევიზიის დასკვნები, მოწმეთა ჩვენები, რაც ასევე სამივე ბრალდებულის ბრალეულობას ამტკიცებს.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურას ძალიან აწუხებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

“მოითხოვეს მისი ამორიცხვა საქმის მასალებიდან. ალბათ იმედოვნებდნენ, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში გადმოგზავნილი არ ყოფილა, მათთვის ეს უცნობი იყო და მერე გაიგეს, რომ ეს მოსაზრება სახალხო დამცველს სასამართლოშიც აქვს წარმოდგენილი.

რაც შეეხება მოწმეების დამატებას, დიახ, გამოძიებამ არ გამოკითხა ის პირები, ვინც აუცილებლად უნდა გამოეკითხა წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეს გახმოვანდა ეს შუამდგომლობა, დასაკითხ მოწმეთა სიას დაემატოს პირთა გარკვეული რაოდენობა, მათ შორის, ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური და ა.შ. და მათი დაკითხვა მოხდეს არსებითი განხილვის დროს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ დასაკითხ პირთა სიიდან 45 პირი უნდა ამოირიცხოს, ადვოკატი განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს პროკურორი იურიდიულ ანაბანაში. საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით წარადგინა.

ბრალდებულ ნიკა გვარამიას თქმით კი, პროკურატურა სამარცხვინოდ მოქმედებს.

“პროცესუალური ნაწილი უფრო ადვოკატების საქმეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილშიც ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან.

ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ, სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ახლა აქ ესენი წარმოადგენენ.

მართლა სამარცხვინოა. საქართველოს პროკურატურა არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იპნ