ნიკოლოზ მჟავანაძე – “თუ პრეზიდენტი არ გადადგება, სახელმწიფო გადატრიალება მოხდება”

ნიკოლოზ მჟავანაძე - "თუ პრეზიდენტი არ გადადგება, სახელმწიფო გადატრიალება მოხდება"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს.
– ბატონო ნიკოლოზ, არ ცხრება საზოგადოების ვნებათაღელვა სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო, რომელიც მან ჯართან დაკავშირებით გააკეთა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს, დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. რას იტყვით თქვენ? ქართული კარგად არ იცის და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებსო, ასე “აპრავებენ” მას.
– ამ ქვეყანაში ყველფერი გამიგია, ნაცების მომხრეები, მათი “გამპრავებლები”, “ოცნების” მომხრეები, მაგრამ სალომეზე რომ ადამიანი თავს გაიგიჟებს და მის გამართლებას დაიწყებს, ვხედავთ, რაც ხდება სოცქსელში, ასე არ უგულისხმია და ასე შემდეგ. ჩვენ ავდგეთ და ვიმკითხაოთ, რა იგულისხმა და რისი თქმა უნდოდა სალომეს?!
კი ბატონო, გავიგეთ, რომ ამ ქალმა არც ქართული იცის წესიერად და არც ფრანგული, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?! ეს ბოლო განცხადება, რაც მან ჯართან დაკავშირებით გააკეთა, არ იყო შეცდომა და არ იყო ქართული ენის არცოდნის გამო გაკეთებული განცხადება.
– მიზანმიმართულად თქვა?
– ამას უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. პირადად მე ისეთი დიდი შოკი მივიღე ამ განცხადების გამო, რომ რა გითხრათ.
ის ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ, უამრავი ჯარისკაცი, რომელმაც აფხაზეთში იომა, სამაჩაბლოში იომა, ბევრმა ჯანმრთელობა დაკარგა, ბევრმა სიცოცხლეც შეწირა, ეს ქალბატონი გამოდის და მათ ეუბნება, ჩვენ ჯარი არ გვყავსო. არც გვეყოლებაო, არც იარაღი გვაქვსო.
ეს ქალბატონი ამას იძახის იმ ფონზე, როდესაც თითქმის საომარ მდგომარეობაში ვართ. არ არსებობს საზღვრის დემარკაცია, ჩვენ გარშემო არიან ქვეყნები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რაღაცა წაგვართვან. ვინ უნდა დაიცვას ეს ტერიტორიები თუ არა ჯარმა?! მარტო რუსეთთან კი არა, ყველასთან პრობლემა გვაქვს, ვინც ჩვენ გარშემოა. აქ სხვა ამბავია.
– რა ამბავი?
– ეს ქალი ასრულებს უცხო ქვეყნის დავალებებს და ვინაიდან საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ ხორციელდება მშვიდობიანად, მშვიდობიანად ხალხი არ გამოდის, ეს არის საწინდარი იმისი, რომ საქართველოში გამოვიდეს ჯარი და სამხედრო ძალით ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება.
მე ნაცებზე არ ვაკეთებ აქცენტს, შესაძლოა, ამის უკან სულ სხვა ძალა იდგეს. დასავლეთი თუ რუსეთი, ეს არ არის დადგენილი, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარში ამან გამოიწვია იმხელა ვნებათაღელვა, რომ გამოვიდა თავდაცვის მინისტრი და გააკეთა განცხადება, რომ ის ემიჯნება ამას. ჯარისკაცები ყურებს ვერ დაიხშობენ და მათაც ესმით პრეზიდენტის განცხადებები.
– და ეს ყველაფერი სახიფათოა?
– ძალიან. საქართველოში სამხედრო ამბოხი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოხდა ძალიან პრიმიტიული რაღაცის გამო, რომ ზვიად გამსახურდიამ თავდაცვის სამინისტროს შენაერთები შეიყვანა შინაგან ჯარში.
ეს მან ჯარის დასაცავად გააკეთა, თუმცა ამას სხვა ამბები მოჰყვა, გამოვიდა კიტოვანი და გაიძახოდა, ჯარს გვიუქმებენ, საქართველოს პრეზიდენტი ჯარის წინააღმდეგ მიდისო და ბევრი ჯარისკაცი წამოეგო ამ პროვოკაციას, გავიდნენ ქუჩაში და ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში დაპირისპირება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჯარისკაცები რომ სალომეს ამ განცხადებებს უსმენენ, რომ ჯარი არ გყავს, არც გეყოლება. ეს რას ნიშნავს?! პრეძიდენტს რომ ეთქვა, რომ პრობლემებია ჯარში, ხმას არავინ ამოიღებდა.
– რას უმიზნებს სალომე ზურაბიშვილი?
– თუ სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, თუ არ მოხდება მისი დაუყოვნებლივ გადაყენება, დიდი ალბათობით, საქართველოში მოხდება სახელმწიფო გადატრიალება ჯარისკაცების მიერ! დიახ, თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამას ვერ აღუდგება ვერავინ.
ვაფრთხილებ ხელისულებას, რომ ამის ალბათობა ძალიან მაღალია. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან ადვილია მანიპულირება ჯარის ნაწილებზე. რაც არ უნდა თავი გაიგიჟოს ღარიბაშვილმა, ამ სიტუაციას აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მყოფი ძალები და ჯარისკაცებს ეტყვიან: აი, თქვენ გეომებათ თქვენი მთავარსარდალი. არ არის გამორიცხული რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნას ხელისუფლების ჩამოგდებისათვის.
– თავდაცვის მინისტრი გაემიჯნა პრეზიდენტის ამ განცხადებას.
– იმის თქმა თავდაცვის მინისტრისგან, რომ ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, არ კმარა!
ქართველმა ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ არ მოსულიყო ნაცმოძრაობის ლიდერი ვაშაძე. სალომე ზურაბიშვილი არავის სჭირდებოდა. უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები, რადგან ეს არის სახელმწიფო ღალატის შემცველი განცხადებები!
– ვის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი?
– იმ ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისგანაც იმართება. მათ წისქვილზე, ვისაც დღეს საქართველოში სურს ხელისუფლების ცვლილება.
– ეს არის რუსეთი?
– შეიძლება რუსეთიც არ იყოს და იყოს სრულიად სხვა ქვეყნები. რატომ გვგონია, რომ ამ პროცესებში მარტო რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობენ ამ ყველაფერში?! სხვა ქვეყნებიც არიან. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთიც იყოს ჩართული ამ ყველაფერში.